ახალ წელს გილოცავთ!

0
14

ახალი წელი საოცარი დღესასწაულია. ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდებოდა და ეს ნაპერწკალი ალბათ, ბევრ ბავშვს აქვს. ახალი წელი განსაკუთრებული სითბოს მომტანია. და ეს სითბო ფარავს ყველაფერს, რისი გახსენებაც არ გვსურს და რაც წინა წელს გულს გვტკენდა. ბავშვობაში ფურცლებზე სურვილების ჩამოწერა მიყვარდა. თქვენც გიყვარდათ. ან, არ გიყვარდათ და გულის სიღრმეში უბრალოდ, გჯეროდათ, რომ ყველაფერი აგისრულდებოდათ. სადღაც, შორს თოვლის ბაბუაც მოინიშნავს თქვენს სურვილს და, იცით? თუ თქვენ გაქვთ რწმენა, თუ თქვენ გჯერათ, ოცნება აუცილებლად აგიხდებათ.

სკოლაში სწავლის დროს, ჩემი მეგობარი რუსო ოცნებობდა, რომ ფრჩხილების კვნეტა შეეწყვიტა. ჩვენი სამეგობროდან კიდევ ერთი, საბა უცხოპლანეტელების გამოჩენას ელოდებოდა. არ იცოდა, რატომ, მაგრამ – ელოდებოდა. კიდევ უფრო ადრე, საბავშვო ბაღში ეკატერინემ ბევრი მამალო ჩაიფიქრა და როდესაც საახალწლო დასვენების შემდეგ, ბაღში დავბრუნდით, ყველას თითო მამალო დაგვირიგა. თითქოს, ახლაც მახსოვს ის სიტკბო. მართლაც განსაკუთრებით ტკბილი და გემრიელი იყო.

ოდნავ გავიზარდე და სპორტით გატაცებამ ახალი წლის სურვილები შეცვალა. მინდოდა დიეგო მარადონას მაისური. მინდოდა, რომ თოვლის ბაბუას ბალიშის ქვეშ ლარი ბერდის ფოტო დაედო. ან, თუ სპორტს გავცდებოდი და თემაში მუსიკაც ჩაერთვებოდა, ლარისთან ერთად, იან გილანის ან მარკ ნოფლერის ფოტოსაც ჩავიფიქრებდი. და, იცით? ალბათ, იმდენად ხმამაღლა ვოცნებობდი, რომ თოვლის ბაბუას მოჰქონდა ოდნავ გაცვეთილი გილანი და ახალგაზრდა ნოფლერი. ალბათ, მეცხრე საავადმყოფოს მიწისქვეშაში ყიდულობდა. ეს იყო ჩემი ახალი წლის საჩუქარი.

ნეტავ, ბევრის სახლში მეკვლედ წარმატებული სპორტსმენი შედიოდეს. საქართველოში ტრადიციებს გულმოდგინედ იცავენ და ახალი წლის ღამის დადგომასთან ერთად, ელოდებიან იმ ერთ, სიკეთის მომტან ადამიანს. მან ოჯახში მოზეიმეთა სიყვარულს ბედნიერება და სიყვარული უნდა დაუმეგობროს. ამბობენ, მეკვლე ადრე მხოლოდ მამაკაცი იყოო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ეს ადამიანი ახალი ბედის მომტანია და ოჯახში სიხარული და ბევრი ლამაზი ფერი უნდა შეიტანოს. სახლიდან არავინ გადის, დაბრაწული გოჭის კანს ატკაცუნებენ, მიირთმევენ მსუყე საცივს და ინდაურის ხორცსაც არ ივიწყებენ. საგულდაგულოდ მომზადებული შოთის პურებიც ამძიმებენ სუფრას და ზეიმს ხაჭაპურის მდიდარი სურნელიც ეფერება. სტუმარსაც ღირსეულად იღებენ. ძველი ადათ-წესებით, მეკვლეს წინასწარ ირჩევდნენ. აბა, არ არის საოცარი, როდესაც ახალი წლის გარიჟრაჟზე გეტყვიან „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“? ასე ილოცება მეკვლე.

2018 წელი ქართული სპორტისთვის მდიდარი და საოცნებო იყო. თითქოს, ყველამ ერთად ჩავიფიქრეთ, რომ ბევრ ქართველს ბევრი სიხარული უნდა მოეტანა და გახსოვთ, რამდენჯერ დაგვიარა ტანში ჟრუანტელმა ჩვენი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერების დროს? მინდა, რომ შემდეგ წელს ეს გაგრძელდეს და ჩვენი ქვეყანა შიდა უთანხმოების და გადაღლილი ბედნიერების ფონზე სპორტმა ამოწიოს, ხელი ჩაკიდოს და ნათელ გზაზე გაიყვანოს. სპორტი ჩვენი უანგარო მეგობარია. მხოლოდ ყურადღებას ითხოვს, მივაქციოთ ყურადღება და შედეგი აუცილებლად იქნება. მივაქციოთ ყურადღება და შედეგი ჩვენი სიამაყის წარმატებით შემოსვა იქნება.

თუ ახალი წლის რამეს ჯადოსნური ძალა აქვს, მინდა, რომ…

ყველა ისეთივე უძლეველი და ალალი იყოს, როგორც – ლაშა ტალახაძე. გოლიათმა კიდევ ერთხელ გაუღიმა მთელ მსოფლიოს, თავი დაუხარა მადლობის ნიშნად გულშემატკივრებს და თავდახხრილი მთელი მსოფლიო დატოვა. ლაშა ძალოსნობაში ცალკე კუნძულია. ლაშა ლეგენდაა. ლაშამ შექმნა მითი და ლაშას მთელი მწვანე მილი აქვს გასავლელი. ლაშა ერთი და ბევრია. და ლაშა ბევრს მოიგებს. და ლაშა ჩვენია. და ლაშა საქართველოა.

