გოჩა სვანიძე: „არათუ ინგლისელები, ახალზელანდიელებიც ჩვენი შერკინების ნიუანსებს სწავლობენ“

0
4

 2018 წელი ძალიან საინტერესო გამოდგა ქართული რაგბისთვის. 12 თვის განმავლობაში ქართველმა ბორჯღალოსნებმა არაერთხელ ასახელს საკუთარი ქვეყანა და განითარების კუთხით კიდევ უფრო წინ წავიწიეთ, თუმცა იყო დასანანი მარცხებიც და გარკვეული რეგრესიც კონკრეტულ ეპიზოდებში.

“ათიანის” სტუმარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძეა, რომელთან ერთადაც შევაჯამებთ განვლილ სეზონს.

 

–მოგესალმებით ბატონო გოჩა, 2018 წლის შეჯამება ტრადიციულად რაგბი ევროპას გათამაშებით დავიწყოთ. როგორ შეაფასებდით მთლიანად ტურნირს?

– მთლიანად ტურნირს რაიმე გამორჩეული  სახე ნამდვილად არ ჰქონია, 2017 წელს ჩვენ სამწუხაროდ დავკარგეთ ერთა თასი და წელს მოგვიწია მისი დაბრუნება. ამ მხრივ პოზიტიურად შევაფასებ, დანარჩენი დადებითად შეიძლება შეფასდეს ნებისმიერი გაკვეთილი, მორიგი ვარჯიში, კონტაქტი მოწინააღმდეგესთან თუ ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ეს ყველაფერი გამოცდილებას გვმატებს და გვაძლევს შემადგენლობის გადახედვის საშუალებას. ამ ტურნირს ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ექსპერიმენტებისათვის, რათა რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ იასპარეზოს ეროვნულ გუნდში და მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება.

– ბელგიასთან (47:0) და გერმანიასთან (64:0) მშრალად მოგებული შეხვედრების შემდეგ იყო საკმაოდ მწვავე  დაპირისპირება ესპანეთთან (23:10), სადაც გამოჩნდა კიდეც პრობლემები როგორც შერკინებაში, ასევე უკანა ხაზში.

– ესპანეთისგან პრობლემების შექმნას ნამდვილად ველოდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი სხვაობებით დავამარცხეთ ბელგია და გერმანია, თამაშის ხარისხი ის არ იყო, რაც ჩვენ გვჭირდება და რა დონეზეც უნდა გავიდეთ 2019 წელს. ვწყნარდებოდით იმით, რომ შემადგენლობა ექსპერიმენტალური იყო, თუმცა შემდგომში, ივნისის ტესტ–მატჩებმა აჩვენა, რომ ჩარევა აუცილებელი იყო და ჩვენ ეს გავაკეთეთ.

– სტატისტიკურად რომ მიმოვიხილოთ ერთა თასი, ძალიან კარგ შედეგებამდე მივდივართ – გავიტანეთ 26 ლელო და საკუთარ ჩათვლის მოედანში მივიღეთ მხოლოდ 2. დამაჯერებლად მოვუგეთ პრინციპულ მეტოქეებს – რუსეთს (29:9) და რუმინეთს (25:16). რა იგეგმება 2019 წლის რაგბი ევროპას გათამაშებაზე, რომელიც სტარტს თებერვალში აიღებს?

– განსხვავებით წინა სეზონებისა, საკმაოდ არასტანდარტული სტარტი გველოდება  ერთა თასზე. პირველსავე ტურში გასვლაზე ვეთამაშებით რუმინეთის ნაკრებს. შარშანდელი სკანდალის გამო რუმინეთი დასაჯეს (არალეგალურად უცხოელი ლეგიონერების დამატების გამო რუმინეთი დიკვალიფიცირებული იქნა მსოფლიო თასიდან)  და რანგით დააქვეითეს, ამიტომაც ტურნირზე ყველაზე დაბალი განთესვა ახლა სწორედ მათ აქვთ და როგორც ჩემპიონები გათამაშებას მაჩანჩალასთან ასპარეზობით ვიწყებთ და შემდეგ ზრდადობის მიხედვით ვასპარეზობთ  – ბოლო მეტოქე რუსეთის ნაკრებია. ერთ–ერთ საშინაო შეხვედრას აუცილებლად ჩავატარებთ ქუთაისში. თუ რომელი შეხვედრა იქნება, ამას მოგვიანებით დავაანონსებთ.

