მამუკა გორგოძე: „მაქსიმალისტი ვარ, მაჩანჩალობა ჩემი საქმე არაა“!

0
34

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი „შვებულების“ შემდეგ, მამუკა გორგოძე მოედანს გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა. ოთხთვიანი უქმობის მერე, სულ ოთხი მატჩი ვითამაშე და სალაპარაკო რა არისო?! – ჩვეულად თავმდაბალია „გორგოძილა“. თუმცა, უარი არც ამჯერად გვითხრა და მაინც ვილაპარაკეთ – „ტულონზეც“, საქართველოს ნაკრებზეც და კარს მომდგარ მსოფლიო თასზეც.

  • სამ თვეზე მეტი გამიცდა და ცხადია, მომენატრა საყვარელი საქმე. რაგბის თამაში არასდროს მბეზრდება – თუ ჯანი საშუალებას მაძლევს, თამაში სულ მენატრება, ბავშვივით მწყურია მოედანზე გასვლა. როცა მენტალურად „დაიღლები“ თამაშით, ვარჯიშის და თამაშის სურვილი აღარ გექნება, მაშინ გაქვს საქმე ცუდად…
  • ჩანს, ასეთი რამ ჯერ არ გემუქრება…
  • საბედნიეროდ, ჯერ არა, თუმცა, ყველამ იცის, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი ძველებურად ვეღარ მიჰყვება გონებას, ტრავმასაც უფრო ხშირად იღებ… თორემ ჯანზეც ძველებურად ვარ: მოსამზადებელი ეტაპიც კარგად გავიარე, შერკინების მოთამაშეებს შორის, ხუთეულში ნამდვილად ვიყავი სირბილშიც და სიმძიმეების აწევაშიც! როცა ამბობენ – აი, კლუბში ხომ თამაშობსო, იმას რატომ არავინ უსვამს ხაზს, რაც ნაკრებიდან წავედი, სულ ათიოდე თამაში რომ მაქვს ნათამაშები?! რამდენიმე მატჩს წაითამაშებ და ყველას ჰგონია, რომ არაფერი გაწუხებს… კარგად ვარ, არც მჩვევია და არც ახლა ვწუწუნებ, მაგრამ ხომ ყველამ ნახა, რამდენი ოპერაცია გადავიტანე?! აქამდე, ქირურგიული ჩარევა არასდროს დამჭირვებია, ათი თვის განმავლობაში კი ორი ოპერაცია გავიკეთე.
  • ეს არც არის გასაკვირი – მორაგბეები წლების განმავლობაში უძლებთ უზარმაზარ დატვირთვას…
  • მყესის გაწყვეტაც ასაკობრივი ტრავმა იყო. ვიმეორებ – წუწუნში არ ჩამითვალოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში, მყესიც სუსტდება, სახსარიც და კუნთიც… ახლა ფიზიკურადაც კარგად ვგრძნობ თავს და არც მონდომება მაკლია. თავს არ ვიქებ, მაგრამ ამ ასაკში, ბევრს დაბრუნებაც კი გაუჭირდებოდა – კონტრაქტი ხომ მაქვს და რა მენაღვლება, როცა იქნება, დავბრუნდებიო… მე კი მაქსიმალისტი ვარ, მაჩანჩალობა ჩემი საქმე არ არის, მინდა, კარიერა მაღალ დონეზე დავასრულო და მერწმუნეთ, ასეც იქნება, თუ კიდევ არ მივიღე ტრავმა…
  • ვერც ვერავინ წარმოიდგენს, რომ მამუკა გორგოძეს შეუძლია, უთამაშებლად აღებული ხელფასით კმაყოფილი იყოს!
  • სამწუხაროდ, ასეთიც ბევრია… ვინმეზე კარგ ბიჭად კი არ მომაქვს თავი, მაგრამ მე მართლაც არ შემიძლია ასე.
  • მოედანზე დაბრუნებისთანავე, ყოფილ კლუბ „მონპელიეს“ ლელოც გაუტანე და ბოჭვებშიც საუკეთესო იყავი, მომდევნო მატჩებიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყე.
  • კარგ ფორმაში ვარ, „მონპელიესთან“ კი ყოველთვის ორმაგი მონდომებით ვთამაშობ. ცოტა დავიღალე, მაგრამ 34 წლის ასაკში კი არა, ზედიზედ ხუთი მატჩის თამაში, გაცილებით ახალგაზრდა მორაგბისთვისაც რთულია. მით უმეტეს, საფრანგეთის ტოპ-14-ში, რომელიც, მსოფლიოში ყველაზე რთული და მომქანცველი ჩემპიონატია!
