კიდევ შევხვდებით

0
4

სანამ იტალიის ნაკრებთან ჩვენი ბორჯღალოსნების თამაშის შესახებ ვიტყვით, ერთი რამის შეხსენება მინდა, რაც ამ დაპირისპირებასთან კავშირშია. მხედველობაში მაქვს ორივე ნაკრების შემადგენლობა და ტესტ–მატჩების წინ.
არგენტინის ნაკრების ყოფილი ცხრა ნომერი და მსოფლიოში ცნობილი შერკინების ნახევარმცველი ავგუსტინ პიშო, რომელიც დიდი სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ ფუნქციონერი გახდა და „მსოფლიო რაგბის“ ვიცე–პრეზიდენტად აირჩიეს, მუდამ იბრძვის მორაგბეთა სანაკრებო ნატურალიზაციის წესების შეცვლისთვის. ჯერჯერობით იმას მიაღწია, რომ ტომით უცხო მორაგბემ, ვისაც სხვა ქვეყნის ნაკრებში სათამაშოდ ნატურალიზაცია სურს, ამისათვის ამ ქვეყანაში ხუთი წელი უნდა იცხოვროს (მანამდე მოთხოვნა სამი წელი იყო) და ამ ქვეყნის კლუბში უნდა ითამაშოს. ავგუსტინ პიშო ამ წესის კიდევ უფრო გამკაცრებისთვის იბრძვის და თვალსაჩინოებისთვის გამოაქვეყნა სია, სადაც მოცემულია, თუ რამდენ პროცენტს შეადგენს ამ თუ იმ პირველი დონის ნაკრებებში ნატურალიზებული მოთამაშეების რაოდენობა.
აღნიშნულის გამოქვეყნებამ ბობოლა სარაგბო ქვეყნების უმრავლესობის ვნებათაღელვა გამოიწვია. სია კი ასეთია: ყველაზე მეტი ნატურალიზებული მორაგბე შოტლანდიის ნაკრებშია – 46.3 პროცენტი. შემდეგ მოდია იაპონიის „საკურები“ – 37.1 % და იტალიის „აძურა“ – 29.7 %; არც ინგლისელები (27.7), ირლანდიელები (26.1) და უელსი (24.3) უკადრისობენ უცხოტომელთა ნატურალიზაციას.
ამავდროულად სამხრეთ აფრიკას, არგენტინას, საქართველოს, ფიჯის, ტონგას და სამოას ნაკრებები სხვა ქვეყნის მორაგბეთა ნატურალიზაციას საერთოდ არ ახდენენ.
თუ ახლო წარსულში რომელიმე არგენტინელის ან სამხრეააფრიკელისთვის გაიტალიელებისთვის საკმარისი იყო განეცხადებინათ – ჩემი ბებია წინა საუკუნეში ნეაპოლის პიცერიაში „ნაპოლიტანას“ აცხობდაო, აწი ასე აღარ იქნება. არადა, იტალიური რაგბის თავკაცებმა მარტო ამ ქვეყნებიდან მოთამაშეთა ნატურალიზაცია აღარ იკმარეს და წყნარ ოკეანეში მიკარგულ ტონგელ–სამოელ და ფიჯელი მორაგბეების გაიტალიელება დაიწყეს და მაგალითად „აძურელი“ შერიფ ტრაორეს ან ჯიმი ტუივაიტის შემხედვარე ვერ იტყოდი, რომ მათი ბებია ან ბაბუა ნამდვილად ვერ იქნებოდნენ პიცის ცომის მზელავები ლიგურიაში თუ სიცილიაში.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრამდე ათიოდე დღით ადრე იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ალფრედო გავაზიმ „ბორჯღალოსნებთან“ დაპირისპირებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ნოემბერში ოთხი ტესტ–მატჩი გვაქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთან. კონორ ოშიმ (იტალიის ნაკრების მწვრთნელი) გუნდი ორ ნაწილად გაყო: ერთი, რომელიც ჩიკაგოში ირლანდიასთან სათამაშოდ გაემგზავრება და მეორე, რომელიც იტალიაში დარჩება საქართველოსთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად. ვიცით, რომ საქართველო რეიტინგში ჩვენთან ახლოსაა და ვიცით, რომ მათი ბევრი მორაგბე საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ამიტომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია ჩვენთვის“.
ჩვენებთან ფლორენციაში თამაშამდე იტალიის ნაკრები ჩიკაგოდან არცთუ კარგ განწყობაზე დაბრუნდა, სადაც ირლანდიის „სამყურებთან“ 7:54 განადგურდა და საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო ათი თამაშიდან „აძურამ“ ცხრა წააგო. იტალიის ნაკრები უკვე 18 წელია თამაშობს „ექვსი ერის“ ტურნირში და ამ ხნის განმავლობაში 80 მატჩი აქვს წაგებული.
იტალიის ნაკრების თავკაცებს არ გამორჩენიათ ის გარემოება, რომ საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტ–მატჩებში აშკარად ჩააგდო. ისიც ეცოდინებოდათ, რომ ტრავმების გამო ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და სათავისოდ სწორად შეარჩიეს „ბორჯღალოსნებთან“ დაპირისპირების დრო და ადგილი (რა თქმა უნდა, მხოლოდ შინ თამაშს არიან ყაბულს), ამით კი რეიტინგის და ხასიათის გამოკეთებას აპირებდნენ.
აი, რას წერდა გაზეთი „კორიერე დელა სერა“: „ჩიკაგო (სადაც იტალია ირლანდიასთან 7:54 განადგურდა) მხოლოდ დასაწყისია, წინ სამი თამაში გველის: ფლორენციაში საქართველოს, პადოვაში ავსტრალიას და 24 ნოემბერს რომში ახალ ზელანდიას ვუმასპინძლებთ (ცნობისთვის: პადოვაში ავსტრალიასთან 7:26 დამარცხდნენ, ხოლო რომში ახალ ზელანდიასთან საერთოდ განადგურდნენ – 3:66). რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ ამ შაბათს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ იქნება. ქართველებს დიდი ამბიცია აქვთ და წლების განმავლობაში ითხოვენ „ექვსი ერის“ გათამაშებაში მოხვედრას იტალიის ნაკრების ნაცვლად. იტალიის ნაკრების მიზანი სწორედ ამ შეხვედრის დამაჯერებლად მოგება და ქართველების 5–6 წლით დადუმება იქნება“.იტალიის ნაკრების ირლანდიელი მწვრთნელი კონორ ოში მატჩის წინ მკვეთრი და ლაკონური იყო: „ფიზიკურად ძალზე დატვირთული თამაში იქნება. გვინდა, რომ მთელი 80 წუთის განმავლობაში ჩვენი მაქსიმალური დონე დონე ვაჩვენოთ. ამ მატჩის შედეგს ჩვენი მომავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამისთვის მზად ვართ“.
იტალიელთა მზადყოფნას ისიც უწყობდა ხელს, რომ ნაკრებში გამოძახებულთა თავდაპირველ შემადგენლობაში 18 მორაგბე კლუბ „ბენეტონიდან“ იყო, ხოლო 14 მორაგბე ისევ იქაურ მეორეადგილოსან კლუბ „ზებრედან“ – ეს იტალიური კლუბები ყოველწლიურად თამაშობენ სარაგბო ევროტურნირზე „ჰაინეკენის თასზე“.
ბორჯღალოსნებს რაც შეეხებათ: რვა წამყვანი მორაგბის ტრავმის გამო ჩვენი თხუთმეტეული პირველად თამაშობდა ამ შემადგენლობით. მათ შორის რამდენიმე ისეთი მოთამაშე იყო, რომლებსაც ასევე ტრავმების გამო ნაკრებში წელიწადზე მეტი არ უთამაშიათ.
თამაში მთელმა საქართველომ იხილა ტელევიზიით და კიდევ ათი ათასამდე ქართველმა ქომაგმა ფლორენციის „არტემიო ფრანკის“ სტადიონის ტრიბუნებიდან. ჩვენი ეროვნული დროშით აღჭურვილმა ქომაგებმა სარაგბო სამყაროს დაანახეს, თუ როგორ უყვართ ეს თამაში ჩვენ ქვეყანაში, რითაც იტალიელები გაოცებულნი დარჩნენ.


