ალაგ–ალაგ “კლასიკო”

0
8

ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ყველანი ველოდით “ელ კლასიკოში” ლეო მესის თამაშს და მასაც არასოდეს გავუწბილებივართ. “სამეფო კლუბთან” დაპირისპირებისას არცერთი თამაში არ ჩაუგდია და ისტორიაში ყველაზე მეტი – 26 გოლი გაიტანა “რეალის” კარში. “ელ კლასიკოში” გატანილი გოლების ოდენობით ლეო მესის შემდეგ მეორე ადგილზე კიდევ ერთი არგენტინელია – დიად მაესტროს ალფრედო დი სტეფანოს 14 გოლი აქვს გატანილი.

28 ოქტომბრის “კლასიკოში” უპირობო ფავორიტი “ბარსელონა” გახლდათ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში მილანის “ინტერთან” აჩვენა, რომ ლეო მესის გარეშეც შეუძლია მოიგოს პრინციპული თამაში ძლიერ მეტოქესთან. და მაინც, ლეო მესის არყოფნაში “ელ კლასიკოს” ცქერა ყველასთვის უჩვეულო იყო და ზოგიერთი თვლიდა, რომ არაპროგნოზირებადიც.

“ბარსელონამ” ლა ლიგის მეცხრეადგილოსან “რეალს” 5:1 მოუგო და შეეძლო მეტიც გაეტანა. ლეო მესი “კამპ ნოუს” ტრიბუნაზე შვილთან ერთად ხარობდა თავისი გუნდის გატანილ გოლებს.

პირველი ტაიმი “ბარსა”-“ინტერის” დეჟავიუ იყო – იგივე სცენარი და იგივენი მთავარ როლებში. ალბამ, რომელმაც საუკეთესო თამაში აჩვენა, კიდევ ერთხელ ჩაიქროლა მარცხენა ფრთიდან, საჯარიმოში წამის მეათედით დააპაუზა საგოლე პასის გაკეთებამდე და კოუტინიოს ისღა დარჩენოდა, კარის ხაზზე მდგარ სერხიო რამოსისთვის აეცილებინა და მანაც ძელთან ახლოს გაიტანა. კოუტინიოს გატანილი 30 (ოცდაათი) პასის შემდეგ გავიდა!.. ეს არის საუკეთესო შედეგი “კლასიკოების” ისტორიაში ამ საუკუნეში.

ინიესტას მაგივრობას “ბარსელონაში” ვერავინ გაწევს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ალბას უაღრესად მწვავე და შედეგიანი ჩართვები შეტევაში ნაწილობრივ მაინც აკომპენსირებს ინიესტას არყოფნით გამოწვეულ უდიდეს დანაკლისს.

მესის არყოფნაში “ბარსას” თავდასხმაში ლუის სუარესმა ულიდერა, რომელიც შეუჩერებელი იყო “რეალის” მცველებისთვის. ვარანმა ურუგვაელი უხეშად წააქცია მეკარის საჯარიმო მოედანთან და რომ არა ვიდეოკამერების სისტემა – VAR, “ბარსას” ამ პენალტს ისევ უნამუსოდ მოჰპარავდნენ ესპანელი მსაჯები, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებიათ ადრე. გამეორებაზე პენალტი აშკარა იყო და სუარესმაც იდეალურად დაურტყა ტიბო კურტუას კარის ძელთან დაბალ კუთხეში.

“ბარსას” სხვა საგოლე მომენტებიც ჰქონდა პირველ ტაიმში, “რეალი” კი უსუსურად გამოიყურებოდა.

მეორე ტაიმის დასაწყისიც ასეთივე იყო, შემდეგ კი “ბარსას” დაცვა ჩავარდა, ლენგლემ კარის პირდაპირ ხუთ-ექვს მეტრში მარსელოს ხელი ვერ შეუშალა და 2:1.

გაშვებული გოლის შემდეგ “ბარსა” ერთხანს აიჭრა და კინაღამ მეორეც გაუშვა – მოდრიჩის საგოლე დარტყმა ძელმა მოიგერია.

ხუთიოდე წუთის შემდეგ “ბარსამ” მწვავე კონტრშეტევით უპასუხა, რომელიც ისევ ალბამ წამოიწყო და ახლა სუარესის დარტყმა ხვდება ძელს.

უცნაური “კლასიკო” ვიხილეთ, პერიოდულად კარგი თამაშით და მწვავე მომენტებით, ძველებური და ჩვეული მუხტი კლასიკური დაპირისპირებისა კი ნაკლებად… ერთგვარი ალაგ–ალაგ კლასიკო…

მესის არყოფნაში კოუტინიუს უკეთ თამაში მართებდა, მაგრამ როგორც ხშირად ხდ-ბა, დიდად არ გაისარჯა და თამაშის გარკვეულ პერიოდებში საერთოდ დაიკარგა, აკი გამოცვალა კიდეც ვალვერდემ. გარდამტეხი თამაშში “ბარსას” მესამე გოლი აღმოჩნდა: სერხი რობერტომ სწრაფად და დროულად უპასა სუარესს და მანაც მოულოდნელი თავური დარტყმით კურტუას მაღალ კუთხეში ზუსტად გადაუგდო.

