კონტინენტის ფარი – “ლოკომოტივმა” თავისი საქმე შეასრულა

0
3

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იტალიური ‘ფიამე ორო’ 47:10 დაამარცხა და თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა.

საქართველოს ჩემპიონმა რომაელებს 6 ლელო გაუტანა, რომელთაგან ორი ბექა წიკლაურის ანგარიშზეა. ფულბეკმა გუნდს კიდევ 17 ქულა შესძინა, აქედან სამი 55 მეტრიდან გატანილი ულამაზესი არეკნით.

რკინიგზელებისთვის ეს იყო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი და ზედიზედ მესამე გამარჯვება კონტინენტის ფარზე, თუმცა გავლენ თუ არა ისინი ტურნირის ნახევარფინალში, კვლავ იტალიელებზეა დამოკიდებული. 19 იანვარს ჩვენგან ძლეული ‘ფიამე ორო’ ‘კალვიზანოს’ მასპინძლობს და თუ არ დამარცხდა, მაშინ ‘ლოკომოტივი’ ჯგუფში პირველ ადგილს შეინარჩუნებს.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში მასპინძლებმა სტუმრებს პრაქტიკულად ყველაფერში აჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. დებიუტში თბილისელებმა ჯარიმები არ დაარტყეს და ლელოზე ითამაშეს, მაგრამ მეტოქემ თავი დაიცვა. მე-10 წუთზე წიკლაურმა აღარ გარისკა და კარის წინიდან გარანტირებული 3 ქულა აიღო, მალე კი ორი ლელო გავიდა.

იტალიელებმა ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანეს და ცენტრში დანიშნული შერკინებიდან ზვიად მაისურაძემ შეუტია, 30-მეტრიანი რეიდი მოაწყო და ხაზში გატანილი ბურთი წიკლაურმა ფეხით შეაცურა. მცველს ისღა დარჩენოდა ის აეღო და საკუთარ ლელოში გადაედო. 5-მეტრიანი შერკინებიდან მეორე მიძალების შემდეგ, გაგა არაბულმა მცველს გადაუარა და ბურთი ძელებსშუა შეიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა.

მე-18 წუთზე სტუმართა ხაზი ლევან გოგოლაშვილმა გაარღვია და დიდი მანძილი მოიგო, ფრთაზე გოშა შკინინი დაიჭირეს, თუმცა ორი ფაზის შემდეგ შეტევა კვლავ მოკლე ფრთაზე შეტრიალდა და ამჯერად შკინინი მცველს გაექცა – 15:0. შესვენებამდე თამაში გათანაბრდა, გარკვეული დროით უპირატესობას ‘ფიამე ორო’ დაეუფლა და ტაიმის მიწურულს ერთი ლელოც გაქვითა.

შესვენების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. წიკლაურს დებიუტში ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა ორიოდე წუთში 55 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და ბურთი ძელებსშუა გააძვრინა, ხოლო 48-ე წუთზე ჯარიმით ანგარიში 21:5 გახადა.

‘ლოკომოტივი’ სრულად დაეუფლა ინიციატივას, მორკინალებმა მეტოქის მოთამაშეები ახლო დარტყმებით ჩაითრიეს, ლაშა გედეხაურმა ბურთი მოკლე ფრთაზე წიკლაურს გაატანა, რომელმაც სივრცე შენიშნა და გუნდის მესამე ლელო გაიტანა. ორიოდე წუთში გედეხაურმა ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარ ნახევარზე მოიპოვა, სივრცე შენიშნა და ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ზურაბ ძნელაძე შეუშვა. წიკლაურმა მეორე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

თბილისელებმა ბონუსი გაინაღდეს, თუმცა მიღწეულზე არ შეჩერდნენ და კიდევ ორი ლელო გაიტანეს.63-ე წუთზე, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლის დაყენებისა და გიორგი გეგიას მიძალების შემდეგ, ზვიად მაისურაძე მცველთან ერთი-ერთზე დარჩა და ის ჯანის ხარჯზე იოლად დაჯაბნა. სამიოდე წუთში რკინიგზელებმა ცენტრში დანიშნული შერკინებიდან ხელდახელ შეუტიეს, შკინინი ფრთაზე გაიქცა, შიდა მხარეს წიკლაურს გრძელი გადაცემა გაუკეთა და მანაც გუნდის მეექვსე და თავისი მეორე ლელო გაიტანა. მატჩის მიწურულს ‘ფიამე ორომ’ კიდევ ერთი ლელო გაიტანა, მაგრამ ამით საერთო სურათი ვერ შეცვალა და საქართველოს ჩემპიონმა რომაულ კლუბს 47:10 აჯობა.

‘ლოკომოტივის’ მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა:

„მოგებას ვგეგმვდით, თუმცა ასეთ შედეგზე რა თქმა უნდა არ გვიფიქრია. ყველაფერი კარგად გამოვიდა და შედეგი იმ ხარისხის გამოძახილია, რომელიც დღეს მორაგბეებმა აჩვენეს. დაცვაშიც და შეტევაშიც, მათ ყველა დავალება კარგად შეასრულეს. პირველი ტაიმის შუაში იყო მომენტი, როდესაც თითქოს ოდნავ მოვეშვით, თუმცა შესვენებაზე ვთქვით, რომ საქმე დამთარებული არ გვქონდა და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. ჩვენ გავაკეთეთ რაც შეგვეძლო და ახლა დაველოდებით 19 იანვრის მატჩს“.

 

კონტინენტის ფარი. მეხუთე ტური. 12 იანვარი

ლოკომოტივი (საქართველო) – ფიამე ორო (იტალია) 47:10 (15:5)

ხაზი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ბექა წიკლაური, 9. ლაშა გედეხაური;

შერკინება: 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მარქაფა: 16. ერიკ ღვინჯილია, 17. გაგა გორგასლიძე, 18. გაგა არაბული, 19. გიორგი გეგია, 20. ლევან დარასელია, 21. ვახტანგ ამირანაშვილი, 22. დავით გულიტაშვილი, 23. ივანე ხელაია.

 

6 ლელო: არაბული, შკინინი, წიკლაური (2), ძნელაძე, მაისურაძე

4 გარდასახვა: წიკლაური

2 ჯარიმა: წიკლაური

1 არეკნი: წიკლაური

 

ლოკომოტივი          4          3          0          1          102-62             14

კალვიზანო   3          2          0          1          65-46  10

ფიამე ორო    3          0          0          3          52-111             1

 

19 იანვარი

ფიამე ორო – კალვიზანო