“ქართული ფეხბურთის ქრონიკები”

0
6

ალეკო (მიტო) ქურდობაძემ გამოსცა უნიკალური, ყოვლისდამტევი, 600 გვერდიანი წიგნი ქართული ფეხბურთის ისტორიაზე. ავტორი მთელი შეგნებული ცხოვრება აგროვებდა და ახარისხებდა მასალას და ერთ წიგნში, ერთიან, სისტემურ ყაიდაზე თავი მოუყარა ამ ყველაფერს.

ნაშრომი იწყება საქართველოში ფეხბურთის შემოსვლითა და სამოყვარულო ხანის ბარაქიანი შეჯამებით, შემდეგ კი 1936 წლიდან (ბორის პაიჭაძის ამობრწყინებიდან) 1990 წლამდე. დეტალურადაა გარჩეული სათითაოდ ყველა სეზონი, ყველა საკავშირო ლიგისა და რესპუბლიკური ჩემპიონატის ცხრილებითა და სტატისტიკით.

აი, რას ამბობს ავტორი:

„პოსტსაბჭოთა სივრცეში თითქმის ყველამ აღნიშნა თავისი ფეხბურთის საუკუნოვანი იუბილე. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეროვნული ფეხბურთის ეს თარიღი არ აღუნიშნავთ და არც ამ მოვლენისადმი მიძღვნილი წიგნი არ გამოუშვიათ საქართველო გახლავთ!.. უბრალოდ ფეხბურთის და პირველ რიგში – ჩვენი ფეხბურთის მოყვარულმა, გადავწყვიტე შემედგინა წიგნი, რომელიც მკითხველს მოუთხრობდა ქართული ფეხბურთის საუკუნოვან ისტორიაზე.

საბჭოთა პერიოდში ქართული ფეხბურთის ისტორია თბილისის „დინამოს“ ისტორიასთან იყო გაიგივებული. საკამათო არაა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი მეტ ყურადღებას იმსახურებდა, მაგრამ, რა იქნებოდა „დინამო“, რომ არ ყოფილიყვნენ ქუთაისის „ტორპედო“, თბილისის „ლოკომოტივი“, ბათუმის და სოხუმის „დინამო“, თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი და „სპარტაკი“ ან მთელი არმია იმ გუნდებისა და ფეხბურთელებისა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატებში თამაშობდნენ?

მათზე მაშინ ძალზე ცოტა ან საერთოდ არაფერი იწერებოდა, ახლა კი მათზე რაიმე ცნობის მოპოვება ურთულეს საქმეს წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც კია.

ქართული ფეხბურთის შესახებ თხრობა მოცემულია წლების მიხედვით. შეძლებისდაგვარად განხილულია ყველა ტურნირი, რომლებშიც მონაწილეობდნენ ქართული გუნდები: სსრ კავშირის ჩემპიონატი და თასის გათამაშება, სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, მასობრივი საკავშირო ტურნირები, საქართველოს ჩემპიონატი და თასი, სხვა რესპუბლიკური ტურნირები, საერთაშორისო ტურნირები და ამხანაგური მატჩები.

ყოველი წლის ბოლოს მოცემულია სტატისტიკური მასალა, სადაც შეძლებისდაგვარად ასახულია ქართული გუნდების გამოსვლა საკავშირო ტურნირებზე. მოცემულია მონაცემები საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაზე, სხვა რესპუბლიკურ ტურნირებზე.

მკითხველი, იმედია, გაგებით მოეკიდება ზოგიერთი ცნობის არარსებობას. მათი მიკვლევა შეუძლებელი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მაგრამ ძიება გრძელდება. ამავე დროს იმედს ვიტოვებ, რომ წიგნის გამოსვლის შემდეგ ადგილებიდან გამოგვეხმაურებიან საკუთარი ქალაქისა და რაიონის ფეხბურთის ისტორიის მცოდნენი, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო შევავსოთ ქართული ფეხბურთის ისტორია”.

წიგნი გამოიცა ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ და მისი ვებგვერდის POPSPORT-ის სპონსორობით.

მადლობა ვუთხრათ წიგნის ავტორს ფასდაუდებელი, საოცრად დიდი მოცულობის შესრულებული ნაშრომისთვის და საქმით გამტკიცებული სიყვარულისთვის ქართული ფეხბურთის მიმართ.

ალექსანდრე (მიტო) ქურდობაძის `ქართული ფეხბურთის ქრონიკები” სამაგიდო წიგნი იქნება ქართული ფეხბურთის ყველა მკვლევარისთვის, საფეხბურთო მედიისთვის და ნამდვილი ქომაგებისთვის.

*PS*  ავტორთან დაკავშირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით:

ale­ko51@ma­il.ru  | fexb.stat@gma­il.com

და ტელეფონით:  595 17 15 62  570 70 95 96   an 295 82 82 da 296 50 50

ზაალ გიგინეიშვილი