ბითაძის 12-ქულიანი დებიუტი “ბუდუჩნოსტში”

0
20

ადრიატიკის ლიგის მე-12 ტურში მეორეადგილოსანი “ბუდუჩნოსტი” სლოვენიის ქალაქ ნოვო მესტოში შეხვდა აუტსაიდერ “კრკას” და დაძაბულ ბრძოლაში – 64:69 დამარცხდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და  მოედანზე 25:46 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბუდუჩნოსტში” 16 ქულით ბომბარდირი გახდა პეტარ პოპოვიჩი, ხოლო ბითაძემ, კოტი კლარკმა და დევინ ჯეკსონმა 12-12 ქულა დააგროვეს.

“ბუდუჩნოსტს” 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ბითაძის წინანდელ გუნდ “მეგა ბიმაქსთან” და ზაგრების “ცედევიტასთან”ინაწილებს. ადრიატიკის ლიგის მომდევნო მატჩს პოდგორიცული გუნდი 30 დეკემბერს, სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს, თუმცა 2 დღით ადრე, 28 დეკემბერს ბითაძის დებიუტი ევროლიგაში შედგება – “ბუდუჩნოსტი” მიუნხენში “ბაიერნს” დაუპირისპირდება.