ფიფა: “სფფ წარმატებით მიჰყვება საქართველოში ფეხბურთის განვითარების გზას”

0
8
  • სფფ მსოფლიო ფეხბურთის აქტიური შემადგენელი ნაწილია და წარმატებით მიჰყვება საქართველოში ფეხბურთის განვითარების გზას
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე რამდენიმე წელია ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე
  • 2018 წელს საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი
  • ამ წარმატების ერთერთი მთავარი წინაპირობა სფფ-ის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა და თავდადება იყო

ინგლისელმა მეზღვაურებმა ფეხბურთი XX საუკუნის დასაწყისში შავი ზღვისპირა ქალაქ ფოთში ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს, რის შემდეგაც საქართველოში ფეხბურთზე შეყვარებულ ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. ხუთმილიონიანი ერის დიდი ნაწილი დღეს ფეხბურთის გულშემატკივართა რიგებში იმყოფება. თუმცა, ქართველებს მხოლოდ 1990 წელს, პირველად მიეცათ საკუთარი ეროვნული ნაკრების ქომაგობის საშუალება, მანამდე კი მათი ვარსკვლავები საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ. დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) მსოფლიო ფეხბურთის აქტიური შემადგენელი ნაწილია და წარმატებით მიჰყვება საქართველოში ფეხბურთის განვითარების გზას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე რამდენიმე წელია ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით ფედერაციას აქტიურად ეხმარება ფიფა-ს პროგრამა FIFA Forward.

ზემოაღნიშნული ხედვის განხორციელების პროცესში დიდი ნაბიჯი გადაიდგა ქალაქ რუსთავში ტექნიკური ცენტრის მშენებლობის დასრულებით. თბილისიდან 30 კმით დაშორებული ობიექტი თანამედროვე ცენტრად გარდაიქმნა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს. ამისთვის უზრუნველყოფილ იქნა მოედნების განათების ახალი სისტემის, ასევე გარე პერიმეტრის განათების დამონტაჟება ადგილობრივ მიმწოდებელთა მხარდაჭერით.

ამასთანავე, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ელექტროენერგიის მომარაგების ახალი სისტემა, დიდი ზომის სათამაშო მოედნები და საცხოვრებელი კორპუსი. დღევანდელ პირობებში, მოედნის განათების ადეკვატური და მდგრადი სისტემის ქონა ნებისმიერი ობიექტისთვის წარმოადგენს ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელ წინაპირობას. აუცილებელია თითოეული სათამაშო და სავარჯიშო მოედნისთვის სწორი განათების შერჩევა, რაც ყველა ასაკის ფეხბურთელებს მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს უსაფრთხო და ეფექტურ გარემოში ვარჯიშის საშუალებას მისცემს.

2018 წელს საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. ქართველებმა ყაზახეთში ამ ახალი ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის გატანა მოახერხეს, შემდეგ კი ლატვია და ანდორაც დაამარცხეს და ორი ტურით ადრე გაინაღდეს ჯგუფში პირველობა და C ლიგაში დაწინაურება. ამ წარმატების ერთერთი მთავარი წინაპირობა სფფ-ის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა და თავდადება იყო. ყველასთვის ხელმისაწვდომი, ინოვაციური და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებამ ამ პროცესში უდავოდ დიდი როლი ითამაშა.

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები და ახალი თაობები აღნიშნული შრომის შედეგებით ხანგრძლივ პერსპექტივაშიც ისარგებლებენ.

მომზადებულია: FIFA.com მიხედვით