FIFA VS UEFA

0
100

ფიფას მიერ დაანონსებულმა ორმა ახალმა ტურნირმა, შეიძლება, უეფასთან მწვავე კონფრონტაცია გამოიწვიოს.  საქმე ისაა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საკლუბო მუნდიალის გაფართოებას გეგმავს, რამაც, შეიძლება, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სხვა ტურნირები გვარიანად შეავიწროვოს.
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო რუანდაში დაგეგმილ სპეციალურ საბჭოს სხდომაზე წარადგენს პროექტს, სადაც ლაპარაკია 24-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ეს სულ სხვა მასშტაბია, ვიდრე 7-გუნდიანი ტურნირი, რომლის მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია.
რაც შეეხება მეორე ტურნირს, ეს იქნება, ეგრეთ წოდებული, გლობალური ერთა ლიგა, რომeლმაც კონფედერაციათა თასი უნდა შეცვალოს. ინფანტინოს გეგმები უკავშირდება იაპონელ და საუდელ ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან, ფიფას პროექტებში, არც მეტი, არც ნაკლები, 25 მილიარდი დოლარი დააბანდონ.
ეს ახალი ამბავი არ არის, ამაზე ფიფას პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაისში ილაპარაკა, რასაც უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინისგან მწვავე კრიტიკაც მოჰყვა – აქაოდა, ფიფას გეგმები ცინიკური და მერკანტილურიაო.
ჩეფერინი კარგად ხვდება, რომ 25 მილიარდი დოლარი ის ფულია, რაც მსოფლიო ფეხბურთში  ძალთა ბალანსს სერიოზულად შეცვლის ფიფას სასარგებლოდ.
ამ მომენტისთვის, ორ ახალ ტურნირთან დაკავშირებით ფიფას და უეფას კომენტარები არ გაუკეთებიათ. ამას ალბათ რუანდის სამიტის შემდეგ შეიძლება ველოდოთ, როცა ფიფა ღიად დააფიქსირებს თავის სურვილებს და პროექტებსაც გამოამზეურებს.