ლეო მესი: “სიამოვნებით ვიმუშავებდი გვარდიოლასთან კიდევ ერთხელ”

0
22
ENTREVISTA MESSI. ******NO UTLIZAR HASTA SU PUBLICACION, HABLAR CON FOTOGRAFIA******

2018 წლის ბოლოს მესიმ ესპანურ Marca-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და  უამრავ თემაზე ისაუბრა.
არგენტინელი ფეხბურთელი შეეხო “ოქროს ბურთის” თემასაც, ასევე რონალდუს წინადადებას, რომელმაც მას ერთ დღესაც კარიერის იტალიაში გაგრძელება შესთავაზა.

–კიდევ ერთი წელი და მეხუთე “ოქროს ბუცი”. არ დაიღალე ამდენი გამარჯვებით?

–ამ პრიზის მიღება სასიამოვნოა ჩემთვის და ასევე ყველასთვის, ვინც მას მიიღებს. ეს გუნდური ჯილდოა. იგივეა, როდესაც მეკარე ზამორას პრიზს იღებს, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. მოხარული ვარ, რომ მისი მიღება კვლავ მოვახერხე.

–5 “ოქროს ბუცი”, 5 “ოქროს ბურთი” და დაგრჩათ მე-5 ჩემპიონთა ლიგა მოსაგები, რათა კოლექცია სრული იყოს.

ეს ძალიან კარგი იქნებოდა. სეზონის სტარტიდანვე ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. უმნიშვნელოვანესი ტურნირია. ჩვენ ეს სურვილი გვაქვს.

–თქვენი თანაგუნდელი მარკ ანდრე ტერ-შტეგენი მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში თადარიგში დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მას კლუბში წარმატებული სეზონი ჰქონდა. მის ნაცვლად ძირითადში მთელი წელი ტრავმით მყოფი მანუელ ნოიერი იმყოფებოდა…

–ეს ჩემთვის პირადად სიურპრიზი იყო. ტერ-შტეგენს მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ასეთი რაღაცები გერმანიის ნაკრების შტაბის გადასაწყვეტია და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პერსონალურად ჩემთვის ეს გადაწყვეტილება სიურპრიზი იყო.

–რომელს აირჩევდი: ახალგაზრდა მარგალიტი ლეროი სანე შენს თანაგუნდელად, თუ ერთხელაც პეპ გვარდიოლასთან ხელახლა მუშაობა?

–ყოველთვის კარგია, როდესაც დიდ მოთამაშეებთან ერთად ასპარეზობ. რთული არჩევანია, მაგრამ სიამოვნებით ვიმუშავებდი პეპ გვარდიოლასთან კიდევ ერთხელ. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა გეუბნებით, რომ ეს ძალიან რთული განსახორციელებელი იქნება.

–ბევრი საუბარი მიდის ჰოლანდიურ დუეტზე დე ლიხტსა და დე იონგზე, რომელთა შეძენაც „ბარსას“ სურს. გაქვთ მათი თამაში ნანახი? და თვლით თუ არა, რომ ისინი თქვენი გუნდის სტილს ერგებიან?

–ისინი მოდიან სკოლიდან, რომელიც ჩვენსას ძალიან ჰგავს. ჩვენი და მათი ვარჯიშები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ისინი ბურთთან ერთად იგივენაირად მოქმედებენ. ისინი ახალგაზრდები, მაგრამ ძალიან მიზანდასახულები არიან. ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია.

–რა არის ლეო მესისთვის საოცნებო. ისეთი რამ რაზეც ის ოცნებობს და იცის, რომ მისი შესრულება წარმოუდგენელი იქნება.

–შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ვიბრძვით მთელი ძალებით, რათა სასურველს მივაღწიოთ. ამ იდეით, ამ სამუშაოთი და ასეთი ძალისხმევით შეუძლებელი არაფერია.

