დევიდ ბექჰემი – celebrity, entertainer, owner

0
14

2012 წელს StubHub Center–ის საპრესკონფერენციო დარბაზში 37 წლის დევიდ ბექჰემი ჟურნალისტებთან ფეხბურთელის რანგში ბოლო შეხვედრას მართავს. ინგლისელი ფეხბურთელის წინ მდებარე მაგიდის რაფაზე მასმედიელებმა უამრავი ხმის ჩამწერი დიქტოფონი, სმარტფონი და სხვა მოწყობილობები დადგეს. ამასობაში, ერთ–ერთ სმარტფონზე შემომავალი ზარის ხმა გაისმა. „გსურთ, ვუპასუხო?“, – ხუმრობით განაცხადა ბექჰემმა, თუმცა იქვე დასძინა, უკაცრავად, ამას ვერ გავაკეთებ, რადგან ზარი „სამსუნგის“ აპარატიდან არ გაისმისო…

ამჟამინდელი ფორმით ჩამოყალიბებული MLS–ის შექმნაში დევიდ ბექჰემის როლი უნიკალურია. კრიტიკოსები ინგლისელ შუახაზელს ყველაფრის ზომაზე მეტად კომერციალიზაციაში სდებენ ბრალს, აქაოდა, ყველაფერს, რასაც ბექჰემების ვარსკვლავური წყვილი შეეხო, მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მიღებას შეეცადაო. თუმცა, ყველანი ერთხმად იმაშიც თანხმდება, ბექჰემმა საფეხბურთო მინდორსა და მის გარეთაც გრანდიოზული სამუშაო გასწია, მუდამ ყურადღების ცენტრში გახლდათ და ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ფიგურირებდა. არც იმის უარყოფა შეიძლება, ბექჰემის ქარიზმატული ფიგურის გარეშე MLS ტიერი ანრის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, სტივენ ჯერარდს, ანდრეა პირლოს, დავიდ ვილიასა და კაკას რომ ვერ მიიღებდა. დევიდმა ფუნდამენტურად შეცვალა ფეხბურთი ამერიკის კონტინენტზე და ცვლილებების დანერგვას „ინტერ მაიამის“ მეპატრონის რანგშიც გააგრძელებს.

მსოფლიოს 1994 წლის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარების შედეგად MLS–ის აღმასვლაც გარანტირებული გახლდათ, თუმცა, ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად სიტუაცია მკვეთრად შიცვალა, 2001 წლის 11 სექტემბერს მიყოლებულმა ფინანსურმა კრიზისმა კი ამ საფეხბურთო ლიგის გაუქმებაზე საუბრები გაამძაფრა. ლიგის მესვეურებმა მისი გადარჩენა კი მოახერხეს, მაგრამ წარმატებულ პროექტიდან MLS შორს იდგა. ფეხბურთის ისტორიკოსები და ანალიტიკოსები გარდამტეხ მომენტად 2007 წელს მადრიდის „რეალიდან“ „ლოს ანჯელეს გელექსიში“ დევიდ ბექჰემის მისვლას მიიჩნევენ.

გარკვეული ცვლილებები ბექჰემის მისვლამდეც იგეგმებოდა, თუმცა, სწორედ დევიდის გამოჩენამ მისცა ბიძგი MLS–ში სერიოზულ საქმიან ექსპანსიას. ამან საბოლოოდ ინგლისელი ფეხბურთელის შორეულ პერსპექტივასაც მოჰფინა ნათელი. ლიგის წესის მიხედვით, მოთამაშე იურიდიულ ხელშეკრულებას არა კლუბთან, არამედ მთლიანად ML S–თან აფორმებს. თავის კონტრაქტში ბექჰემმა ერთი პუნქტი ჩადო – როდესაც შესაფერისი პირობა დადგება, მას 25 მილიონ დოლარად MLS–ის ახალი კლუბის შეძენა შეეძლება. სწორედ ამ მუხლის წყალობით დევიდი მოგვიანებით „მაიამი ინტერის“ მფლობელი გახდა.

ახალი პროექტის თაობაზე ბექჰემმა მისთვის ამბიციური და პომპეზური სტილით 2014 წელს განაცხადა. ამასთან, თავდაპირველად პროექტი „ცარიელ სიტყვებად“ გამოიყურებოდა. დევიდმა ბევრი მისთვის უცნობი და მოულოდნელი სირთულე გადალახა, რათა მაიამის ცხოვრებისეულ და ბიზნესის საქმეებში გარკვეულიყო. არადა, ფლორიდის შტატში ინგლისელი თავიდან „უცხო სხეულად“ გამოიყურებოდა.

მას ხშირი შეხვედრები ჰქონდა ბიზნესმენებთან, ჩინოვნიკებთან, „მაიამი ჰითის“ სუპერვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსთან – ყოველივე ამან ნაყოფი გამოიღო. როგორც იქნა, შეთანხმდა სტადიონის აშენების ადგილი.

თანდათან დევიდ ბექჰემის პროექტი პოპულარული გახდა. ლიგის კომისრის დონ ჰარბერის არცერთი პრესკონფერენცია ისე არ სრულდებოდა, ჟურნალისტებს „მაიამი ინტერთან“ დაკავშირებით კითხვა არ დაესვათ.ყველას აინტერესებდა, რამდენ დროს მისცემდა ლიგა დევიდ ბექჰემს იმ წამოწყების რეალიზების საქმეში, რომელიც თავდაპირველად „მკვდრადშობილ“ პროექტად გამოიყურებოდა.

