ორი განსხვავებული ტაიმი და მოგება სამოასთან

0
3

16-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა სამოას ნაკრებს 24 უპასუხო ქულა გაუკეთეს და მეტოქე აქამდე რეკორდული სხვაობით, 27:19 დაამარცხეს.
ეს იყო ამ გუნდების მეხუთე დაპირისპირება და „მანუ სამოას“ (გულადი სამოა) მესამე სტუმრობა თბილისში. პირველ მატჩში, 2003 წლის მსოფლიო თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა აპიაში კუნძულელებთან ფრედ ითამაშეს, თბილისში კი სამივე რკენა მოიგეს და თანაც მზარდი სხვაობებით – 16:15 (2013 წელს), 20:16 (2016 წელს) და 27:19 წელს.
ბორჯღალოსნებმა „გულადებთან“ პირველად აიღეს ამდენი – 27 ქულა, პირველად გაუტანეს 3 ლელო და რაც ყველაზე სასიხარულოა, პირველად შეძლეს ძლიერ მეტოქესთან 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვა!
საგულისხმოა, რომ ბორჯღალოსნებმა ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი დანაკლისის და გადახალისებული შემადგენლობით მოიპოვეს. მოედანზე სამი დებიუტანტი გავიდა: თედო აბჟანდაძემ სრულად ითამაშა და გუნდს 12 ქულით შეეწია. მას კარში დარტყმებში 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ ბურჯები ბექა გიგაშვილი და გურამ გოგიჩაშვილი, რომელთაც ჩვენების თამაში მნიშვნელოვნად გააძლიერეს და გუნდს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარნენ.
50-ე კეპი მოიხვეჭა თამაზ მჭედლიძემ, რომელმაც ეს ფაქტი საუცხოო თამაშით აღნიშნა და ქართული რაგბის ოფიციალური ლუდის, „აისის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მე-10 კეპი მოიხვეჭა და პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა 20 წლის გელა აფრასიძემ. ლელოები მიითვალეს 22 წლის ვასილ ლობჟანიძემ და ოთარ გიორგაძემ. ამრიგად, სამოასთან 27-ივე ქულა სწორედ ახალგაზრდებმა ჩაიწერეს.
ბორჯღალოსნები მატჩში 16-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ დაბრუნდნენ და ამ მოგებით გამარჯვების გზაზეც დაბრუნდნენ, რადგან მანამდე 3-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ.

მძიმე დასაწყისი
„ავჭალაზე“ გამართული მატჩის წინ გულშემატკივრებმა და მორაგბეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი ერთხმად შეასრულეს, რასაც სამოელების ტრადიციული, საბრძოლო ცეკვა „სივა ტაუ“ მოჰყვა. რაგბის გულშემატკივარი მნიშვნელოვნად რომ გაიზარდა აქაც გამოჩნდა – 2013 წლისგან განსხვავებით, „სივა ტაუ“ სამარისებული სიჩუმის ფონზე შესრულდა და არც მეტოქის კარში დარტყმებს მოყოლია სტვენა და ხმაური.
თავად თამაშის პირველი ტაიმი, უფრო კი მისი 30 წუთი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. სამოა კარგად მომზადებული დაგვხვდა და შერკინებაში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, ბურთზეც კონტროლი დაამყარა და თანმიმდევრული შეტევებით უპირატესობის ხაზის გადალახვას ახერხებდა.
მანამდე იყო ჯარიმა, რომელიც აბჟანდაძემ უნაკლოდ შეასრულა და ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი 3 ქულა მოიპოვა. სამოამ ხელდახელ შეტევით გვიპასუხა და მარცხენა ფრთაზე მათი იერიშის შეჩერება მოხერხდა, თუმცა ბურთი სწრაფად ჩაიტანეს საპირისპირო ფრთაზე, სადაც მეტობა გამოიყენეს ჯეი’ჯეი ტაულანგიმ ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო ტუსი პისიმ გარდასახა.
აქტიურმა ზურაბ ძნელაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი რომ მოიხელთა ხაზი გაჭრა, მაგრამ მიყოლამ დააგვიანა და ნოდარ ჭეიშვილის მიძალებას კუნძულელები მომზადებული დახვდნენ, მერე კი ხელდახელ, შექცეული პასებით აქეთ შემოგვიტიეს, ფილო პაულო რაქს გადაევლო და მე-17 წუთზე მეორე ლელო გაიტანა. 27-ე წუთზე ბურთი ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დავკარგეთ, აუსი ტუალა ორ მბოჭავს დაუსხლტა და ლელო ძელებს უკან გაიტანა, ხოლო პისიმ გარდასახადა 28-ე წუთზე სამოა 19:3 დაწინაურდა.