–ჯარიმებს იდეალურთან მიახლოებულად ან სულაც იდეალურად ასრულებ. მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ ფეხბურთელები ვარჯიშის შემდეგ რჩებით და სანაძლეოს დებთ, თუ ვინ უფრო კარგად შეასრულებს სტანდარტულს. რამდენად მართალია ეს?

–დიახ, ეს სიმართლეა. ჩვენ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჯარიმებსა და შორეულ დარტყმებზე ვვარჯიშობთ. ყველაფერი მონდომების, ბევრი ვარჯიშისა და პროფესიონალიზმის შედეგია.

–როგორც ადრე აღნიშნე, შენთვის ყველაზე რთული პენალტების შესრულებაა და ამაზე ბევრი სამუშაო გაქვს. რას აკეთებთ ამ ასპექტის გამოსასწორებლად?

–ვვარჯიშობ და ვუყურებ. დღეს ყველაფერი შესწავლილია – ჯარიმები, პენალტები, თამაში… დღეს ყველაფერი ანალიზდება. უნდა ივარჯიშო და შემდეგ ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორო.

–როდესაც პენალტი ინიშნება, ეს ფაქტიურად ნახევრად გოლს ნიშნავს. ნამდვილად ამხელა სხვაობაა პენალტსა და ჯარიმას შორის?

–ორი განსხვავებული რამ. ჯარიმის შესრულების დროს შენს წინ ცოცხალი კედელია აღმართული და კარამდეც დისტანცია უფრო დიდია. ჯარიმის შესრულების დროს თქვენ ზეწოლის ქვეშ არ იმყოფებით, რადგან დარტყმული ან გავა, ან არა. პენალტის დროს თქვენ გაცილებით მეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე ხართ, ვიდრე მოპოვების. აქ მეკარე თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. თუ ისინი გოლს გაუშვებენ, ეს ნორმალურია, რადგან საქმე პენალტს ეხება. დამრტყმელი გაცილებით მეტი წნეხის ქვეშ იმყოფება, რადგან ის ვალდებულია გაიტანოს.

–გასულ წლის ამ დროს თქვენ თქვით, რომ ნეიმართან ერთად გუნდი უფრო შეტევაზე იყო ორიენტირებული და ბევრი გოლი გაჰქონდა, თუმცა დაცვა იმდენად დალაგებული არ იყო. მისი წასვლის შემდეგ კი გუნდი დაბალანსდა და დაცვაში თამაში გამოასწორა. რა ხდება ამჟამად. წლევანდელ სეზონში ამდენი გოლის გაშვება რისი ბრალია?

–ამ სეზონში ჩვენ 4-3-3-ს დავუბრუნდით. გასულ სეზონში 4 მცველითა და 4 ნახევარმცველით ვთამაშობდით და ამ ხაზების ერთიანი მუშაობის შედეგად თავისუფალი სივრცე თითქმის არ რჩებოდა. 4-3-3-თან ერთად ჩვენ ბურთს მეტად ვაკონტროლებთ, უფრო კარგად ვთამაშობთ, თუმცა დაცვაში ნაკლებად საიმედოდ ვართ. მეტოქე იმ პრობლემებს გვიქმნის, რომელიც გასულ წელს არ გვქონდა. თუმცა, წელს ჩვენ ბურთთან ერთად თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ, ბურთთან ერთად ვიცავთ თავს და ვცდილობთ პრესინგი ვითამაშოთ. ეს ის არის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით.
ბოლო შეხვედრებში ჩვენ დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავიზრდებით.

–როგორ ფიქრობთ, ჩვენ ოდესმე კიდევ ვნახავთ გუნდის ძირითად შემადგენლობაში სკოლის აღზრდილ თერთმეტივე მოთამაშეს, როგორც ეს ტიტო ვილანოვას დროს იყო?

–დღეს ეს რთულია. კლუბის ახალგაზრდა წევრები ხედავენ, რომ „ბარსას“ პირველ გუნდში მოხვედრა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ ერთ დღესაც გუნდის ძირითადში კვლავ იქნება “ლა მასიას” 11 აღზრდილი. თუმცა ამას დრო დასჭირდება.

