რედაქტორისგან

0
12

წინასაახალწლო სვეტში ჩვენი ერთგული მკითხველის ყურადღება მინდა ქართული ფეხბურთის, კალათბურთის და რაგბის ეროვნული ნაკრებების სამ ახალგაზრდაზე შევაჩერო, რომლებმაც ახალი იმედი ჩაგვისახეს და გაგვიმზიანეს.

სამოც წელზე მეტია, რაც სტადიონზე დავდივარ და ფეხბურთიდან დიდი მიშა მესხის წასვლის შემდეგ ვერ ვიხსენებ ისეთ ემოციურ მომენტს, რომლის მომსწრენი გავხდით ყაზახეთის ნაკრებთან თამაშის ბოლოს, როცა ვლადიმერ ვაისმა თამაშის გმირი, ქართული ფეხბურთის ახალი ნატვრისთვალი შეცვალა და „დინამო არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა ფეხზე ამდგარმა, ოვაციით გააცილა გიორგი ჩაკვეტაძე მისი სახელის სკანდირებით!..

„ერთა ლიგაზე“ მისი ფეერიული თამაშის გახსენება გამოაზამთრებინებს გულშემატკივარს და მომავლის იმედით აღავსებს. გიორგი ჩაკვეტაძეს ჯერჯერობით არანაირი მნიშვნელოვანი პრიზი და ჯინჯილ–მედლები არ მოუგია, მაგრამ მან უკვე მოასწრო უფრო მთავარი – ქართველი გულშემატკივრის გული მოიგო!.. იმედი ვიქონიოთ, რომ უკეთეს ევროპულ კლუბში გადასვლა კარიერას არ გაუმრუდებს. ქართულ ფეხბურთს ნამდვილად არ აქვს ასეთი ელვარე ნიჭის გაფლანგვის ფუფუნება.

გაისად იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი ჩატარდება. თანამედროვე რაგბიში გუნდის თამაშის განმსაზღვრელი მისი ღერძი – ნახევარდაცვის ცხრა და ათი ნომერია და როგორ არ უნდა გვიხაროდეს, რომ ბორჯღალოსნებს იაპონიაში ჩვენი ნაკრების ისტორიაში ასეთი ღერძი ეყოლებათ – გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. გელა აფრასიძეზე ადრეც გვითქვამს, ჟურნალ „ათიანის“ ყდაზეც გვინახავს და ჯერ კიდევ შარშან დაიმკვიდრა ნაკრებში თავისი ადგილი. ბორჯღალოსნების თამაშის ახალი მგეზავი (ქართულად ასე ჟღერს მისი ამპლუის – პივოტის თარგმანი) საოცარი ფანტაზიის და სათამაშო ნიჭის მქონე მოთამაშეა. 20–წლამდელთა ნაკრებიდან გვახსოვს მისი შთაგონებული თამაში და ქართველ მორაგბეთა ახალი თაობის ლიდერი უნდა გახდეს.

გაისად NBA-ს დრაფტზე ვიხილავთ ქართული კალათბურთის ახალ იმედს – გოგა ბითაძეს. NBA-ს დრაფტზე გოგამდე ხუთი ქართველი მდგარა (სტეფანია, ცქიტიშვილი, სანიკიძე, ფაჩულია, შენგელია), მათგან ზოგმა მეტი ითამაშა, ზოგმა ნაკლები, ვიკა სანიკიძეს მუხლის ტრავმამ არ მისცა გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოშ“ თამაშის საშუალება. გოგა ბითაძეს გვინდა ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას დარი კარიერა მსოფლიო კალათბურთის ამ უმაღლეს ფორუმზე. მას საამისოდ ყველა მონაცემი გააჩნია და ჩვენი ჩვენი კალათბურთის ახალ სიმაღლეზე ასვლის იმედი მის სახელს უკავშირდება.

ზამთარი სამომავლო ფიქრისთვის უპრიანი დროა. ასეთმა ბიჭებმა უნდა გაგვახარონ დამდეგ 2019 წელს და მალეჩვენ ქუჩაზე გაზაფხულიც მოვა.

დამდეგ ახალ წელს და შობას გილოცავთ, ჩვენო ერთგულო მკითხველებო!

პატივისცემით გიორგი გორგოძე