ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 2018/19 – კვლავ “ველური დასავლეთი”?

0
9

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან სტარტი აიღო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული  პირველობის მორიგმა სეზონმა, 2019 წლის ზაფხულის დასაწყისში კი მსოფლიო საკლუბო კალათბურთის ახალი ჩემპიონის ვინაობა გვეცოდინება, თუმცა, დღესვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნბა-ს მომავალი გამარჯვებული დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი კლუბი იქნება. ამ თამამი განცხადების საფუძველს ბოლო წლების გამოცდილება, გუნდების მოთამაშეთა ანალიზი, აგრეთვე წინასასეზონოდ კლუბებში მომხდარი პერტურბაციები გვაძლევს. ცხადია, აღმოსავლეთის კლუბები სტატისტის როლს არ დასჯერდებიან და არც მათი სათვალავში მიუღებლობა იქნებოდა გამართლებული დასავლეთელთა გუნდების მწვრთნელების და მოთამაშეების, საკალათბურთო სპეციალისტთა და გულშემატკივართა მხრიდან.
სპორტულ სამყაროში ავტორიტეტულმა ESPN-მა მისეული Power Rankings გამოაქვეყნა და გამოცემის ვერსიით პირველ ათეულს შემდეგი სახე აქვს: “გოლდენ სტეიტ უორიორზი”, “ბოსტონ სელტიკსი”, “ჰიუსტონ როკითსი”, “ფილადელფია სიქსერზი”, “ტორონტო რეპტორზი”, “ოკლაჰომა სიტი თანდერი”, “იუტა ჯაზი”, “დენვერ ნაგითსი”, “ლოს ანჯელეს ლეიკერსი”, “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზი”. საკუთარი Power Rankings-ის ჩამოყალიბებაზე ჩვენც ვიფიქრეთ და დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში დღეისთვის ოთხ-ოთხი კლუბი გამოვარჩიეთ.

დავიწყოთ დასავლეთ კონფერენციით.