თუ ალბა მარცხენა ფლანგიდან ძირითადად მესის ამარაგებდა საგოლე პასებით და ახლა მის არყოფნაში კოუტინიოს გაატანინა, სერხი რობერტო მარჯვენა ფლანგიდან ლუის სუარესის საგოლე პასებით მომარაგებაზეა გამეცადინებული. სწორედ ასე გავიდა “ბარსას” მეოთხე გოლი, როცა რაკიტიჩი-სერხი რობერტოს კომბინაციის შემდეგ სუარესი კურტუასთან ერთი–ერთზე დარჩა და როგორც იტყვიან, შეასრულა – სულ ახლახან მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარებული ტიბო კურტუას ლამაზად გადაატარა. წინა დღეს ლუის სუარესს მესამე შვილი შეეძინა და მანაც გაასამა “რეალის” კარში გატანილი გოლები – აბა, ახალშობილს ხომ არ დაწყვეტდა გულს!..

ლუის სუარესი “კლასიკოების” ისტორიაში შევიდა და ლეო მესის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა 1994 წლის შემდეგ (მაშინ რომარიომაც შეუსრულა “რეალს” ჰეთ–თრიქი), ვინც “ელ კლასიკოში” სამი გოლი მიითვალა.

ერთი რამ უნდა ვთქვა – ჩვენი ტელეკომენტატორები დიდი ხანია მსოფლიო ფეხბურთის ერთ–ერთ უძლიერეს ცხრა ნომერს – ლუის სუარესს მუდმივად ქილიკით იხსენიებენ – ფორმაში აღარაა, 31 წლისაა, სიბერისკენ წავიდაო. მათთვის სუარესზე ორი წლით უფროსი კრიშტიანუ რონალდუ კი მათთვის მუდამ მარადმწვანე და ნორჩია… რას ერჩიან ამ მეოჯახე კაცს: მარტო ბოლო სამ თამაშში როცა “ბარსამ” მესი მოისაკლისა, თავის თავზე აიღო შეტევაში წამყვანი როლი, ჯერ “სევილიას” და “ინტერს” გაუტანა გადამწყვეტი გოლები, მერე “კლასიკოში” “რეალი” ჰეთ-თრიქით დაასაჩუქრა.

შეცვლაზე შესული არტურო ვიდალის თავით გატანილი მეხუთე გოლი “რეალის” მწვრთნელის ლოპეტეგის კუბოში ჩაჭედებულ ბოლო ლურსმანს ჰგავდა – 5:1.

თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ერნესტო ვალვერდემ და ლუის სუარესმა კომენტარი გააკეთეს: “ვიცი, თუ როგორია ლოპეტეგის დარ მდგომერეობაში ყოფნა. ეს რთულია. ისე ჩანს, რომ ყველაფერი წესრიგში არაა და მწვრთნელს ეს აშკარად ეტყობა. ეს ფეხბურთია. ეს სპექტაკლია და ჩვენ მის შიგნით ვართ. ის, რაც ლოპეტეგის თავს ხდება, შეიძლება სამ კვირაში მეც დამემართოს. ჩვენი პროფესიის ხალხი მუდმივი რისკის ქვეშ ვიმყოფებით. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. არ ვისაუბრებ იმაზე, იმსახურებს თუ არა იგი გათავისუფლებას, მაგრამ ჩემთვის ეს უსამართლობაა”.

ლუის სუარესი: “კრიზისი “რეალში”? ასეთ სიტუაციებში ერთმანეთს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. კოლეგები ვართ. ფეხბურთში თვითკრიტიკული უნდა იყო. მეორე ტაიმში მადრიდი გვიტევდა, მომენტები ჰქონდათ, გაგვიტანეს და მომენტების შექმნა გააგრძელეს, მაგრამ კარგად ვიმუშავეთ. თავისუფალ ზონებს გვიტოვებდნენ, ჩვენ კი ამით ვსარგებლობდით. რა თქმა უნდა უკეთესია, როცა მესი შემადგენლობაშია. ლეო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, გუნდურ დონეზე ჩვენი თამაშით უნდა ვიამაყოთ. დავამტკიცეთ, რომ მესის გარეშეც შესანიშნავი გუნდი ვართ, შესანიშნავი მწვრთნელით”.

თამაშისა სხვა რა გითხრათ ცხელ გულზე. უკეთესი “კლასიკოებიც” გვახსოვს “ბარსას” მოგებული, მათ შორის მადრიდში – “სანტიაგო ბერნაბეუზე” – 6:2, 5:0, 4:0; შარშან 3:0, “კამპ ნოუზე” თარჯიმან ჟოზეს გაბახება – 5:0 და კიდევ ბევრი თვალსასეირო.

ამ ჯერზე 5:1 და ალაგ–ალაგ “კლასიკო” ვიკმაროთ. ფლორენტინო პერესი ნამდვილად არ მებრალება, მაგრამ დიდი ტრადიციების “სამეფო კლუბი” ცოდოა…

გიორგი გორგოძე