ყველა ისეთივე მშრომელი და მიზანდასახული იყოს, როგორც გენო პეტრიაშვილი. ვაჟკაცი დიდი ტორებით და დიდი გულით. როდესაც გენო ხალიჩაზე გადის, მისი ყველა გდებით საქართველო მეტად იშლება მხრებში და მომავლის იმედიც ათმაგდება. გენო ჩვენი გულისცემაა.

თუ თქვენ საახალწლო ღამეს მოიწყენთ და ფაფუკ ბალიშზე თავის დადებამდე კიდევ ერთხელ მოგინდებათ ბევრი სიხარულის განცდა, გაიხსენეთ ზაზა ფაჩულიას ბედნიერი და ამაყი თვალები. ზაზა მეორედ გახდა NBA-ს ჩემპიონი. ზაზა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ჩვენი ელჩი იყო. ზაზამ ბევრი წლის წინ ირწმუნა და საკუთარი ოცნება აიხდინა. ზაზაც ჩვენი მეკვლეა.

ყველა ისეთივე გამტანი და უშიშარი იყოს, როგორც – გურამ თუშიშვილი. წამოიღო ერთხელ, წამოიღო მეორედ, დასცა, წამოდგა, აღმართა ხელი და ღმერთს მადლობა გადაუხადა. ჩემპიონის რიტუალი. რომელიც ბიჭმა კიდევ ერთხელ, ან – მეტჯერ უნდა გაიმეოროს. მადლობა, თუში!

მიყვარს ფილმი „ახალი წლის ღამე“. ყველა პერსონაჟს აქვს თავისი უმნიშვნელო, მაგრამ იოლად დასამახსოვრებელი პეწი. და თქვენ ისევე იმახსოვრებთ ქარიზმატულ ჯონ ლითგოუს, როგორც – შეუდარებელ რობერტ დე ნიროს. თქვენთვის შეუცვლელია ტილ შვაიგერის ევროლუქი და მეთიუ ბროდერიკის სევდა. თქვენ ერთნაირად განიცადეთ და არ გეყოთ ლუდაკრისის და კალათბურთელის, ამარე სტაუდმაიერის ეპიზოდური გამოჩენა. ჩვენ გვახსოვს სოფია ვერგარას სექსუალური მკერდი და ეშტონ კატჩერის გამოუძენებელი და მომხიბვლელი სახე. რეჟისორმა გაიხსენა მონატრებული როკერი ჯონ ბონ ჯოვი და ილუზიონისტის გოგონა, ჯესიკა ბილი. თქვენი გულისცემა ვეღარ უძლებს მიშელ პფაიფერის სილამაზეს და ჰოლი ბერის ცივ სითბოს. ზაკ ეიფრონიც აქ არის. ზაკი ახალი წლის ღამეს აუცილებელი ატრიბუტია. როგორც – კინოში პოპკორნი და კოკა კოლა.

2018 წლის ქართული სპორტიც ეს ჯადოსნური ფილმი იყო. ბევრი და დასამახსოვრებელი პერსონაჟი და ყველამ თავისი კვალი დატოვა. ყველა გვახსოვს და გვინდა, რომ შემდეგი წელიწადიც მათთვის ასეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იყოს. და არა მხოლოდ მათთვის. მთელი საქართველოსთვის.

არ გვინდა სიხარულის აკრძალვა. ნუ დავუთვლით ერთმანეთს ერთგულებას. ჩვენ ხომ იმ დროს ყველაზე ბედნიერები ვართ. როგორც ლაშას ყოველი შემდეგი რეკორდი. როგორც გენოს ამაყი თვალები. როგორც ზაზას გადაღლილი გამოხედვა, რომელშიც სიამაყეა. ჩვენი, ყველას სიამაყე.

მინდა, რომ ახალი წლის მეკვლე ისეთივე მიზანდასახული და ელეგენტური იყოს, როგორც – ნიკა ბასილაშვილი. რომელიც ერთადერთია, ვისაც დელ პოტროსთან მოგების მერეც მთელი გულით ვუქომაგებ. სხვას არ ვაპატიებდი. იმიტომ, რომ ნიკა ჩემია. იმიტომ, რომ ნიკამ დაიჯერა. იმიტომ, რომ ნიკამ იმედგაცრუება და ტკივილი გადახია და ახალი გზა აირჩია. ნიკა ჩემპიონია. თავი დაუხარეთ.

მინდა, რომ ახალი წლის მეკვლემ ტოჩინოშინის ძალა და გამტანობა მოგვართვას. არ ვიცი, რა უნდა ეცვას ჩვენ დევკაცს, კიმონო თუ ჩოხა, მაგრამ ერთიც მოუხდება და – მეორეც. მთავარია, რომ ის ჩვენია. ავსტრალიაში სანტა კლაუსები საერთოდ, საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილები.

ახალი წელი საოცარი დღესასწაულია. ჩაიფიქრეთ სურვილი, დაელოდეთ მეკვლეს და 2019 წლის დადგომა ახალი ბედნიერების მომტანი იქნება.

მე მჯერა. მინდა, რომ თქვენც დაიჯეროთ.

ზურა თალაკვაძე