მესი vs მარადონა

0
11

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ პირველად ითამაშა „ბარსელონას“ შემადგენლობაში. დღეს ის კვლავ მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელია. ლეგენდად ქცეულმა არგენტინელმა ლამის ყველა რეკორდი დაამყარა: ლეო მესი 566 გოლით არის საუკეთესო ბომბარდირი „ბარსელონას“ ისტორიაში, საუკეთესო მეგოლე პრიმერა დივიზიონში 332 გოლით, საუკეთესო ბომბარდირი არგენტინის ნაკრებში 65 გატანილი გოლით. ლეო მესიმ ხუთჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“.
ლეო 31 წლისაა, რაც ხელ არ უშლის ბოლომდე შეინარჩუნოს თავისი უმაღლესი და სხვებისთვის მიუწვდომელი სათამაშო დონე. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში მან 14 გოლი გაიტანა.
კატალონიის ,,ბარსელონას” ლიდერი, ლეო მესი სევილიის ,,ბეტისთან” გაფორმებული დუბლის შემდეგ, ერთი გუნდის მაისურათი გატანილი გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე გადავიდა.
არგენტინელს კატალონურ გრანდში 566 გოლი დაუგროვდა. Mundo Deportivos-ს ცნობით, მესი ახლა მხოლოდ პელეს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც, ,,სანტოსის” რიგებში 643 გატანილი გოლია.
მესამე ადგილს გერდ მიულერი (565 გოლი მიუნხენის “ბაიერნში”) იკავებს, მეოთხე ადგილზე ეუსებიოა (473 გოლი ლისაბონის “ბენფიკაში”), მეხუთეზე კი კრიშტიანუ რონალდუ (450 გოლი მადრიდის “რეალში”).
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ აღნიშნა, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავ ლიონელ მესის, ისტორიაში დიდებულ ფეხბურთელად შესასვლელად, მსოფლიო თასის მოგება არ სჭირდება.
“ალფრედო დი სტეფანოს მუნდიალი არ მოუგია, მაგრამ ის დიდებული ფეხბურთელი იყო. ასევეა მესის შემთხვევაშიც.
მისი უამრავი ტიტული და არაერთი გატანილი გოლი ყველაფერზე მეტყველებს – მას არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რომ ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს.
რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ მესი ამას მოახერხებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ მუნდიალს ვერ მოიგებს, ეს ტრაგედია არ იქნება”, – აღნიშნა მენოტიმ.
„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კატალონური კლუბის ტექნიკური დირექტორი ერიკ აბიდალი გუნდში ლიონელ მესის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„მესი სამაგალითოა არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანიც. ის ცოტას საუბრობს, მაგრამ ყველაფერს მოედანზე აჩვენებს. ლეო „ბარსელონას“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მათ შორის გასახდელშიც. ყოველთვის ვამბობთ, რომ მესიმ ბევრი არ  უნდა ისაუბროს. ისედაც ყველამ  იცის, როდისაა ლეო გაბრაზებული და როდის ბედნიერი. მესის ისტორია დიდებულია“, – ამბობს აბიდალი.
საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მომავალ სეზონში არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება.
გამოცემის ცნობით, “ბარსელონას” 31 წლის მესისთან, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხელშეკრულების მინიმუმ ერთი სეზონით გახანგრლივება სურს. ასევე განიხილება მისი ორი სეზონით – 2023 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობა.