  • ამის მიზეზი ლეგიონერების სიმრავლეა?
  • არამხოლოდ. ტოპ-14-ში ძალიან კონტაქტური, დამღლელი თამაშებია, ასეთ ხანგრძლივი ტურნირი სხვა არც ვიცი… „სუპერ რაგბიში“ და ინგლისის ჩემპიონატში სულ მაგარი ჯახია, მაგრამ ამაზე მძიმე სათამაშო მაინც არ არის! საფრანგეთის ჩემპიონატში ინგლისური კლუბებიდან ჩამოსულმა ვერცერთმა ვარსკვლავმა ითამაშა. მით უმეტეს – პირველივე სეზონში…
  • თუმცა „ტულონის“ ჩავარდნა ამ ფონზეც კი ძალიან რასკვირველია… რა სჭირს შენს კლუბს?
  • რა გითხრათ… ყველა ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ მწვრთნელების და მოთამაშეების ხშირმა ცვლამ „ტულონზე“ ძალიან უარყოფითად იმოქმედა. შარშან ხუთი (!) მწვრთნელი გამოიცვალეს, 7-8 წამყვანი მოთამაშე გაუშვეს, მათ შორის – მაა ნონუ, ჰაბანა, ვერმიულენი, რადრადრა და სხვ. პრობლემებით შევხვდით ახალ სეზონსაც: შეკრებაზე ვერ წავედით, ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო მწვრთნელის ვინაობა და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ უნდა ვიყოთ ცხრილში ასე ქვევით. თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ამ სეზონშიც მოვასწრებთ „დალაგებას“ და პლეი-ოფშის საგზურსაც მოვიპოვებთ!
  • შეძლებთ მე-11 ადგილიდან პლეი-ოფის ზონამდე ასვლას?!
  • ძალიან რთული იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. კალენდარიც კარგი გვაქვს – მომდევნო ხუთი მატჩი შედარებით სუსტ მეტოქეებთან გვიწევს და ყველა თუ მოვიგეთ, შანსი ჩნდება…
  • ჩემპიონთა თასზე უკვე დაკარგეთ ჯგუფიდან გასვლის შანსი. „ტულონის“ ექსცენტრიკული პრეზიდენტი, ალბათ, გაცოფებულია…
  • თავადაც ხვდება, რომ მწვრთნელების ხშირი შეცვლა არასწორი იყო. „ტულონის“ ახლანდელი თავკაცი კარგი მწვრთნელია, ბევრსაც მუშაობს და მეც მენდობა, მაგრამ გუნდის დალაგება ადვილი არ არის. არც „მონპელიეს“ ჰყავს ჩვენზე ნაკლები მოთამაშეები, მაგრამ წელს მათაც სერიოზული პრობლემები აქვთ.
  • „ტულონში“ კიდევ ერთი წელი რჩები?
  • ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ვარჯიშის განახლების შემდეგ, ისე ვიყავი მონდომებული და იმდენად ბევრი ვივარჯიშე, მთელი სხეული მტკიოდა – მხრები, იდაყვი, მუხლი, სახსრები… ისეთ დღეში ვიყავი, გაისად თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ მატჩები რომ განახლდა, ტკივილმა გაიარა და ახლა უკეთ ვარ.
  • ეროვნული ნაკრებიდან წასვლის მიუხედავად, ბუნებრივია, თამაშებს თვალს ადევნებ. რა შეიცვალა ბორჯღალოსნებში, როგორია „გარედან“ დანახული საქართველოს ნაკრები?
  • ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა, ბოლო დროს, ხაზის მოთამაშეები გაცილებით მეტად აქტიურობენ და ლელოებიც უფრო ხშირად გააქვთ. ბიჭებმა იტალიასთანაც ჩინებულად ითამაშეს. არ დაგიმალავთ, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, ვფიქრობდი – ჩვენთან შედარებით, იტალია ჯერაც ბევრად წინ არის-მეთქი, მაგრამ ქართველებმა საპირისპიროში დამარწმუნეს. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და მაინც დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. შემდეგ, მოვუგეთ ტონგას და სამოას, რომლებიც ნამდვილად არ არიან იოლად დასამარცხებელი გუნდები. კარგია, რომ ქართველი გულშემატკივარი მოგებებს მიეჩვია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, არც ისე დიდი ხნის წინ, ტონგას დამარცხება სანატრელი რომ გვქონდა! ახლა კი, თუ ვეღარ მოვუგეთ, უკვირთ…
  • სამწუხაროდ, იტალიასთან ასე ნანატრი თამაშის შესაძლებლობა ჩვენთვის არცთუ სახარბიელო დროს მოგვეცა.
