რაგბის კავშირმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხუთწლიანი შეთანხმება გააფორმა

0
6

საქართველოს რაგბის კავშირსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ხუთწლიანი შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად სანაკრებო და საკლუბო მატჩები პირველი არხით გადაიცემა.

შეთანხმების ნაწილია რაგბი ტვ, რომელიც სრკ-ს მთავარ პარტნიორად რჩება და საზოგადოებრივ მაუწყებელთან მჭიდრო თანამშრომლება ექნება. პირველ არხზე გადაიცემა ბორჯღალოსნების თამაშები მსოფლიო თასზე, რაგბი ევროპაზე და ტესტ-მატჩები, ასევე უმცროსი ბორჯღალოსნების და კლუბების გამორჩეული შეხვედრები, როგორც დიდი 10-იდან, ასევე ევროთასებიდან.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის დიდი და ძველი ურთიერთობები აღდგა.

„რაგბი არ ეკუთვნის მხოლოდ მორაგბეებს, ის საქართველოში სახალხო სპორტია და სიმბოლურია, რომ დიდი ხნის ურთიერთობები აღდგა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელიც ასევე სახალხო ტელევიზიაა. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს და 2019 წელს, მაყურებელი მაღალი ხარისხით მიიღებს ყველა იმ მატჩს, რომელსაც საქართველოს ნაკრები ჩაატარებს. ეს იქნება ერთა თასი, ტესტ-მატჩები თუ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2019 წელს იაპონიაში ჩატარდება“ – განაცხადა გოჩა სვანიძემ.

„პირველ არხზე დიდი რაგბი დაბრუნდა. დღეს გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ყველამ იცით, რომ რაგბი ჩვენი ეროვნული, ნაციონალური სიამაყის საგანია. საქართველოს რაგბის კავშირსა და პირველ არხს შორის ხუთწლიან თანამშრომლობა გაფორმდა და მაყურებელი გარანტირებულად მიიღებს ყველა იმ აქტივობას, რაც მორაგბეთა ნაკრებებთან და გუნდებთან იქნება დაკავშირებული. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი, ერთა თასი, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თამაში, ძალიან ბევრი სიურპრიზი და მნიშვნელოვანი მოვლენა“, – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.