ლორიაც “ტობოლში” მიდის

0
18

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ყაზახურ ”ტობოლში” ჩაირიცხება. ყაზახური prosports-ის ცნობით ლორიამ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია.
”ტობოლში” ქართველი ფეხბურთელები, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა გამოდიან, ლორიას დამატების შემდეგ კი ყაზახურ კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების 3 წევრი ითამაშებს.
ლორიას გადაბირება თურქეთის სუპერლიგის ”ახისარსაც” სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
ლორიათი დაინტერესებული ნებისმიერი კლუბი ქართველ მოთამაშეს უფასოდ დაიმატებას, რადგან 32 წლის მეკარე ”კრილია სოვეტოვიდან” წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია.
უგუნდოდ მყოფმა ლორიამ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. გასული წლის სექტემბერში რუსული კლუბის დატოვების შემდეგ ლორია ფორმის შენარჩუნების მიზნით ყოფილ კლუბ თბილისის ”დინამოში” ვარჯიშობდა.
2015 წელს გიორგი ლორიამ პირეოსის ”ოლიმპიაკოსი” დატოვა და ”კრილია სოვეტოვის” ფეხბურთელი გახდა.  2017-18 წლების სეზონი განათხოვრებით ”ანჟიში” გაატარა, შემდეგ კი სამარულ კლუბს დაუბრუნდა.
საერთო ჯამში ლორიამ რუსეთის პრემიერლიგაში 52 მატჩი ჩაატარა. რუსული გამოცემების ვერსიით არაერთხელ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რუსული კლუბების გარდა ლორიას თბილისის ”დინამოსა” და ბერძნული ოფი-ს შემადგენლობაში უთამაშია.