შურისძიება ევრობასკეტისთვის

0
5

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მატჩი მოიგო. აქამდე არაერთი ლამაზი გამარჯვება გვქონია, მაგრამ “ბაზერ-ბითერით”, ბოლო წამს ჩაგდებული ბურთით უფრო ხშირად წაგვიგია, ვიდრე მოგვიგია. ამჯერად გიორგი შერმადინის ფარიდან ასხლეტილი ორქულიანით 71:69 დავამარცხეთ ისრაელი.

ფორტუნას ხელი
– ყველამ ნახა, რა მოხდა თელ-ავივში ევრობასკეტი 2017-ზე, როგორ წარიმართა ისრაელი-უკრაინის მატჩი. ეს იყო სირცხვილი, – ასეთი იყო ილიას ზუროსის პასუხი ისრაელელი ჟურნალისტის ერთი წლის შემდეგ დასმულ შეკითხვაზე.
ევროპის ჩემპიონატზე, მას მერე, რაც საქართველოსთან ოვერტაიმში დამარცხების შემდეგ ისრაელის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაეწურა, უკრაინასთან აღარ იბრძოლა, მოაგებინა და საქართველოს ნაცვლად ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში უკრაინა გავიდა.
ბუნებაში არაფერი იკარგება, არც მსგავსი უმსგავსობა. ჰოდა, 2018 წელს ისრაელთან ორივე მატჩში საკალათბურთო ფორტუნა საქართველოს მხარეს იყო. ცხადია, იღბალი ძლიერებს სწყალობთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ თელ-ავივში, შემდეგ თბილისში იყო არაერთი ისეთი ეპიზოდი, მათი ისრაელის სასარგებლოდ დასრულების შემდეგ შეიძლებოდა საფინალო შედეგიც სხვა ყოფილიყო.
ასე არ მოხდა, საქართველოს ნაკრებმა ორივე მატჩში დამსახურებულად გაიმარჯვა – სექტემბერში 85:80, ახლა, 3 დეკემბერს – 71:69.

64:64
როცა ყველაფერი კარგად მთავრდება, სასიამოვნოა ბოლო წამების ქრონოლოგიის გადახედვაც: ძირითადი დროის ბოლო წუთნახევარში მხოლოდ 3 ქულა ჩავარდა, სამივე საჯარიმოს ხაზიდან. დუდა სანაძემ ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, ხოლო სირენამდე 18 წამით ადრე ჯეიკ კოენმა ორივე საჯარიმო ცივსისხლიანად სტყორცნა და ანგარიში გაათანაბრა – 64:64.
ეს ანგარიშიც და ბოლო წუთნახევრის ამბებიც კარგად წარმოგვიდგენენ შეხვედრის სურათს – მძიმე, დაცვითი, აგრესიული…
საქართველოს ნაკრების დაცვაზე ილიას ზუროსი გვესაუბრება, ისრაელის დაცვაზე – გიორგი შერმადინი. ჯერ მწვრთნელს მოვუსმინოთ:
– გადავწყვიტეთ, გვეთამაშა ორი ცენტრით, რათა მათ ფარქვეშ შანსი არ მიეცათ ისრაელის წინახაზელებისთვის, ხოლო სამ უკანახაზელს პერიმეტრიდან დაეცვა თავი. როდესაც მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გაქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს დაცვას. საერთო სურათზე რა მოგახსენოთ, მაგრამ რიგ ეპიზოდებში დაცვა კარგი იყო.
ასეთ დაცვას ისრაელი მხოლოდ მესამე პერიოდში გაუმკლავდა, როცა სამქულიანები წაუვიდა. მათ ხომ სხვა შანსი არ რჩებოდათ – რამდენიც უნდა მოენდომებინათ, ჩვენს დაცვას ისე ვერ შლიდნენ, რომ ორივე ცენტრი ფარქვეშიდან გამოეყვანათ. ორივე თუ არა, ხან შერმადინი იცავდა ფარს, ხან ბითაძე. მწვრთნელი კმაყოფილი იყო ბექა ბურჯანაძით, თუმცა მას მხოლოდ 12 წუთი არგუნა.
ახლა ისრაელის დაცვაზე. მოვუსმინოთ გიორგი შერმადინს:
– ისრაელის ნაკრები ძალიან მჭიდროდ გვეთემაშა, ცენტრებს გასაქანი არ მოგვცა – ბურთის მიღების შემდეგ, იატაკზე დავაგდებდით თუ არა, მეორე დამცველი მოდიოდა, შემდეგ მესამეც ეხმარებოდა.
შედეგად, თუ ესტონეთში საქართველომ ფარქვეშ ყველა კომპონენტში აჯობა მასპინძლებს, ისრაელთან სამწამიანი ზონიდან ჩაგდებული ქულებით 16:20 წავაგეთ. როცა 45 წუთს თამაშობ, მოედანზე გყავს შერმადინი-ბითაძის დუეტი და ფარქვეშიდან მხოლოდ 16 ქულას აგროვებ, მეტოქის დაცვა უნდა აღიარო. საკუთარ შეტევაზე კი, სჯობს არაფერი თქვა.