ამასობაში, MLS–ში გაწევრიანების მსურველთათვის ადგილები განუხრელად ძვირდებოდა. ახალბედებს, „ნიუ იორკს“, „ატლანტას“, „ორლანდოს“ „საწევროს“ სახით უკვე 100 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიათ. ბექჰემის ათი წლის წინანდელი 25 მილიონი არასერიოზულად ჩანდა. თანაც, დევიდის პროექტს ცოტათი ყავლიც გაუვიდა და თვლიდნენ, რომ ინგლისელის წამოწყებას წარმატება გარანტირებული სულაც არ ექნებოდა.

ბექჰემმა არა ერთხელ დამტკიცა, სირთულეების დაძლევა და ახალი წარმატებული კარიერის გაგრძელება რომ შეეძლო. ასე იყო, მაგალითად, 1998 წელს, როდესაც მას მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის შემდეგ ლამის მთელი ინგლისი რომ შემოსწყრა. ერთი წლის შემდეგ კი დევიდთან ერთად „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პირველობასა და ქვეყნის ასოციაციის თასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც მოიგო. „ლოს ანჯელეს გელექსიდან“ „მილანში“ გადასვლის შედეგად დევიდმა კალიფორნიელი გულშემატკივრების გულისწყრომა დაიმსახურა, თუმცა, MLS–შიც წარმატებით დაბრუნდა და საფეხბურთო კარიერაც დიდებულად, პოპულარობის მწვერვალზე დაასრულა.

ბექჰემს ახალი ეტაპი დაუდგა. „ინტერ მაიამი“ MLS–ის სტარტისთვის ემზადება. დებიუტი 2020 წელს უნდა შედგეს. დევიდმა ურთულესი პერიოდი – ძნელ მოლაპარაკებათა, საინვესტიციო ბაზის ფორმირების, უამრავი საორგანიზაციო საკითხის, სტადიონის მშენებლობისთვის განკუთვნილი ადგილის მოძიების პროცესი წარმატებით დაასრულა. დევიდს შეუძლია მოეშვას და კვლავინდებურად მედიის სელებრითის ამპლუაში მოგვევლინოს. დევიდის ამოცანაა ახალი პროექტის გარშემო გლამურის შექმნაა, რომელიც ყველა მისი საქმისთვისაა დამახასიათებელი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფანტასტიკის სფეროს სულაც არ განეკუთვნება „მაიამიში“ კრიშტიანუ რონალდუს გამოჩენის ამბავი. რატომაც არა, 2020 წელს პორტუგალიელი 35 წლისა იქნება და მას შეეძლება ბექჰემის პროექტის წარმატებულ წამოწყებად გადაქცევა. ამავე მიზნით მიიწვია „ნიუ იორკ სიტიმ“ საკუთარ რიგებში დავიდ ვილია და მსოფლიო ჩემპიონთა ფორვარდის ჩარიცხვით კლუბმა სერიოზულ ფინანსურ წარმატებას მიაღწია. ვილიასთან შედარებით რონალდუ უფრო მასშტაბური ფიგურაა, რაც „მაიამის“ განსაკუთრებულობას შესძენს.

მეპატრონის პიროვნებიდან გამომდინარე, „ინტერ მაიამი“ საფეხბურთო კლუბის გარდა, შესაძლოა, კულტურულ და სოციალურ მოვლენადაც ჩამოყალიბდეს. საამისოდ დევიდ ბექჰემი თავის „საფირმო სიჯიუტეს“, დეტალებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის უნარს და დიპლომატიურ ტალანტს არ დაიშურებს. მჭიდრო დასახლების რაიონში იქ მცხოვრებთა გარკვეულ ნაწილს სტადიონის მშენებლობის იდეა და პერსპექტივა არ ხიბლავს და სწორედ აქაა საჭირო ადამიანებთან დევიდის დიპლომატიური მიდგომა.

დევიდ ბექჰემის ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანა ახალი საფეხბურთო კლუბისთვის ფან–ბაზის ჩამოყალიბებაა. ეს ისეთ სპეციფიკურ ქალაქში, როგორიც მაიამია, იოლი საქმე სულაც არ იქნება. მაგალითისთვის, „ჰითში“ ნბა–ს უპირველესი ვარსკვლავის ლებრონ ჯეიმსის გამოჩენამ მაინცადამაინც დიდი აჟიოტაჟი არ გამოიწვია.

ბექჰემს ახალ რეალობაშიც მოუწევს საქმიანობა. ჯერ კიდევ დევიდის ფეხბურთელობისას MLS უმთავრესად ვარსკვლავების მიწვევით იყო დაკავებული. სწორედ გამოჩენილი მოთამაშეები ქმნიდნენ საკლუბო სახეს. ამჟამად კლუბებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. ისინი გაცილებით უფრო მეტად ფიქრობენ ფინანსების რაციონალურ ინვესტირებასა და ეფექტურ მენეჯმენტზე. ამასთან, კლუბებმა დაიწყეს ზრუნვა საკუთარი აკადემიების განვითარებაზე და აქცენტს მხოლოდ ვარსკვლავების მიწვევაზე აღარ აკეთებენ.

ამგვარ საქმიან გარემოში შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება „მაიამის“ მეპატრონის „მედიურ წონას“ – უფრო მეტად წინა პლანზე დევიდ ბექჰემის საქმიანმა თვისებებმა უნდა წამოიწიოს. დევიდის ცხოვრებისეული ისტორიიდან გამომდინარე, ფსონი მისი პროექტის წარმატებაზე უნდა დავდოთ…

გოჩა კაჭარავა