  • იტალიელები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გვეთამაშნენ, აკლდათ მხოლოდ პარისე, რომელიც, ბოლო დროს ვეღარც არის ჩვეულად სასარგებლო. თანაბრად ვეთამაშეთ იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მთავარი „კოზირები“ ვერ გამოვიყენეთ – შერკინებაში ვერ დავჩაგრეთ (ჩემი აზრით, დაახლოებით თანაბარი მაჩვენებელი გვქონდა), მოლში კი გვაჯობეს. პირველი არც გამკვირვებია, რადგან იტალიას უძლიერესი შერკინება ჰყავს და „ექვს ერში“ თუ რამეს აღწევს, სწორედ ამის ხარჯზე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, შერკინებაში აშკარად რომ დავჯაბნოთ და მოლში მივაწვეთ?! დასანანი ლელოები რომ არა, ამხელა სხვაობაც არ უნდა ყოფილიყო. როგორ შეიძლება, იტალიასთან წაგებული მატჩით კმაყოფილი იყო, მაგრამ დანაკლისის გათვალისწინებით, ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ოპტიმალური შემადგენლობით, ნეიტრალურ მოედანზე სულ სხვა თამაში იქნება!
  • იტალიაც ძალზე მობილიზებული და მოტივირებული შეხვდა იმ მატჩს. ცდილობენ, ყველას დაუმტკიცონ, რომ მათ კონკურენტად არ გამოვდგებით. ეგ კი არა, იქადნებოდნენ: 5-6 წლით დაგავიწყებთ „ექვს ერზე“ ფიქრსო…
  • გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული მონდომებით ითამაშეს საკუთარ მოედანზე, მანამდეც დაასვენეს გუნდი და მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. მეტი ასეთი მატჩი გვჭირდება, მაგრამ ამ ერთი თამაშითაც ვერავინ იტყვის, რომ იტალიამ აშკარად გვაჯობა. ჩვენი ძლიერი მხარეები ჯეროვნად ვერ გამოვიყენეთ, თორემ ანგარიშში სხვაობა გაცილებით მცირე იქნებოდა. რაც შეეხება „ექვსი ერის“ „დავიწყებას“, ქართულ რაგბზე ძალიან მაღალი შეხედულების მქონე ფრანგები გაკვირვებულები მეკითხებოდნენ – იტალიამ როგორ მოგიგოთო?! ტურნირზე მუდმივი წაგებებით იტალიას უკვე ძალიან აქვს სახელი გატეხილი, ყველა „ხის კოვზის ჩემპიონებს“ ეძახის. ამდენი ხანს ჩვენ რომ გვეთამაშა „ექვს ერში“, იტალიაზე გაცილებით დიდი პროგრესი გვექნებოდა… მაგრამ „ექვსი ერი“ კომერციული ტურნირია და რატომ მოუნდებათ ისეთი ქვეყნის დამატება, სადაც ქომაგს ბილეთში 10 ლარის გადახდაც უჭირს?!
  • რამდენიმე თვეში იწყება მსოფლიო თასი, სადაც საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ჰყავს…
  • ავსტრალიასა და უელსზე ახალი რა უნდა ვთქვა?! დარწმუნებული ვარ, უელსთან ტესტ-მატჩისგან განსხვავებულ თამაშს ვნახავთ. რაც შეეხება ფიჯის, სამოასთან და ტონგასთან შედარებით, ამ გუნდს აშკარა პროგრესი აქვს და ბოლო პერიოდში ორივეს გაასწრო! ფიჯელი მორაგბეები ტოპ-14-ს და ინგლისის ჩემპიონატს აზანზარებენ, ამ ნაკრებს ძლიერი მწვრთნელი რომ ჰყავდეს და კოლექტიური თამაში იცოდნენ, მსოფლიო თასზე, მინიმუმ ნახევარფინალში გავიდოდნენ ხოლმე! გუნდურობა აკლიათ და უკეთეს შედეგს ამის გამო ვერ აღწევენ. ბოლო მატჩებში შერკინებაც გააუმჯობესეს და ამ კომპონენეტში საფრანგეთმაც კი ვერაფერი დააკლო. საქართველოსთან მატჩში ფავორიტი ფიჯი იქნება, მაგრამ თუ ორგანიზებულად ვეთამაშებით და მათთვის ბურთის „დამალვას“ შევძლებთ, ჩვენი შანსები გაიზრდება.