შერმადინის ოქროს ხელი
ძირითადი დრო 64:64 რომ მორჩა, ამიტომაც განვაგრძეთ დაცვაზე ლაპარაკი, თუმცა იმდენად გაგვიგრძელდა, ოვერტაიმიც დაიწყო…
დამატებით ხუთწუთეულში მხოლოდ 12 ქულა ვიხილეთ: 7 საქართველომ ჩააგდო, 5 ისრაელმა. საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ გულშემატკივარმა მეორე ოვერტაიმისთვის დაიწყო მზადება, თუმცა ასეთი მხოლოდ სკეპტიკოსი ქომაგები იყვნენ – ნამდვილ ქართველ გულშემატკივარს ხომ ყოველთვის სჯერა გამარჯვების თუ სირენამდე თუნდაც წამია დარჩენილი.
ოვერტაიმის დასრულებამდე 7 წამით ადრე საქართველოს ნაკრებმა ბურთი გვერდიდან შეიყვანა, ცინცაძემ მაკფადენს გადააწოდა, რომელმაც პიკ-ენდ-როლი გაითამაშა შერმადინთან. გიორგი კალათს მიუახლოვდა და… როგორ დასრულდა ეს ეპიზოდი ყველას თვალწინ უდგას – ეს ის შემთხვევაა, შერმადინის ტყორცნა დიდხანს რომ დარჩება გულშემატკივრის მეხსიერებაში.
გიორგიმ მატჩი 10 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად გოგა ბითაძე დასახელდა, რომელმაც 18 ქულას 7 მოხსნა და 3 დაფარება წაუმატა. გიორგი ცინცაძეს 14 ქულა ჰქონდა, ხოლო მაკფადენს – 9.

დარჩა ორი
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩი დარჩა – ორივე თებერვალში, ჯერ საბერძნეთში, შემდეგ ესტონეთთან თბილისში. ჯგუფიდან გასვლის შანსს კვლავაც ვინარჩუნებთ, თუმცა საამისოდ აუცილებელია მესამეადგილოსანმა (ჯგუფიდან სამი გადის) სერბეთმა დარჩენილი ორივე შეხვედრა წააგოს (ისრაელსა და ესტონეთს ეთამაშება), რაც ძალიან რთული წარმოსადგენია.
მსოფლიოზე გასასვლელად ბალკანელებს ერთი მოგებაღა აკლიათ. ჯგუფის ლიდერებმა, გერმანიამ და საბერძნეთმა კი, ჩინეთის მუნდიალის საგზური სექტემბერში გაინაღდეს.

ვაჟა სიმონიშვილი