ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები გამოვლინდნენ – 17 დეკემბერს კენჭისყრაა

0
17

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში თექვსმეტიდან ერთადერთი დარჩენილი საგზურის ბედი კიევში წყდებოდა, სადაც უკრაინელთა დონეცკის “შახტარი” ფრანგების “ლიონს” ხვდებოდა. ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის და მერვედფინალში თამაშის უფლების მოპოვებისთვის ფრანგებს ფრეც აძლევდა ხელს, უკრაინელებს კი მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდათ. დონეცკელები პირველ ტაიმში ჟუნიორ მორაეშის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ნაბილ ფეკირმა საპასუხო გოლი გაიტანა და ლიონელები მერვედფინალში გავიდნენ.

უნდა გარკვეულიყო იმ გუნდის ვინაობა, რომელიც G ჯგუფიდან უეფას ლიგაზე სათამაშოდ გადაინაცვლებდა. მოსკოვის ცსკა-მ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა მადრიდში “რეალთან” (3:0), მაგრამ იმარჯვეს ჩეხეთის “ვიქტორია” პლზენის ფეხბურთელებმაც. მათ საკუთარ მინდორზე 2:1 სძლიეს “რომას”, პირად შეხვედრებში უპირატესობის წყალობით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპის ლიგაზე ბრძოლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს.

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალიდან ბრძოლას გააგრძელებენ:
დორტმუნდის “ბორუსია”, მადრიდის “ატლეტიკო”, “ბარსელონა”, “ტოტენჰემ ჰოტსპური”, “პარი სენ-ჟერმენი”, “ლივერპული, “პორტუ”, “შალკე”, მიუნხენის “ბაიერნი”, ამსტერდამის “აიაქსი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლიონი”, მადრიდის “რეალი”, “რომა”, ტურინის “იუვენტუსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

ჯგუფებში მესამე ადგილებზე გავიდნენ და ევროპის ლიგაზე ევროპის ლიგის 12 ჯგუფში გამარჯვებულ 24 გუნდთან ერთად მეთექვსმეტედფინალიდან გააგრძელებენ ასპარეზობას:
“ბრიუგე”, მილანის “ინტერი”, “ნაპოლი, “გალათასარაი”, “ბენფიკა”, “შახტარი” და პლზენის “ვიქტორია”.

17 დეკემბერს მომავალი წყვილების გამოსავლენად კენჭისყრა
ჩატარდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის და ევროპის ლიგის გათამაშების მეთქვსმეტედფინალის მატჩები თებერვალში გაიმართება.