დაბრუნება
ბორჯღალოსნები შეიკრიბნენ, ერთიმეორეს შემოუძახეს და 32-ე წუთზე პირველი ლელო გაიტანეს. ფულბეკად მოთამაშე ლაშა ხმალაძემ ბურთი აუტში გადაიტანა, მოლით შეტევის შემდეგ სტუმრებმა ლელოს სიახლოვეს შეგვაჩერეს, მჭედლიძეს მძლავრი დარტყმის შემდეგ მიზნამდე სანტიმეტრი დააკლდა, საქმეში ლობჟანიძე ჩაერთო და რაქის გვერდით ლელოში შეხტა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჯაბა ბრეგვაძე და ტაულანგი წაკინკლავდნენ, რის გამოც რეფერიმ ორივე სინბინში გაუშვა. ნელ-ნელა თამაშში სათადარიგო მორაგბეები ჩაერთვნენ, თამაში აჩქარდა და სამოა საკუთარ ნახევარზე გამოვკეტეთ. მოლის შემდეგ ლელოს ხაზის გადაკვეთაც მოხერხდა, ბურთის დამიწების ვერა, თუმცა 5-მეტრიან შერკინებას ლელო მოყვა. მჭედლიძის მიძალება სტუმრებმა ამჯერადაც მოიგერიეს, რასაც ახლოდან ორი მიძალება მოჰყვა და ოთარ გიორგაძემ მეორე ჯერზე ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ 62-ე წუთზე ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.
ბორჯღალოსნები კიდევ უფრო გახელდნენ, ტემპი კიდევ უფრო გაზარდეს, გიორგი ცუცქირიძემ ხაზი გაჭრა და 22-ის სიღრმემდე მაღალ სიჩქარეზე ირბინა, მორკინალების 10-მდე დარტყმის შემდეგ, შალვა სუთიაშვილმა ბურთი აფრასიძეს გაუტანა, რომელმაც ბოჭვა აირიდა, ლელოში შეხტა და დაგვაწინაურა, ხოლო აბჟანდაძემ ესეც გარდასახა – 24:19. 73-ე წუთზე თედომ კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმით მორიგი 3 ქულა აიღო, დასკვნით წუთებში მეტოქის მძლავრი მიძალებები მოვიგერიეთ და ბორჯღალოსნებმა ღირშესანიშნავი გამარჯვებით, სამოელებთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი კიდევ უფრო უკეთესი გახადეს – 3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი (15 წლის წინ).

პრესკონფერენცია|
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველად სამოას ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი სთივ ჯექსონი გამოცხადდა:
„მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაშის ტემპი შეცვალა, ორთაბრძოლებში გვაჯობა და ინიციატივას დაეუფლა, რის შედეგადაც მარცხი განვიცადეთ. ვიცოდით, რომ საქართველო ფიზიკურად ძლიერი გუნდია, სტატიკაში უპირატესობის მოპოვებას ეცდებოდა და საბოლოოდ ასეც მოხდა. მოვიკოჭლებდით სათამაშო დისციპლინაშიც, რამდენიმე არასაჭირო ჯარიმა ავიღეთ და ამის გამო დავისაჯეთ“.

მილთონ ჰეიგი დებიუტანტების და მთელი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო:
„ბედნიერები ვართ. აღსანიშნავია, რომ სამი დებიუტანტი გვყავდა, ზოგადად ახალგაზრდული გუნდით ვითამაშეთ და ასეთ პირობებში მსგავსი თამაშის მოგება ორმაგად სასიხარულოა. ამ ბიჭებმა გამოამჟღავნეს სიმამაცე, ხასიათი და გვანახეს, რომ შეუძლიათ მეორე ტაიმში დაბრუნება და მატჩის მოგება. ძალიან კარგები იყვნენ დებიუტანტები, განსაკუთრებით თუ მათ ასაკს გავითვალისწინებთ.
მეტოქის გუნდში ძალიან კარგი 15 მორაგბე თამაშობდა, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ უნდოდათ მოგება. პირველ ტაიმში რამდენიმე ბოჭვა გაგვიცუდდა, მეტოქემ მოახერხა ჩვენი წნეხში მოქვეცა, რაც პოლინეზიურ გუნდებს ჩვევიათ. შესვენებაზე სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, შეცდომები გამოვასწორეთ და დაღლილ მეტოქეს შეცდომების დაშვება ვაიძულეთ.
ყოველთვის მნიშვნელოვანია ის 23 მოთამაშე, რომლებიც სამატჩო განაცხადში არიან. შეცვლაზე შესულმა ბიჭებმა თამაშის მსვლელობა შეცვალეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასტარტო 15-ში მყოფმა მორაგბეებმა დაღალეს მეტოქე, რასაც ახლების ენთუზიაზმი დაემატა და ამან სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა“.
გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფიქრობს, რომ ბორჯღალოსნები გულშემატკივრის წინაშე ჯერაც ვალში არიან და ქომაგს ტონგასთან კარგ სანახაობას პირდება:
„ასეთ ძლიერ გუნდთან, რაც მე ნაკრებში ვარ, ამხელა ჩამორჩენის შემდეგ დაბრუნება პირველად მოვახერხეთ. ყოველი გაშვებული ლელოს შემდეგ, როდესაც ბიჭები ვიკრიბებოდით ვამბობდით, რომ უნდა ვყოფილიყავით მომთმენები, არ უნდა ჩაგვეთვალა თამაში წაგებულად. ვფიქრობ, ამ კუთხით გავიზარდეთ. წარსულში მსგავს სიტუაციაში შეიძლება ყურები ჩამოგვეყარა, გვეფიქრა, მეტოქეს ვეღარ დავეწევითო, თუმცა ახლა სხვაგვარად იყო და საბედნიეროდ შევძელით სასურველი შედეგის ჩვენება.
მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ვთვლით, რომ გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ, რადგან მანამდე ზედიზედ სამ თამაშში დავმარცხდით. როგორც იქნა გულშემატკივარი გავახარეთ, თავდადებამ გაამართლა და შესაძლოა დღეს ეს გამარჯვება აღვნიშნოთ, მაგრამ თავში ყველას ტონგასთან მატჩი გვიტრიალებს, რომელიც უფრო დიდ სტადიონზე ჩატარდება და გულშემატკივარს ერთად გამარჯვებისკენ მოვუწოდებ“.

“თიბისი რაბის 2018-ის სერიების” დასკვნით მატჩს ჩვენი გუნდი 24 ნოემბერს, ტონგას ნაკრების წინააღმდეგ „მიხეილ მესხზე“ გამართავს. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.