ბარსელონას მენეჯერებს სურთ, რომ ლიონელ მესი კარიერის ბოლომდე მათი გუნდის ერთგული დარჩეს. ამ აზრს იზიარებენ არგენტინელის თანაგუნდელებიც. გამოცემა აღნიშნავს, რომ “ბარსა” არგენტინელი ვარსკვლავის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც უწინაც უთქვამს, რომ ყოველთვის სურდა მთელი კარიერის ამ კლუბში გატარება.
კატალონურ კლუბსა და თავდამსხმელს შორის კონტრაქტი გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მომავალი წლიდან დაიწყება.
ლიონელ მესის დებიუტი “ბარსელონას” ოფიციალურ მატჩში 2004 წელს ჰქონდა. მას შემდეგ მესი “ბარსელონასთან” ერთად ესპანეთის 9-გზის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგაში კი ოთხჯერ გაიმარჯვა.
როცა არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოიგო, დიეგო მარადონა ლეოს თამაშმა ისე აღაფრთოვანა, რომ მისის ტელეფონის ნომერი გაიგო და გამარჯვება პირადად მიულოცა.
„იცით, რას ნიშნავს, როდესაც დიეგო პირადად გირეკავს და ყურმილში მისი ხმა გესმის? თან, როდესაც ის გეუბნება, რომ ამაყობს შენით და შენ მისი ახალგაზრდობა მოაგონე… ეს დაუვიწყარი წამი იყო!..“, – გულწრფელად განუცხადა მესიმ.
ორიოდე წლის წინ დიეგო მარადონა აღტაცებით ამბობდა ინტერვიუში: „ყველაზე მეტად ლეო მესის თვისებებიდან ის მომწონს, რომ ის ნამდვილი ლიდერია. ის გუნდს შესანიშნავად გრძნობს და ზეწოლის ქვეშ არ ექცევა“.
მას შემდეგ D10S–მა სერიოზულად აურია და უამრავ სისულელეს აფრქვევს თავის უადგილო და გაუთავებელ ინტერვიუებში. მისმა ბოლო გამონათქვამმა ყველა გააოგნა და მწარე კომენტარებმაც არ დაახანა.
დიეგო მარადონას თქმით, „ბარსელონას“ ფორვარდისგან, ლიონელ მესისგან არგენტინის ნაკრების ლიდერი არ უნდა შექმნან. მარადონას სიტყვები Football-espana.net-ს მოჰყავს.
„მოდით, ამიერიდან თავი დავანებოთ მესის გაღმერთებას. მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უაზრობაა იმ ადამიანის ლიდერად გადაქცევა, ვინც მატჩამდე ოცჯერ შედის ტუალეტში. „ბარსელონას“ რიგებში ერთი მესი თამაშობს, არგენტინის ნაკრებში – მეორე,“ – განაცხადა დიეგომ.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მარადონამ მესის ურჩია არგენტინის ნაკრებში აღარ დაბრუნდეს.
“ბარსელონას” ექსკაპიტანი ჩავი თავის ყოფილ თანაგუნდელს ლიონელ მესის გამოექომაგა, რომელსაც დიეგო მარადონამ ხასიათი დაუწუნა და განაცხადა, რომ ლეოს ლიდერის თვისებები აქვს.
“მარადონას არ ვეთანხმები. მესი ნამდვილად წარმოუდგენელი ლიდერია. შეიძლება, ზედმეტად მშვიდია, მაგრამ მას სრულყოფილ ლიდერად ვთვლი. იგი ყოველთვის ბურთის მიღებას ცდილობს. მესი დიდებული პიროვნებაა და არასდროს იმალება”, – ამბობს ჩავი.
რა შეიძლება ამას დავარქვათ? მარადონას მორიგი ხმაურიანი სისულელე თუ ეჭვიანობა მესის მიმართ, რასაც უბრალოდ შური ჰქვია – „წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა“ (სულხან–საბას „ლექსიკონი ქართული“).
ბოლო ინტერვიუში არგენტინის ნაკრების მწვრთნელ ლიონელ სკალონისაც მიდგა:
„არგენტინის ნაკრებს სათავეში ახალგაზრდა ბიჭი უდგას. მისი ბრალი არაა, რომ ეროვნული გუნდი ჩააბარეს. მას ამისკენ უბიძგეს. პრობლემა ისაა, რომ ხვალ შეიძლება თავი მწვრთნელად იგრძნოს და მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის გაყვანა მოინდომოს. სკალონის ამის გაკეთება მართლაც შეუძლია, ოღონდ არა საფეხბურთო ჩემპიონატზე, არამედ მოტორბოლაში“.

გიორგი გორგოძე