  • გამოდის, ჩვენი „საკბილო“ ურუგვაიღა ყოფილა?
  • მსოფლიო თასზე გარანტირებულ მოგებას ვერავისთან დაგეგმავ, თუმცა ურუგვაისთან ნამდვილად ფავორიტები ვიქნებით.
  • ჯგუფურ ეტაპს უელსით ვიწყებთ და ავსტრალიით ვასრულებთ. აქვს კალენდარს რაიმე მნიშვნელობა?
  • სიმართლე გითხრათ, მსოფლიო თასზე არ მიმიქცევია ყურადღება. აი, ნოემბრის ტესტების დროს კი, პირველ თამაშში ყოველთვის პრობლემები გვაქვს ხოლმე, ბოლო ორ მატჩს კი თითქმის სულ ვიგებთ.
  • მსოფლიო თასზე მოთამაშე საქართველოს ნაკრების „შორიდან“ ყურება არ გაგიჭირდება?
  • გამიჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მარადიული არაფერია, მჯობნის მჯობნი კი არ დაილევა… მთავარია, რომ როცა უკან მივიხედავ, არ მრცხვენია ჩემი კარიერის, მეტიც – ვამაყობ კიდეც! კაცურად დავასრულე ნაკრებში თამაში, უკან არასდროს დამიხევია და არც ამ გადაწყვეტილებას ვნანობ… ნაკრების თამაშის შორიდან ყურება რთული იქნება, მაგრამ უკვე ორი წელია, ამას შეგუებული ვარ…
  • ვიცით, რატომაც გადაწყვიტე ნაკრებიდან წასვლა – გინდა, ქომაგს საუკეთესო ფორმაში მყოფი ახსოვდე და ამავდროულად, არც ახალი გუნდის შენებას „შეუშალო ხელი“… მაგრამ მაინც უნდა გკითხო: არ ფიქრობ, რომ ნაკრებიდან წასვლა, გარკვეულწილად, ეგოისტური გადაწყვეტილება იყო?
  • შესაძლოა, ვინმე ასე ფიქრობდეს, მაგრამ ჩემი კარიერის შემდეგ, არ ვარ იმის ღირსი, ჩემს თავზე ვიფიქრო და ჩემებურად გადავწყვიტო?! შეგიძლიათ, ეგოისტური დაარქვათ, მაგრამ მირჩევია თქვან – მამუკა რომ გვყოლოდა, უკეთ ვითამაშებდითო, ვიდრე ის იფიქრონ – დაბერდა და წასვლა ვერ გაიგოო… გულშემატკივარმა ხომ არ იცის, რას განვიცდი და როგორ მდგომარეობაში ვარ? ჩემი გადაწყვეტილების სისწორე კი იმანაც აჩვენა, რომ ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, „სული ვეღარ მოვითქვი“, თითქმის სულ ტრავმირებული ვიყავი… არადა, მანამდე სად გინახავთ ჩემი ტრავმა?!
  • ეროვნულ ნაკრებში ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი. მათზე რას იტყვი?
  • მწვრთნელი ყოველთვის მართალია და სხვებზე უკეთ იცის, ვის და როდის მისცეს შანსი. ხაზის მოთამაშეები ადრეულ ასაკში „იხსნებიან“ და მორკინალებთან შედარებით, უფრო ადრეც ამთავრებენ კარიერას. ამიტომაც, არ უნდა მოვერიდოთ მათთვის შესაძლებლობის მიცემას. თუმცა, კიდევ ვამბობ -მწვრთნელმა ჩემზე კარგად იცის, ვინ როდის ათამაშოს.
  • ტრავმის გამო, მთელი შემოდგომა გქონდა იმაზე საფიქრალად, რას გააკეთებ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ. მოიფიქრე?
  • სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე ჯერ არ მიფიქრია… ერთი კი ვიცი, რომ რაშიც შემეძლება და დავჭირდები, ყოველთვის დავეხმარები ქართულ რაგბის. მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები – თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ შემიძლია რაღაც შევმატო ქართულ რაგბის, მის გვერდში ვიქნები როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა…
რატი შელეგია