”საბურთალო” საქართველოს ჩემპიონია !

0
25

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის გამარჯვებული ”საბურთალოა.” გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა. თბილისურ დერბიში ”საბურთალომ” საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, უშუალო კონკურენტი ”დინამო” 2:1 დაამარცხა.
1999 წლის 20 აგვისტოს დაარსებულმა კლუბმა ”დინამოსთან” მატჩში ანგარიშის შემოტრიალება მოახერხა და ზივზივაძის ერთადერთ გოლს ორი გოლი უპასუხა. ”საბურთალო” საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა.

33 ტურში ”საბურთალომ” 71 ქულა მოაგროვა და ”დინამოს” 11 ქულით გაასწრო. ზაურ სვანაძის ფეხბურთელები 11-ქულიან ჩამორჩენას ვერ აღმოფხვრიან. მეორეადგილოსან ”დინამოს” ქუთაისის ”ტორპედო” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ასე რომ დარჩენილ სამ ტურში ”დინამო” და ”ტორპედო” მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ.

”მიხეილ მესხზე” მე-14 წუთზე ნომინალური სტუმრები დაწინაურდნენ. ივანისენია-რუხაია-ზივზივაძის კომბინაცია გოლით დასრულდა.
მე-20 წუთზე გიორგი კოხრეიძემ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. პენალტი ვაგნერ გონსალვეშმა გამოიმუშავა, რომელიც საჯარიმოში ლოჩოშვილმა თამაშის წესის დარღვევით წააქცია.
გამარჯვების გოლი ვაგნერ გონსალვეშის ანგარიშზეა. თბილისის ”დინამოს” მცველები შეცდნენ და გონსალვეშმა შანსი გამოიყენა.