–გენატრება ინიესტა?

–ორივე მხრივ – მოედანზეც და მის მიღმაც ის მენატრება. ჩვენ ერთად დიდი ხანი გავატარეთ, ბევრი წელი, ბევრი დღე, ბევრი ვარჯიში, ბევრი მატჩი. ანდრესთან ერთად ბევრი რამ გადამხდა თავს ისევე როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც.

–ლა ლიგა წელს გაცილებით თანაბარი გახდა…

–წელს ჩვენ გაცილებით მეტი ქულა დავკარგეთ ვიდრე ჩვეულებრივ. ლა ლიგის მოგება ურთულესი იქნება.

–ამის შესახებ ბევრი საუბრობს. გაგიკვირდათ ოქროს ბურთის გამოკითხვაში თქვენი თავის მეხუთე პოზიციაზე ხილვა?

–გულახდილად გითხრათ, ამას დიდ ყურადღებას არ ვუთმობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. ვიცოდი, რომ ამ სეზონში “ოქროს ბურთის” მოგების შანსი არ მქონდა. ვნახე სახელები, რომლებიც იქ იქნებოდნენ და ვიცოდი, რომ მე იქ არ ვიქნებოდი.
არ ვუცდიდი რომ მე მესამე, მეოთხე ან მეხუთე ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე საბოლოო შედეგები არ გამკვირვებია.

–ამ სეზონში გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა. არის ეს ტურნირი გუნდის მთავარი მიზანი 2018-2019 წლების სეზონში?

–ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია და მისი მოგება ყოველ წელს გვსურს. ეს ყველაზე დიდებული ტურნირია, რომელიც საკლუბო ეგიდით იმართება და წელს ჩვენ მისი მოგება გვსურს.

–დემბელემ „ტოტენჰემს“ ჩინებული გოლი გაუტანა. ის მოედანზე დიდებულად გამოიყურება, თუმცა მის მიღმა ის ჯერ კიდევ ბავშვია და ბევრი პრობლემა აქვს…

–მოედანზე ის მართლაც ფენომენალურია. ჯერ ახალგაზრდაა და მას გუნდთან და ქალაქთან შეგუება სჭირდება.
დემბელეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ სადაც სურს იქ იყოს. ის ახალგაზრდა ბიჭია, რომელმაც თავისი შეცდომები გაანალიზა და ისინი გამოასწორა. მეც და მთელი გუნდიც მზად ვართ, რომ მას დავეხმაროთ.

–გაგიკვირდა, რომ „რეალი“ რონალდუს გარეშე ასე გამოიყურება?

–სეზონის სტარტზე უკვე ვთქვი, რომ „რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც ჩინებული ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა რონალდუს გარეშე ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება, რომელშიც ის იყო და შემდეგ დატოვა.
გაკვირვებული იქნებით, რადგან მას ძალიან ბევრი გოლი გააქვს და მოედანზე კიდევ ბევრ სხვა რამესაც სთავაზობს გუნდს.
არ მიკვირს, რომ ისინი რონალდუს არყოფნით დაზარალდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მადრიდელებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი აღარ ჰყავთ.

–არ გენატრება ის წლები, როდესაც შენ და კრიშტიანუ ერთამენთს ეპაექრებოდით, იგებდით უამრავ ტიტულსა და ამხობდით ბევრ რეკორდს.

–ჩვენ ერთ ლიგაში დიდ ხანს ვთამაშობდით და ორივეს გამარჯვება გვსურდა. ერთმანეთის გუნდების დამარცხება გვინდოდა და ეს ძალიან სასიამოვნო იყო.
რონალდუ დიდებული ფეხბურთელია და მასთან დუელიც შესანიშნავი იყო.

–როგორ ფიქრობ, იცოდა მან, რომ ეს ყველაფერი განუმეორებელი იყო?