ბოლო წლებია, საკმაოდ დიდი რეგრესი განიცადა რუმინეთმა, თუმცა მოდუნება არ ღირს. ბევრისთვის უკვე მოსაბეზრებელია ერთა თასზე ჩვენი ასპარეზობა და თვლიან, რომ ამ ტურნირისთვის საქართველო უკვე გაიზარდა. ამაში ვეთანხმები მათ, თუმცა საფრთხე სწორედ აქ არის ჩასაფრებული – არაფრით არ შეიძლება ამ ტურნირის მეორეხარისხოვნად აღქმა, არ უნდა დავუშვათ ჩვენს გულებშიც კი, რომ ზერელედ მოვეკიდოთ. ვინაიდან 2019 წელს ამ ტურნირის არმოგება ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. უნდა გამოვიყენოთ მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად, ზრდისთვის კიდევ სხვა კომპონენტებიც გვჭირდება, თუმცა გუნდი ყოველთვის მობილიზებული უნდა იყოს, რა შემადგენლობითაც არ უნდა ვიასპარეზოთ. ხელწამოსაკრავი არც რუმინეთი იქნება და არც ესპანეთი. რომელიც ძალიან დიდი ნაბიჯებით პროგრესირებს, განსაკუთრებით „რაგბი შვიდის“ გათამაშებაში. ვვარაუდობთ, რომ მალე სწორედ ისინი ჩაანაცვლებს რუმინეთს მოწინავე პოზიციაზე.

– 2018 წლის ექვსი ერის მიმდინარეობისას, ინგლისის ნაკრებმა შექნილი მცირე შესვენების ფანჯრით  ისარგებლა და საქართველოს ნაკრები საკუთარ ბაზაზე დაპატიჟა სავარჯიშოდ.

– ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან არათუ ინგლისელები, არამედ ახალზელანდიელებიც კი ჩვენი შერკინებისგან რაღაც ნიუანსებს სწავლობენ.  არ უნდა გავყოყლოჩინდეთ და არ უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენი შერკინება მსოფლიოში საუკეთესოა, ეს ასე ნამდვილად არ არის, თუმცა რაღაც გარკვეულ კომპონენტებში მართლაც ვართ გამორჩეულები. დიდი სარაგბო ერების ყველაზე მაგარი თვისება ის გახლავთ, რომ ისინი არ ერიდებიან მათზე სუსტი მოწინააღმდეგისაგანაც კი ისწავლონ რაიმე სასარგებლო და ამის გამოყენებით უკეთესები გახდნენ. ვფიქრობ, ჩვენც  ეს მიდგომა უნდა გვქონდეს, თუ გვსურს რომ სწორად განვვითარდეთ.

მომდევნო წლისთვის ჯერჯერობით არცერთი დიდი ნაკრებისგან არ გვაქვს საერთო ვარჯიშზე შეთავაზება, თუმცა მოგეხსენებათ, რომ 31 აგვისტოს, თბილისში ტესტ–მატჩს გავმართავთ შოტლანდიის ნაკრებთან, ხოლო ერთ კვირაში სქოთებს უკვე სტუმრად დავუპირისპირდებით. ეს იქნება იდეალური გენერალური რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

–ერთა თასის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ყურადღების ცენტრში ახალგაზრდული ნაკრებები მოხვდნენ – U18 ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო U20 ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მატჩის მოგება მოახერხა. როგორ შეაფასებდით მათ გამოსვლას?

– მაგათ ვენაცვალე. სწორედ ისინი არიან ქართული რაგბის მომავალი და ხვალინდელი დღე. როდესაც ჩვენ ასეთი პოზიტივით ვსაუბრობთ რაგბის განვითარების ტემპებზე, ეს სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა.

