ნატვრისთვალი

0
11

„ჯერ არ დასრულებულა ეპოქა, რომელშიც შეგიძლია ფეხბურთის ყურებისას მხოლოდ საკუთარ თვალებს ენდო“

არსენ ვენგერი

 

ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეს ფერენც პუშკაშს უთქვამს: „ფეხბურთი ღვინოსავითაა – არის წლები, როცა კარგი ღვინო ყენდება და არის წლები, როდესაც არ ვარგა“. წლევანდელი შემოდგომა ბარაქიანი გამოდგა ქართული ფეხბურთისთვის და „წელს დაწურული ღვინოს“ კარგი პირი უჩანს სამომავლოდ.

სამოცი წელიწადია, რაც სტადიონზე დავდივარ ფეხბურთის სიხარულის სანახავად დაგულწრფელად ვიტყვი: დიდი მიშა მესხის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ არ მახსენდება ისეთი პატივი, როგორც „დინამოს“ სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა მიაგო ქართული ფეხბურთის ახალ ნატვრისთვალს – გიორგი ჩაკვეტაძეს, როცა ფეხზე წამოუდგა და მხურვალე ტაშით გააცილა გასახდელისკენ!..

ამ გულუხვ ჟესტში ბევრი რამ იყო დატეული – წრფელი მადლობა მონატრებული თამაშისთვის და სამომავლოდ გაცემული ავანსი. თვალნათლივ გამოჩნდა, თუ როგორ დანატრებულია ქართველი ქომაგი ნამდვილი ფეხბურთის სიხარულს, სანახაობას, ხალას ნიჭს. კიდევ ერთხელ დადასტურდა მთავარი – საქართველოში ფეხბურთი უყვარდათ, მიუხედავად ბოლო წლების უნუგეშობისა, ჯერ კიდევ უყვართ და მომავალშიც ეყვარებათ, თანაც ნამეტნავად!..

ჟურნალისტები დიდხანს შევრჩით მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე და როცა შინ დავბრუნდი, გერმანია–ჰოლანდიის მეორე ტაიმი კარგა ხნის დაწყებული იყო. სხვის თამაშს გული ვერ დავუდე, რადგან ჩაკვეტაძის თამაშის მომენტები მედგა თვალწინ. გადავრთე, გადავახვიე და პირველ რიგში ჩვენების ნათამაშები პირველი ტაიმის მეოცე წუთის ის საოცარი მომენტი მოვნახე, როცა გიორგიმ მაღალ ნახტომში, ერთი საოცარი მოძრაობით ბურთიც დაიმორჩილა, მცველიც ჯერ კიდევ ჰაერში მყოფმა მოარტყა და სანამ ბალახზე დაეშვებოდა, მესხის ფინტის მაგვარი შედევრით სათავისოდ წინ გაიგდო მისთვის მორჩილი ბურთი!.. ასეთ რამეს ფეხბურთელს ვერცერთი მწვრთნელი ვერ ასწავლის, ეს მისი ხალასი ნიჭის და უკიდეგანო ფანტაზიის გამოვლენაა.

ასეთ საოცრებებს თავის საუკეთესო წლებში რონალდინიო ჩადიოდა „ბარსაში“ და რადგან ეს გუნდი ვახსენე, ბარემ იმასაც თამამად ვიტყვი, რომ ფეხბურთის გურმანებისთვის ასეთი ესთეტიკის შეთავაზება ხელეწიფებათ ანდრეს ინიესტას და რა თქმა უნდა, ლეო მესის. ამას გულწრფელად ვამბობს და მჯერა, რომ არ ვაჭარბებ: გიორგის ეს გამაოგნებელი მოძრაობა ხუთჯერ გადავახვიე და რა გასაკვირია, თუ იმ საღამოს ამის შემდეგ სხვა თამაშის ნახვის სურვილი გამიქრა, იმდენად სავსე გახლდით მიღებული ემოციით.

ახლა მთავარია ამ ჩვენმა ნატვრისთვალმა სწორად გააგრძელოს თავისი საფეხბურთო კარიერა: მას ბელგიურ „გენტში“ (ამ გუნდს ადრე „ლა განტუაზი“ ერქვა, 1959 წლის 22 მაისს თბილისში იყო ჩამოსული და „დინამომ“ 2:1 მოუგო. მაშინ რვა წლისა გახლდით და სტადიონზე წამიყვანეს. ისიც მახსოვს, რომ პირველი გოლი ულვაშა თენგიზ მელაშვილმა დააყუმბარა, მეორე კი თავური დარტყმით შეაგდო ზაურ კალოევმა) მალე ვეღარ გააჩერებენ და ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეირჩეს მისი სამომავლო კლუბი, რათა გასავლელი გზა არ გაუმრუდდეს. კლუბის შერჩევა უნდა მოხდეს არა იმ ნიშნით, თუ ვინ გადაიხდის რამდენიმე მილიონით უფრო მეტს!.. ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მავანთა ვიაგრაგადაყლაპულ სიხარბეს გადააყოლოს გიორგი ჩაკვეტაძის დიდი მომავალი.

ნათქვამია – ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო… არაა ეგრე!.. ჯერ ერთი, გიორგი მარტო არაა და მოედანზე მის გარდა მისი თანანაკრებელები გვეიმედება. ამაზე სასაუბროდ წინ გრძელი ზამთარია და ამ თემას „ათიანი“ ბევრჯერ მიუბრუნდება.

აღარც მახსოვს, როდის დავლოდებივართ ასე იმედიანად საფეხბურთო გაზაფხულს, ჩვენ ქუჩაზეც უნდა მოვიდეს გაზაფხული!.. ჩავუთქვათ ეს ამბავი საახალწლო სურვილად.

გიორგი გორგოძე