ჩაკვეტაძე ნატვრისთვალი

0
21

გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მის მიმართ დიდ ინტერესს ავლენენ წამყვანი ევროპული კლუბები, განსაკუთრებით „ბარსელონა“. მოკლედ, ისტორია ცნობილია, ახლა გამოხმაურებებს გავეცნოთ…

… „ამჟამად, როცა „ბარსელონა“ მეტნაკლებად დაბალანსებულია, სატრანსფერო ბაზარზე გუნდის მთავარი მიზანი მომავალზე ზრუნვაა. ამ კუთხით კი შეშფოთებას ნახევარდაცვა იწვევს. სარეზერვო გუნდის არცერთ ფეხბურთელს ძირითადში დამკვიდრება არ შეუძლია. ასე რომ, „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ეძებს ახალგაზრდა ნახევარმცველებს, რათა პირველი გუნდის მომავალი უზრუნველყოს. შერჩეული ფეხბურთელებიდან ერთ–ერთი საუკეთესო 19 წლის ქართველი გიორგი ჩაკვეტაძეა – თბილისის „დინამოს“ აღზრდილი, რომელიც ბელგიის „გენტში“ მილიონნახევარი ევროს საფასურად გადავიდა. თავიდან, ძირითადად, ბელგიაში სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა და სადებიუტო სეზონში მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა. მაგრამ მიმდინარე სეზონში გუნდის აღმოჩენა გახდა და ერთა ლიგაზე საუკეთესოდ თამაშობს“, – წერს EVERYTHINGBARCA.COM.

ეს გამოცემა გიორგის შემდეგნაირად ახასიათებს: „ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან ტექნიკური მოთამაშეა, კარგი სისწრაფითა და დრიბლინგით. ასევე ფიზიკური ორთაბრძოლების მოგების უნარი გააჩნია. მარცხენა ფეხს კარგად ვერ ხმარობს, გარდა ამისა, ჩაკვეტაძეს ბურთის „თრევა“ ახასიათებს, მაგრამ ამ პრობლემის გამოსასწორებლად 19 წლის ფეხბურთელს დიდი დრო აქვს. ზოგადად, ის სამომავლოდ ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა და შესაძლოა, ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს, თუკი განვითარებას გააგრძელებს“.

EVERYTHINGBARCA.COM სხვა დაინტერესებულ კლუბებსაც ახსენებს: „თუ „ბარსელონა“ ჩაკვეტაძის წაყვანას მოინდომებს, ერიკ აბიდალს მოუწევს კონკურენციის გაწევა „ბაიერნთან“, დორტმუნდის „ბორუსიასთან“, „რომასთან“, „ბორნმუთთან“, „შახტართან“ და „ტოტენჰემთან“, რომლებიც ჩაკვეტაძეს ასევე აკვირდებიან. მიუნხენის „ბაიერნი“ ექვს მილიონ ევროს ჯერ კიდევ მაშინ იხდიდა, როცა ჩაკვეტაძე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა“.

ახლა მთავარი საკითხი, რაც ყველას აინტერესებს – ნუთუ ჩაკვეტაძეს ლიონელ მესის გვერდით ათამაშებენ? გამოცემა ამაზეც წერს: „აბიდალმა სერიოზულად უნდა განიხილოს ჩაკვეტაძის „ბარსელონა B“–ში თამაშის საკითხი, სადაც მან ნახევარდაცვას რიკი პუიგისთან ერთად უნდა უხელმძღვანელოს“.

FOX SPORTS–ის ინფორმაციით კი, „ბარსელონა“„გენტთან“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს: „ბარსელონამ“ ჩაკვეტაძის სანახავად სკაუტები ანდორისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩზე გააგზავნა. დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს მისი თამაში, რომელმაც მასპინძელთა კარში ერთადერთი გოლი გაიტანა. მხარეებმა კი უკვე დაიწყეს მოლაპარაკება სატრანსფერო ფასზე“. მაგრამ გამოცემა ორ სხვადასხვა წერილში განსხვავებულ ფასს ასახელებს. ერთის მიხედვით, „ბარსელონა“ მზადაა ჩაკვეტაძის კონტრაქტის სანაცვლოდ ხუთი მილიონი ევრო უკვე იანვარში გადაიხადოს. მეორე ვერსიით, ტრანსფერის ვადად კვლავ იანვარი მიუთითეს, მაგრამ გამოსასყიდ თანხას რაც შეეხება, წერია, რომ შესაძლოა კატალონელებმა 21 მილიონი ევრო გადაიხადონო…

ამასობაში, გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან მოგებულ (2:1) მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა უამრავი გამოხმაურება მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემებისგან.