მოდით დავიწყოთ U18 ნაკრებით – ბევრი აკრიტიკებდა და აღნიშნავდა, რომ მათ არ გააჩნდათ ლაღი სათამაშო სტილი და ძალიან პრაგმატულ რაგბს თამაშობდნენ. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ შემადგენლობიდან გამომდინარე მწვრთნელებმა შედეგზე ორიენტირებული ტაქტიკა შემოგვთავაზეს. არ დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ განსხვავებით U20 ნაკრებისა, ამ ბიჭებს მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების საშუალება ფაქტობრივად არ ჰქონიათ დიდი ტურნირის წინ, ვინაიდან მსოფლიო რაგბის ფედერაცია არ აღიარებს ამ ასაკობრივ კატეგორიაში ტურნირს. ამიტომაც ჩვენ ბიჭებს უშუალოდ ტურნირის მსვლელობისას უწევდათ ფორმაში შესვლა და თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ზედიზედ ორი ფინალი გვქონდა წაგებული ფრანგებთან თითქმის მშრალი ანგარიშებით და ახლა ვალდებულები ვიყავით უკეთესად გვეთამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომლებიც საკუთარ თავს გადაახტნენ, თითქმის შეუძლებელი შეძლეს და მათზე უფრო მაღალი შესაძლებლობის (ტექნიკური კუთხით) მქონე ნაკრები დაამარცხეს ფინალში. მიღებული შედეგებით ტკბობას ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვთვლით თავს ევროპის ჩემპიონებად, ვინაიდან ექვსი ერის გუნდებიდან მხოლოდ საფრანგეთი მონაწილეობდა. სამწუხაროა, მაგრამ ისინიც ტოვებენ ამ ტურნირს, წაგებული ფინალის შემდეგ მათ პირად საუბრებში გვისაყვედურეს – ჩვენ ლაღ თამაშზე გვქონდა ორიენტაცია, თქვენ მარტო მოგებაზეო. იცით, 18 წლის ბიჭებმა უკვე მოგებაზე უნდა ითამაშონ, მათთვის წაგების გაკვეთილიც მტკივნეული უნდა იყოს, და გამარჯვებით მოპოვებული სიხარულიც ბოლომდე უნდა გაიაზრონ, ვინაიდან ისინი უკვე პროფესიონალები ხდებიან. ეს იყო კარგი, ფსიქოლოგიური გარდატეხა, გამარჯვება რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. მომდევნო სეზონში რომელი ნაკრებით მოხერხდება ფრანგების ჩანაცვლება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჩვენ ზრდას და ვარჯიშს ვაგრძელებთ.

U20 ნაკრების თამაშის სტილი, ის სულისკვეთება რომელიც ჩანს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, არის სწორედ ის, როგორც უნდა ითამაშოს ჩვენმა დიდმა ნაკრებმა მომავალში. ეს არის ქართული რაგბი და ვამაყობ, რომ აბსოლუტურად ქართული პროექტია. ნებისმიერი ბურთიანი მოთამაშე ავტომატურად ხდება გუნდის ლიდერი, წარმოიდგინეთ ამდენი ინდივიდი, რომელიც არასტანდარტულად აზროვნებს, რამხელა ხიფათს უქმნის მეტოქეს, რომელსაც უფრო და უფრო უჭირს ჩვენი თამაშის გაშიფვრა. აგრესიული, წერტილოვანი დარტყმები მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე და სრული მობილიზაცია 80 წუთის განმავლობაში.ეს არის თამაშის სტილი, რომლის ყურებაც გულშემატკივარს არასდროს მობეზრდება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორივე ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, დელეგაციის ყველა წევრს, ღირსეულად გაწეული შრომისთვის.

– 2017–18 წლებისგან განსხვავებით განსაკუთრებული იქნება 2019 წლის სარაგბო სეზონი, არასტანდარტული, ვინაიდან შემოდგომაზე მსოფლიო თასია. ძირითადი აქცენტი იქნება გადატანილი ეროვნულ გუნდზე. საინტერესოა, იგეგმება თუ არა საქართველოს “ა” ნაკრებისათვის ოთხთა ტურნირი, რომელსაც საფუძველი წელს ჩაეყარა?