არ ვიცი. ეს იყო ძალიან ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ დღიდან დღემდე გაუმჯობესებას ვცდილობდით, რომ ჩვენი საუკეთესო შედეგი დაგვეფიქსირებინა. მგონია, რომ მაყურებლებისთვის ეს კარგი სანახავი იყო.

–ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. რომელი გუნდი მოგეწონა ყველაზე მეტად? „იუვენტუსი“, პსჟ თუ „სიტი“?

–პსჟ არ ვიცი, რადგან ჩვენ ძირითადად იგივე დღეს ვთამაშობდით. „იუვენტუსი“ კი ძალიან ძლიერი გუნდია. ეს ადრეც ასე იყო და ახლა მათ კრიშტიანუც ჰყავთ. „სიტი“ ძალიან მრავალფეროვანი გუნდია. მათ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ და ისინი მაღალ დონეზე თამაშობენ. არ უნდა დავივიწყოთ „ბაიერნიც“. რთული სათქმელია, თუ რომელი მათგანია საუკეთესო.

–როგორ ფიქრობ, არის რაიმე შანსი, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნდეს?

–როგორც ვხედავ ეს საკმაოდ რთულია. მე მოხარული ვიქნები, თუ ის დაბრუნდება. მისი კვლავ ჩვეს რიგებში ხილვა ორმაგად სასიამოვნო იქნება. როგორც მოთამაშე და მეგობარი.
მასთან ერთად ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ჩვენ მეგობრები ვართ. მიუხედავად ყველაფრისა რთული იქნება მისი უკან დაბრუნება, რადგან არამგონია პსჟ-მ მას სადმე წასვლის უფლება მისცეს.

–რას იტყვით რონალდუს შემოთავაზებაზე, რომ თქვენც წახვიდეთ იტალიაში სათამაშოდ. მოგწონთ პორტუგალიელის წინადადება?

–არ მჭირდება რაიმეს შეცვლა. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. ჩემი გამოწვევები წლიდან წლამდე განახლებადია. არ მჭირდება ახალ ლიგაში, ან გუნდში გადასვლა და იქ გოლების გატანა.
მე ჩემს სახლში ვარ და ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში – მე ცვლილებები არ მჭირდება.

–რა პლუსი აქვს ვიდეო რეფერის? რა გაუმჯობესდა მისი დანერგვით?

–თავიდან VAR-ის მომხრე არ ვიყავი, თუმცა როდესაც ის დაინერგა აშკარა გახდა, რომ სასარგებლოა ფეხბურთისთვის და ასევე მოთამაშეებისთვისაც.

–ამ მომენტისთვის თქვენს ცხოვრებაში ფეხბურთი ძველებურად პრიორიტეტულია, თუ ის ოჯახმა ჩაანაცვლა?

–როდესაც მე შვილები შემეძინა, იმ დღიდან ოჯახი ჩემთვის პრიორიტეტული გახდა. ეს ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლავთ.
ცალსახაა, რომ მე ფეხბურთი მიყვარს და მისთვის ვცხოვრობ, თუმცა ოჯახი ყველაზე მაღლა დგას.

–სამი ვაჟი გყავთ. ეს საკმარისია, თუ ისინი პატარა დის ძებნას დაიწყებენ?

–ჩირომ ფეხზე დგომა ახლა ისწავლა. მე და ანტონელას გოგოს ყოლა ძალიან გვინდა, თუმცა საამისოდ ჯერ ძალიან ადრეა.

–მართალია, რომ როდესაც „ბარსა“ აგებს შენი შვილები სახლში ფეხბურთზე აღარ საუბრობენ?

–ეს ადრე იყო, ახლა იმდენად აღარ. ყოველთვის რთულია, როდესაც აგებ და სასურველ შედეგს ვერ აღწევ. სახლში მისვლისას ტიაგო სულ მეკითხებოდა, რა მოხდა და რატომ ვერ მოვახერხეთ კონკრეტული მატჩის მოგება. ახლა ჩვენ ამის შესახებ გაცილებით მეტს ვსაუბრობთ.