გერმანული Sport.de ქართველი შემტევზე წერს, რომ “ბაიერნი” კიდევ ერთხელ ეცდება გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას.

“5 გოლი 7 მატჩში: აღმაფრთოვანებელი შედეგია! ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული ტოპ-კლუბების სამიზნეა. მიუნხენის “ბაიერნი” მეორედ ეცდება მის შეძენას.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა, ამომავალმა ვარსკვლავმა ისევ გაიბრწყინა.

მხოლოდ ქართველები არ იყვნენ ბედნიერები, თბილისის სტადიონის ტრიბუნებზე “ბარსელონას” სკაუტებიც კმაყოფილები იყვნენ. კატალონიელები 19 წლის ჩაკვეტაძის წელიწადზე მეტია აკვირდებიან, მათ შორის, ბელგიურ “გენტში” თამაშისასაც.

“ბაიერნი” მასში ექვს მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა მას “გენტმა” დაასწრო. ინტერესი ისევ არსებობს. მომავალი ზაფხულისთვის გერმანული კლუბის პრეზიდენტმა გუნდის განახლების პირობა დადო, ახალგაზრდა ჩაკვეტაძე კი, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანია.

თუმცა, როგორც “მარკა” იუწყება, მხოლოდ “ბარსელონა” და “ბაიერნი” არ იბრძვიან ახალგაზრდა ქართველისთვის; “ბორნმუთი”, “ტოტენჰემი” და “შახტარიც” ცდილობენ, გიორგი ჩაკვეტაძე მათ გუნდში მოხვდეს, თუმცა აშკარაა, რომ ამისთვის მათ 2017 წელს შეთავაზებულ 6 მილიონზე ბევრად მეტის გადახდა მოუწევთ”, – ვკითხულობთ Sport.de-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძე “გენტს” 2017 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში მან 4 გოლის გატანა მოახერხა.

აი, რას წერს გიორგი ჩაკვეტაძეზე ესპანური გაზეთის SPORT–ის ვებგვერდი: „ჩაკვეტაძე ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე ნახევარდაცვის ცენტრში და მეორე ფორვარდის პოზიციაზე. გიორგი მოქნილი მოძრაობებით მეტოქის საჯარიმო მოედანზე შესვლას იოლად ახერხებს, უყვარს გუნდური თამაში და მაღალ ტემპში შეტევა. აქვს ზუსტი დარტყმა, ეს ყველაფერი კი მას უნივერსალურ მოთამაშედ აქცევს, რომლის წინააღმდეგ თავდაცვაც ძნელია. უკანა ხაზიდან ბურთი კარგად ამოაქვს და მცირე სივრცეში მისი გათამაშებაც ეხერხება. ასე რომ, „ბარსელონასთვის“ ჩაკვეტაძე ძალიან გამოსადეგი მოთამაშეა“.

„ბარსელონას“, „ბაიერნისა“ და „რომას“ ინტერესის შესახებ ქართველ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება. ამჯერად დაინტერესებულ კლუბთა სიაში „ტოტენჰემი“ გამოჩნდა, რომლის შესახებაც ადრეც იწერებოდა. ამჯერად ინფორმაცია უფრო კონკრეტულია.

90min.com-ი წერს, რომ ლონდონელებს ქართველი ტალანტის შეძენა სურთ და ამის მთავარი ინიციატორი მაურისიო პოჩეტინოა.

„დეზები“ ჩაკვეტაძის მოხიბლვას ძირითად შემადგენლობაში ადგილის შეთავაზებით ცდილობენ. სწორედ ამ წინადადებით შეეცდებიან ისინი ჩაკვეტაძისთვის გამართული ბრძოლის მოგებას.

არის იმის დიდი შანსი, რომ სეზონის ბოლოს გუნდი კრისტიან ერიკსენმა დატოვოს, რომელიც მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

ბუნებრივია „ტოტენჰემს“ დანიელის შემცვლელის შეძენა დასჭირდება. პოჩეტინო კი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან წარმატებული მუშაობით განთქმული გახლავთ. ყველას კარგად ახსოვს თუ როგორ დაეხმარა ის დელე ალის, ერიკ დაიერსა და ჰარი ვინკსს.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩაკვეტაძეს პირდაპირ კრისტიან ერიკსენის შემცვლელად შეიძენენ და 19 წლის ფეხბურთელს თავიდანვე ამხელა ტვირთი დააწვება. ვის, ვის და პოჩეტინოს ახალგაზრდებთან მუშაობა ნამდვილად არ ეშლება.

გამოცემა ასევე წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით პრემიერლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი „ბორნმუთია“ დაინტერესებული და ბუნებრივია, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ქართველ ფეხბურთელს „ალუბლების“ რიგებში სათამაშო დროც მეტი ექნება.

გიორგი გორგოძე