ანდრეს ინიესტა: “მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

0
41

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა, ესპანეთში დაბრუნდა და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა. „ვისელ კობეს“ ნახევარმცველმა დრო ჟურნალისტებისთვისაც გამონახა და მათთან საუბრისას რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო.
მასმედიის წარმომადგენლების პირველი კითხვა უსმან დემბელეს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხებოდა:
„ჩემთვის ამ საკითხის შეფასება ძალიან რთულია, რადგან გუნდის შიდა სამზარეულოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ბუნებრივია კლუბში ქცევის გარკვეული წესები არსებობს და თუ ვინმე მათ არ ემორჩილება, მისი სწორ გზაზე დაყენება უნდა სცადონ. დემბელეს „ბარსელონაში“ თამაში სურს და უსმანის „მოკვლა“ აუცილებელი ნამდვილად არაა. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ფეხბურთელის გამოსწორება შეუძლებელია.
„დანამდვილებით ვერ გეტყვით გუნდში რა სიტუაციაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ნებისმიერი შეცდომის გამოსყიდვა შეიძლება. ვფიქრობ ვარჯიშზე სამჯერ დაგვიანება მოუგვარებელი პრობლემა არ გახლავთ“.
ინიესტამ პელეს კომენტარის შესახებ დასმულ კითხვას ასეთი პასუხი გასცა: „პელესთან დაპირისპირების გაჩაღებას არ ვაპირებ. ჩემთვის ლეო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და მას უამრავი რეკორდი აქვს დამყარებული. მესის მსგავსი მოთამაშე არასდროს მინახავს. არა მხოლოდ წლევანდელ სეზონში, არამედ ბოლო 15 წელია, ლეო მოედანზე სასწაულებს აკეთებს“.
ინიესტამ „ბლაუგრანაზე” საუბრისას კი აღნიშნა:“ბარსელონა“ ისეთი დონის გუნდია, რომლისგანაც ჩემპიონთა ლიგის მოგებას ყოველ წელს ელიან. იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული ჯილდო დავისაკუთრეთ ლა ლიგაშიც მშვენივრად გამოვიყურებოდით, რაც შემთხვევითობა ნამდვილად არა ყოფილა. “ბარსამ“ წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი უნდა მოიგოს“.