LOVE FOOTBALL AND FOLLOW MONEY

0
33

…აფრიკის ზონის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი შესარჩევი მატჩის მიწურულს საჯარიმო მოედანში ჩაწოდებული ბურთი ფეხბურთელს მუხლზე ხვდება, მსაჯი კი შეუვალია – ხელით თამაშისთვის (?!) პენალტს ნიშნავს და მატჩიც 2:1 სრულდება. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რეფერის დიდძალი ფული აუღია საიმისოდ, შეხვედრაში სამი გოლი რომ გასულიყო. მან „დავალება“ პირნათლად შეასრულა და მავანთათვის სასურველი შედეგი „დასვა“. ავიღოთ მეორე მაგალითიც – ცენტრალური ევროპის ქვეყნის ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ახალგაზრდა მეკარეს უმდიდრესი ადამიანი „უმეგობრდება“,„პერსპექტიული“ კიპერი ფულისა და ვარსკვლავური ცხოვრების სიამტკბილობის ნაკლებობას არ განიცდის, კლუბებსაც ხელთათმანებივით იცვლის, მისი ოჯახი დიდძალ საბანკო ვალს ისტუმრებს, მეკარე კი ამა თუ იმ შეხვედრაში გოლის გაშვების „მეგობრულ რჩევას“ იღებს და დამფინანსებელს გულს არ სწყვეტს…

ანალოგიური მაგალითების მოყვანა ლამის დაუსრულებლად შეიძლება. სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სათამაშო ბიზნესში ტრილიონნახევარი ევრო ტრიალებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს რაც შეეხება, გულშემატკივრები მასზე მილიარდი ევროს ფსონს დებენ, რომელთა 70 პროცენტი აზიის ქვეყნებზე მოდის.

ფეხბურთის მოყვარულებს ხშირად ესმით სპორტულ კომენტატორებისგან ტერმინი „საფეხბურთო სპექტაკლი“. ამ ტერმინში გამოთქმის პირდაპირი მნიშვნელობაცაა ჩადებული- უკვე კარგა ხანია, ფეხბურთი არა მხოლოდ მილიონების საყვარელი თამაშია, დიდი ბიზნესის სარფიანია და მომგებიანი ნაწილიცაა, ამასთან, სპორტული შემადგენლის ნაცვლად, ხშირად წინა პლანზე ფინანსური მომენტი იწევს.

აზიის სათამაშო სინდიკატის შესახებ საზოგადოებას პირველად კანადელმა ჟურნალისტმა დეკლან ჰილმა ამცნო. თავის წიგნში მან „ჩაწყობილი“ მატჩების მექანიზმი გააცნო მკითხველს და კონკრეტული შეხვედრების დასახელებასაც არ მოერიდა. მისტერ დეკლანის ინფორმაციით, გერმანიის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მინიმუმ ოთხი მატჩის შედეგი წინასწარ გახლდათ ცნობილი. ჰილის მტკიცებით, გარიგებებს ორგანიზაციას ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მოქმედი სინდიკატი უწევდა. დეკლან ჰილის მტკიცებით, მან ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე გამოიკვლია ჯგუფური ეტაპის ოთხი ასპარეზობა, რომელთა საბოლოო შედეგი წინასწარ იყო ცნობილი. ამის თაობაზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის იმდროინდელი თავკაცი ზეპ ბლატერი ჩააყენა, თუმცა, მხცოვანი შვეიცარელი ჩინოსნისგან სათანადო რეაქციას ამაოდ ელოდა.

თუკი უწინ „ჩაწყობილი“ მატჩების ლომის წილი ეგრეთ წოდებული მესამე სამყაროს ქვეყნებზე მოდიოდა, ევროპაში კი მხოლოდ ცალკეული შემთხვევები იყო, სადღეისოდ ფეხბურთისთვის სახიფათო „მეტასტაზები“ ყველა კონტინენტს მოედო და მსოფლიო პრობლემად გადაიქცა. ამასთან, გარიგებულ თამაშებს უკვე ყველაზე დონეზე ვხვდებით – დაწყებული ეროვნული ჩემპიონატების დაბალი ლიგებიდან მსოფლიო პირველობებით დასრულებული. ამას ხელს საბუკმეკერო კანტორების რაოდენობის ზრდა და მათი განვითარება უწყობს. ბუკმეკერსა და ფსონის გამკეთებელსაც მინიმალური თანხითა და რისკით დიდძალი ფულის გამომუშავება სწადიათ. სწორედ ესაა სათავე გარიგებული მატჩების ორგანიზების და არსებობის. ამჟამად ევროპაში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ. კლუბები ასეულ მილიონობით თანხას ხარჯავენ სასურველი მოთამაშეების ხელში ჩასაგდებად, ბობოლათა ხელშია ფეხბურთის „მართვის“ მექანიზმებიც და საბუკმეკერო კანტორათა უმრავლესობაც „ძველ კონტინენტზეა“.

ევროპოლის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად 2010-12 წლებში კონტინენტზე ოთხასამდე გარიგებული მატჩი გამოაშკარავეს. არაკანონიერ ქმედებაში ჩართულები ასეულობით ადამიანი იყო, რომელთა შორის უშუალოდ ფეხბურთელები, ჩინოვნიკები, კლუბების მესვეურები, მსაჯები იყვნენ. აი, ფსონებს რაც შეეხება, მათი უმრავლესობა აზიაში იყო გაკეთებული. ამ მატჩებიდან კრიმინალთა ჯიბეებსა თუ საბანკო ანგარიშებზე 16 მილიონ ევროზე მეტი დაილექა.

