შენგელიამ და ჯენინგმა “მაკაბის” 36 ქულა ჩაუგდეს და “ბასკონიას” მოაგებინეს

0
28

თელ ავივში ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-12 ტურის მატჩში ქართველთა “ბასკონიამ” დრამატულ ფინალში დაამარცხა მაკაბი – 81:79. ამ მატჩის მოგების შემდეგ ბასკონიას 12-დან 5 გამარჯვება დაუგროვდა და საპლეიოფო ზონას მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.
თორნიკე შენგელიაც და მეტ ჯენინგიც სასტარტო ხუთეულში იყო და ორივემ ბრწყინვალედ ითამაშა.
თორნიკე შენგელიამ 31 წუთში გუნდს 20 ქულა, 5 პასი, თითო მოხსნა, ჩაჭრა და ბლოკი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ქულებითაც და პასებითაც შენგელია გუნდში საუკეთესო იყო, საუკეთესო იყო ის ასევე მარგი ქმედების კოეფიციენტითაც – 18. თუმცა გადამწყვეტი სროლის შემსრულებელი ვენსან პოარიე დაასახელეს მატჩის MVP-დ (12 ქულა, 12 მოხსნა).
მეტ ჯენინგმა 31:28 წუთში 16 ქულა (4 სამქულიანი) შესძინა გუნდს. მის ანგარიშზეა 4 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა. ჯენინგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო.
მეტ ჯენინგი: “ვფიქრობ, დიდებულად ვითამაშეთ. დიდი ხნის განმავლობაში მეტოქე გვიგებდა. 5-8 ქულით სულ წინ იყვნენ. ბოლოს მაინც დავეწიეთ – შევძელი რამდენჯერმე თავისუფალი სივრცის ნახვა და სროლა, შემდეგ თოკომ ჩააგდო ის საჯარიმოები. ბევრი ვიბრძოლეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”.

საინტერესო სტატისტიკა: თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ მასპინძლებმა 10-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი, 12-ჯერ კი “ბასკონიას” სხვა კალათბურთელების წინააღმდეგ!