– წელს ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ ამ კუთხით. გაზაფხულის ბოლოს ვუმასპინძლეთ ფრანგ ბარბაროსებს, ხოლო აგვისტოში ჩავატარეთ ოთხთა ტურნირი, რომელშც მონაწილეობდა საქართველოს “ა” ნაკრები, ბრაზილია, ფრანგული “რასინგ 92” და არგენტინა “ა”. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მიეცა საშუალება გამოეცადა უახლოესი რეზერვი საქმეში. ბევრი თვლის რომ “ა” ნაკრები ახალგაზრდული ნაკრების ბაზად უნდა იქცეს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. აქ შანსი მიეცემა ყველა მორაგბეს, რომელიც კონკრეტულ მომენტში უკეთეს  სპორტულ ფორმაში იქნება. ამის ნათელი მაგალითია ზურაბ ძნელაძე, რომელმაც ყველა ახალგაზრდული ნაკრები გაიარა, თუმცა დიდ ნაკრებში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. სამაგიეროდ ახალ ჯერ “ა” ნაკრებში ითამაშა ბრწყინვალდ, ხოლო შემდეგ უკვე ნოემბრის ტესტ მატჩებზე. აი ასეთ მარგალიტებს ვეძებთ ჩვენ. არაფრით არ შეიძლება მოტივაცია დავუკარგოთ შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე იმ ბიჭებს, რომლებიც ახლოს არიან ეროვნულ ნაკრებთან, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხვდებიან შემადგენლობაში. მომდევნო წელსაც აუცილებლად ჩავატარებთ ამ ტურნირს.

–თბილისის “ლოკომოტივმა” ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 იტალიური კლუბი დაამარცხა სტუმრად და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი  ქართული საკლუბო რაგბის პროგრესსაც. ხომ არ იგეგმება  ქართული ფრენჩაიზის შექმნა, რომელიც სტაბილურად იასპარეზებს წამყვან ევროპულ ტურნირებზე?

 ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის ამ თემასთან დაკავშირებით. ვეძებთ ალტერნატიულ ტურნირს როგორც ევროპაში, ასევე მის გარეთაც. განიხილება სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატი. არ გაგიკვირდეთ და თუ შანსი გვექნება შეიძლება ავსტრალიაშც წავიდეთ სათამაშოდ. ქართული ფრენჩაიზის არ ყოლა, არის ის რაც ძალიან აფერხებს ეროვნული ნაკრების სწრაფ პროგრესს. ქართული ფრენჩაიზის შექმნის შემთხვევაში რაგბის კავშირი გაუფორმებს ნაკრების მოთამაშეებს ფინანსურ კონტრაქტებს, რათა ისინი მხოლოდ შიდა ჩემპიონატის კლუბებში მიღებულ ხელფასზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. გამოდის, რომ ჩვენ ვქირაობთ მორაგბეებს. წარმოიდგინეთ რამხელა პროგრესი იქნება, როდესაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მთელი წლის განმავლობაში საკლუბო დონეზე ერთ გუნდად ითამაშებს. აღარც შეთამაშების პრობლემა იქნება და პირველივე სანაკრებო მატჩს ოპტიმალურ ფორმასა და ტონუსით შევხვდებით.

–ივნისის ტესტ მატჩებზე ვძლიეთ ტონგას, თუმცა შემდეგ გავნადგურდით ჯერ ფიჯის კუნძულებთან, ხოლო შემდეგ იაპონიასთან. სამი ტაიმის განმავლობაში კინკილა ქულის აღებაც ვერ შევძელით. როგორ შეაფასებდით ამ გასვლით ტურნეს?

– განსხვავებით ფიჯისთან მატჩისა, დავესწარი იაპონიასთან გამართულ შეხვედრას, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ის თამაში არათუ 0:28 წასაგები, არამედ მოსაგებიც კი იყო. თუმცა ღმერთმა გადმოგვხედა და იმ თამაშებში წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ რომ ის თამაშები მოგვეგო, არაფერს არ შევცვლიდით და იგივე დინებით გავაგრძელებდით სვლას, რაც უფსკრულამდე მიგვიყვანდა. უარყოფითი ნიშნები ერთა თასზევე გამოჩნდა, ივნისში კი უკვე საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა,  ჩარევა აუცილებელი იყო და ამიტომაც დავემშვიდობეთ ორ ავსტრალიელ მწვრთნელს, მათ ნაცვლად კი მოვიწვიეთ ინგლისის ნაკრების, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების  შერკინების ყოფილი მწვრთნელი გრეჰემ როუნთრი. წინა მსოფლიო თასზე მისი ინგლისი სწორედ იმ ჯგუფში ჩარჩა, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით (ავსტრალია, უელსი, ფიჯი, ურუგვაი), ამიტომაც ორმაგი მოტივაციითაა, იძახის რევანში ქართველების ხელით უნდა ავიღოვო. მართლაც ძლიერი სპეციალისტია და მისი ხელი ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის ტესტ–მატჩებზე უკვე დაეტყო.

–მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ფიჯია, რომელიც სახელგანთქმულია რაგბი 7–ის ძალიან ძლიერი მოთამაშეებით. შეაბამისად, ამ ფონზე, საკმაოდ ძლიერი უკანა ხაზი ჰყავთ, ჩვენ კი წელს რაგბი 7–ის შიდა ჩემპიონატიც კი ვერ ჩავატარეთ, რომელიც ძალიან დაეხმარებოდა ჩვენს უკანახაზელებს განვითარებაში. რა იყო ამის მიზეზი?

– ორი წლის წინ საქართველოს რაგბი შვიდის ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად ჩავატარეთ  რეგიონებში, თუმცა წლეულს, უსახრობის გამო მუნიციპალიტეტებმა ვერ შეძლეს თუნდაც  ორდღიანი ტურნირების ორგანიზება საკუთარ ტერიტორიაზე. შევეცდებით ეს ხარვეზი მომავალ წელს გამოვასწოროთ, თუმცა ფინანსურად საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა. თითოეული თეთრის ეკონომია გვიწევს, რათა ძირითადი სარაგბო პროექტები ბოლომდე დავაფინანსოთ. ვატარებთ სხვადასხვა ექსპერიმენტებს – მაგალითად, სამოასთან საშინაო შეხვედრა ავჭალის სტადიონზე დავნიშნეთ, სადაც 4000 მაყურებელი ეტევა, თუმცა სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, ვინაიდან ბილეთის ფასი 25 ლარი იყო. მესმის, ეს ჩვენი შეცდომაც იყო, თუმცა ძალიან რთულია იმ შიდა ფინანსური ხარჯების ამოღება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც სპონსორები ასობით ბილეთის მიცემას გვთხოვენ უფასოდ. შეიძლება მათთვის არაფერია, მაგრამ ჩვენთვის იმ ერთ ბილეთსაც კი მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგი ჟესტი იქნება მათი მხრიდან, თუ ქველმოქმედებას გაწევენ ჩვენი სპონსორები და იყიდიან იმ ბილეთებს.

–საკმაოდ ძვირი ღირს საქართველოს სარაგბო ნაკრების ატრიბუტიკა. სათამაშო მაისურის ფასი 200 ლარს სცილდება, რაც დღევანდელ რეალობას მემგონი აცდენილია. მართლაც რომ დიდი ფუფუნებაა ნაკრების მაისურის ქონა დღევანდელ პირობებში, არადა მსოფლიო ჩემპიონატი მოდის და მსურველთა რაოდენობა გაიზრდება.

– შენიშვნა ამ შემთხვევაშიც მიღებულია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ CANTERBURY–ს ფირმის მაისურები გვაცვია, რომელიც უმაღლესი დონისაა. თვითონ დამზადება ჯდება საკმაოდ ძვირი, თუმცა გვესმის გულშემატკივრისაც. ვაპირებთ 2019 წლიდან გამოვუშვათ შედარებით ნაკლები ხარისხის სანაკრებო მაისურები, რომელთა ფასიც გაცილებით უფრო ნაკლები იქნება.

2019 წლიდან ასევე ვაპირებთ თემატური შეხვედრები გავმართოთ მარკეტინგის სამსახურთან, კომუნიკაციების სამსახურთან, საშეჯიბრო კომიტეტთან, გულშემატკივრებთან და სპეციალისტებთან. რათა ბოლომდე აღმოვფხვრათ პრობლემები და პირადად მოვისმინოთ მათი აზრი.

გიორგი ბარბაქაძე