მატჩის პერიპეტიების მოყოლას აზრი არ აქვს. ჩვენებმა იტალიის ნაკრებს ბრძოლა კი გაუმართეს, ორი ლელოც დადეს, ერთი ამდენის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვეს, მაგრამ მოდი, პირდაპირ ითქვას – მთლიანობაში ცუდად ითამაშეს: ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ და ნერვიულობის ფონზე დაშვებული უნებლიე შეცდომები; მეტოქე გვჯობდა დერეფანსა და მოლში, სათამაშო დისციპლინაში და პრაგმატულობაში, თორემ არც „აძურის“ მოთამაშეებს „დაუმტვრევიათ კრამიტები“ – უფრო ჩვენი შეცდომებით იხეირეს.
მსაჯების მიმართ აუგი არ გვეთქმის – ახალზელანდიელმა ობიექტურად და მაღალ დონეზე იმსაჯა.
ისიც სათქმელია, რომ როცა სასტარტო მღელვარებამ ჩაიარა და გასინბინებული მორკინალიც დაგვიბრუნდა, დასკვნით ოც წუთში იტალიის ნაკრები თავის ნახევარზე გამოვკეტეთ. რადგან მოსაგებად ორი ლელო გვჭირდებოდა და თანაც კიკერმა – სოსო მათიაშვილმა ტრავმა მიიღო, ჯარიმები კარში აღარ ვურტყით, თორემ სხვაობა, შესაძლოა, უფრო მცირე ყოფილიყო.
იტალიასთან ტესტ–მატჩში დამარცხების შემდეგ ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ბუკა შარიქაძემ ქომაგებს ბოდიში მოუხადა: „ძალიან რთული მატჩი იყო. იტალიამ კარგად ითამაშა. წაგების მიზეზი ისაა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. ნათქვამიც მაქვს და ვიცოდით, რომ ასეთ შეხვედრაში ამგვარი შანსების გაფლანგვა არ შეიძლება. სამწუხაროდ გავფლანგეთ. ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, რომ ვერ გავახარეთ. დიდი მადლობა, რომ ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და ბოლო წუთამდე გვიქომაგეს“.
ამით არაფერი თავდება და იტალიის ნაკრებს კიდევ შევხვდებით, იქნებ თბილისშიც დაგვდონ პატივი ჩამოსვლით.
დასანანია, რომ ინგლისში ჩატარებული და იაპონიაშ გასამართ მსოფლიო ჩემპიონატებზე იტალიასთან შეხვედრა არ მოხდა და ალბათ, არც მოგვიწევს – ეს იქნებოდა ორი თანაბარ პირობებში მომზადებული ნაკრების შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, მსოფლიო რაგბის უმაღლეს ფორუმზე.

გიორგი გორგოძე