საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას საფრანგეთში განაგრძობს. “ბორჯღალოსნების” ნაწილი ამ უქმეებზე თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებში იასპარეზებენ.
ამის შემდეგ კი, ისევ საქართველოს ნაკრების ბანაკისკენ აიღებენ გეზს. 7 ნოემბერს ჩვენი ეროვნული გუნდი ფლორენციაში გაემგზავრება, სადაც ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს რაგბის კავშირის “ფეისბუქის” გვერდმა ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის ინტერვიუს ერთი ნაწილის ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც “ბორჯღალოსნების” ახალზელანდიელი თავკაცი ფილოსოფიურ პასაჟს აკეთებს:
“ვინაიდან გუნდს ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე აკლია, ხალხი ალბათ იტყვის, რომ ჩვენ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ, რაც თითქმის სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად ქართველებისთვის ზედგამოჭრილია. საუკუნეების განმავლობაში ქართველებს მტრის შემოსევებთან უწევდა გამკლავება. ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, მეორე დღეს კი, სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.
მსმენია ფრანგი მოგზაურის ჟაკ დე ვოლამონის შესახებ, რომელიც მე-16 საუკუნეში იერუსალიმში გადაჰყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, ის უხასიათოდ იყო. ხოლო თუ ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს, ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა.
ამ ამბიდან გამომდინარე გამონათქვამი – “ბრძოლაში ბედნიერი” ნამდვილად მიგვესადაგება და ამის განცდა მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალიტეტს უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევენ და რაღაც ძვირფასისთვის გვიწევს ბრძოლა, ამ დროს ვხდებით ყველაზე ძლიერები და ბედნიერები. ის, რომ ჩვენ ფავორიტად არ ვითვლებით, არც დაბრკოლებაა და არც პრობლემა. მე ეს ჩვენს უპირატესობად მიმაჩნია. აი, მინდორზე გავალთ, ბრძოლა დაიწყება და მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები.” – დასძინა მილტონ ჰეიგმა.