ეს გამოაშკარავებულ თამაშებს რაც შეეხება, მოარულ ხმას თუკი ვერწმუნებით, „ჩაწყობილი“ მატჩებისგან ყოველწლიურად სხვადასხვა ჯურის დამნაშავეები მილიარდ ევროზე მეტს იჯიბავენ. ამასთან, უკანანო ქმედებები არა მხოლოდ დაბალ დივიზიონებსა და ნაკლებად პოპულარულ ჩემპიონატებში ხდება, არამედ წამყვან ევროპულ ლიგებშიც გარიგებული ასპარეზობები ხშირად გვხვდება.

ევროპოლის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მკვეთრად იმატა ჩაწყობილ მატჩთა რაოდენობამ გერმანიასა და თურქეთში. ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო-კრიმინალურ წარმომადგენლებს კარგად „უბამენ მხარს“ ფინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის და ბელგიის კლუბები.

ევროპულ ფეხბურთში გარიგებულ ასპარეზობათა ნათელი მაგალითი იტალიაში მომხდარი რამდენიმე სკანდალი გახლავთ. 2006 წელს აპენინის ნახევარკუნძულზე წინასწარ „გამაზულ“ შეხვედრათა დიდი რაოდენობა გამოაშკარავდა, სასჯელმაც არ დაახანა – ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ტურინის „იუვენტუსს“ ორი სკუდეტოც ჩამოართვეს და სერია B-შიც სეზონის დაწყებამდე წინასწარ დაკლებული ქულებით დააქვეითეს. სხვადასხვა სახის სასჯელი მიიღეს სერია A-ს სხვა წამყვანმა კლუბებმაც – რომის „ლაციომ“, „მილანმა“ და ფლორენციის „ფიორენტინამ“. ამით თითქოს საკითხი აღმოიფხვრა, მაგრამ 2012-ში იტალიაში სპორტული კორუფციის ახალ შემთხვევებს მოჰფინეს ნათელი. როგორც გამოძიებამ აჩვენა, მაქინატორებს ზურგს აზიური სინდიკატი უმაგრებდა, რომლის მეთაურის დან ტანის კრიმინალურ საქმიანობაზე თავის წიგნში ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები კანადელი ჟურნალისტი დეკლან ჰილი წერდა.

დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური გეგმის შემუშავება დღემდე ვერა და ვერ ხერხდება, თავის დროზე უეფას თავკაცი მიშელ პლატინი „სპორტული პოლიციის“ შექმნის იდეით გამოვიდა, მაგრამ მალევე თავად ფრანგი ფუნქციონერის კორუფციული საქმეები საქვეყნოდ გამოაშკარავდა და მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი მილიარდობით გულშემატკივრის საყვარელ თამაშს სამუდამოდ ჩამოაშორეს.

კარგა ხანია, ფეხბურთი და ბიზნესი განუყოფელ მცნებებად გადაიქცა. აქედან გამომდინარე, საფეხბურთო მატჩების უმრავლესობათა შედეგი ამა თუ იმ ჯგუფისთვის ფინანსური ასპექტითაც მნიშვნელოვანი გახდა. საბუკმეკერო კანტორათა სარეკლამო რგოლები, სხვადასხვა სახის ბონუსწინადადებები და აქციები სულ უფრო ბევრ ადამიანს იოლად გამდიდრების სურვილს აღუძრავს. აქედან გამომდინარე, „პატიოსან თამაშზე“ ფსონის გაკეთება გულუბრყვილობად გადაიქცა.

პლანეტის წამყვანი კლუბების მეპატრონეები და პარტნიორები თანდათან უმსხვილესი საბუკმეკერო კანტორები ხდებიან. მარტივი ლოგიკაა, ეს ორი მხარე შეხმატკბილებულად რომ იმოქმედებს. მაგალითად, თუკი კლუბს ფინანსურად გაუჭირდა, ბუკმეკერები მას დაეხმარებიან, ინვესტიციის „ამოღებას“ კი მოთამაშეების მიერ მოედანზე გამართული „საფეხბურთო სპექტაკლის“ მეშვეობით შეეცდებიან. გამოდის, მაყურებელი ხშირად სტადიონზე ფეხბურთის ნაცვლად სპექტაკლის საცქერლად მიდის, დამდგმელ-რეჟისორებად კი საბუკმეკერო კანტორები და კლუბები ხელმძღვანელები გვევლინებიან.

ერთი სიტყვით, თუკი საფეხბურთო მატჩის წყალობით ფულის შოვნა განიზრახეთ, ერთბაშად რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ. ორივე გუნდის რეალური შესაძლებლობა უნდა განიხილოთ და საბუკმეკერო კანტორის მიერ შეთავაზებულ ფსონს საგულდაგულოდ შეადაროთ. თუკი, რომელიმე გუნდის შანსი საეჭვოდ გაზრდილი მოგეჩვენათ, ნუ ჩათვლით ამას კანტორის ანალიტიკოსის დაუკვირვებელ შეცდომად – ამ ადამიანს შეხვედრაზე აუცილებლად ექნება რაიმე სახის ინფორმაცია. ფეხბურთის სიყვარულისადმი მოგიწოდებთ და წარმატებულ ფსონს გისურვებთ.

LOVE FOOTBALL AND FOLLOW MONEY!..

გოჩა კაჭარავა