“ოქროს ბურთი” ლუკა მოდრიჩს გადასცეს

0
2
“ფრანს ფუტბოლმა” “ოქროს ბურთი” “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს გადასცა.
მან 753 ხმა დააგროვა, მეორე ადგილზე 476 ხმით “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო მესამეზე “ატლეტიკოს” ფორვარდი ანტუან გრიზმანი (414 ხმა).
პრიზს რომ მოდრიჩი მიიღებდა, პრინციპში სიახლე არავისთვის არ იყო, რადგან კარგა ხნის წინ გახლდათ ცნობილი.
მოდრიჩმა წელს კლუბსა და ნაკრებში 3 გოლი გაიტანა, მასზე ნაკლები ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ ლევ იაშინს (1963 წელს) ჰქონდა გატანილი – 0 გოლი, მაგრამ ის მეკარე იყო.
ცერემონიას ლეო მესი (“ბარსელონა”) და რონალდუ არ დაესწრნენ, რომლებიც წინა 11 წლის მანძილზე ამ პრიზის მფლობელები იყვნენ.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე მიიჩნიეს.
წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად “ლიონისა” და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ადა ჰაგერბერგი აღიარეს, რომელიც თავის გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.