  1. “გოლდენ სტეიტ უორიორზი”.
    ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში ოკლენდელი “მეომრები” სამჯერ გახდნენ ნბა-ს ჩემპიონები და ეჭვგარეშეა ასოციაციის ექვსგზის გამარჯვებულები (1947, 1956, 1975, 2015, 2015, 2017, 2018) 2018/19 წლის სეზონში უპირველესი ფავორიტები რომ იქნებიან. გასულ რეგულარულ სეზონში კალიფორნიელებს პირველი ადგილი არ დაუკავებიათ, თუმცა, ცხადი იყო, პლეი ოფში გასვლის შემდეგ “გოლდენ სტეიტი” ყველას რომ გაუსწორდებოდა. ასეც მოხდა, საჩემპიონო ფინალში კი სტივ კერის გუნდმა ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდ კავალიერზს” სულაც “მშრალად”, 4:0 მოუგო. რეგულარულის მსვლელობისას ოკლენდელებს ტრავმათა გამო ხშირად აკლდათ სტეფ კარი და კევინ დურანტი, საუკეთესოდ არც მსროლელი კლეი ტომპსონი გამოიყურებოდა, თუმცა, გუნდის თამაშის შემხედვარეს კალათბურთელთა და მთლიანად კოლექტივის უდიდეს პოტენციაში ეჭვი არავის შეჰპარვია. აკი ამბობდა სტივ კერი, უმთავრესი პლეი ოფში გასვლაა, ნაკლებად გვადარდებს, სეზონის მეორე ეტაპზე რომელი პოზიციით გადავალთ, მთავარია გადამწყვეტი მატჩებისთვის მოთამაშეთა ტრავმებმა არ დაგვაღალატოსო…
    ჩვენი აზრით, მომავალ სეზონშიც “გოლდენ სტეიტი” რეგულარულ პირველობაზე აქცენტს შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობის შეხვედრების მოგებაზე არ გააკეთებს, არამედ კერი შეეცდება მთლიანად გუნდი და მისი ცალკეული კალათბურთელები ოპტიმალურ ფორმაში გაზაფხულისა და ზაფხულის გადამწყვეტი ბატალიებისთვის შეიყვანოს.
    ოკლენდელთა უმთავრესი წინასასეზონო შენაძენი მეფარე დემარკუს კაზინსია. მას აგვისტოში 28 წელი შეუსრულდება, ეს კი მოგეხსენებათ კალათბურთში შესაძლებლობათა სრულად წარმოჩენის ასაკია. დემარკუსმა “ნიუ ორლეანს პელიკანზს” 40 მილიონიან კონტრაქტზე უარი უთხრა, “გოლდენ სტეიტში” კი ჯამაგირი “სულ რაღაც” 5.3 მილიონი დოლარი ექნება. კაზინსი შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე – კალიფორნიაში მას კიდევ უფრო განვითარებისთვის უკეთესი პირობები ექნება, მომდევნო სეზონის ბოლოს კი დიდი ალბათობით თითზე ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედს წამოიცვამს. ექიმთა მტკიცებით, დემარკუს კაზინსი მწყობრში იანვრისთვის ჩადგება და სეზონის გადამწყვეტი პაექრობებისთვის სათანადო ფორმის აკრების დროც ექნება.
    რამდენიმე დღის წინ “გოლდენ სტეიტ უორიორზმა” კაზინსი ოფიციალურად წარადგინა. ამ მოვლენისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე კაზინსს ნულნომრიანი მაისურა გადასცეს. სწორედ ამ ეკიპირებით ასპარეზობდა დემარკუსი თავის წინა კლუბში “ნიუ ორლეანს პელიკანზში”.
    გუნდის ინტერესიდან გამომდინარე, მზად ვარ მატჩებში სათადარიგოთა სკამიდან ჩავერთოო, განაცხადა კაზინსმა და ხუმრობით ისიც დასძინა, ვინაიდან მაღალი ხელფასი არ მაქვს (5.3 მილიონი დოლარი), ყოველმხრივ მოვერიდები ტექნიკური ჯარიმების მიღებას, რათა ჯარიმა არ დამაკისრონო. დემარკუს კაზინსმა ოკლენდელ “მეომრებთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა…
    მომავალი სეზონის მეორე ნახევრიდან “გოლდენ სტეიტს” სავარაუდოდ შემდეგი სასტარტო ხუთეული ეყოლება: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი, დემარკუს კაზინსი. სპეციალისტებმა ამ კვინტეტს “მკვლელი ხუთეული” უკვე შეარქვეს, თუმცა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სტივ კერი სხვადასხვა ვარიანტს გამოცდის და გასული სეზონის მსგავსად პარკეტზე მყოფ კალათბურთელებში ნომინალური მეფარე არ იქნება.
    “გოლდენ სტეიტ უორიორზმა” გუნდის მწვრთნელ სტივ კერისთან ახალი კონტრაქტიც გააფორმა, რომელიც ძალაში 2019 წლის ზაფხულიდან შევა. ხელშეკრულების დეტალები არ საჯაროვდება.
    კერიმ ოკლენდელ “მეომრებთან” კონტრაქტი 2014 წელს გააფორმა. ხელშეკრულება ხუთწლიანია და მისი ღირებულება 25 მილიონ დოლარს შეადგენს. ოთხი წლის განმავლობაში კი კერის წინამძღოლობით “გოლდენ სტეიტი” ოთხჯერ გავიდა პლეი ოფის ფინალში და სამჯერ საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში კერის 265 მოგების წილ 63 მარცხი აქვს განცდილი, ნბა-ს პლეი ოფში კი სტივის მეთაურობით “გოლდენ სტეიტმა” 83 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 63-ში იმარჯვა.
    ESPN–ის ცნობით, ახალი შეთანხმების თანახმად სტივ კერი ნბა–ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. სადღეისოდ უმაღლესი წლიური ანაზღაურება “სან ანტონიო სპერზის” დამრიგებელ გრეგ პოპოვიჩს აქვს (11 მილიონი), “ლოს ანჯელეს კლიპერსის” მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის სასეზონო ხელფასი კი 10 მილიონია.
    “მოხარულები ვართ, კერი კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი რომ იქნება. “გოლდენ სტეიტის” ბოლოდროინდელი წარმატებების უპირველესი შემოქმედი სწორედ სტივია. ის ბრწყინვალე მწვრთნელია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულისხმიერი, თბილი, ყოველმხრივ დადებითი ადამიანი გახლავთ”, – განაცხადა კალიფორნიელთა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ბობ მაიერსმა.
    და კიდევ ერთი. 2018/19 წლის სეზონის დასრულების შემდეგ “გოლდენ სტეიტ უორიორზი” საკუთარ სარბიელ Oracle Arena-ს დაემშვიდობება და 2019 წლის შემოდგომიდან სან ფრანსისკოს Chase Center-ში შეუდგება. ამ არენის კონსტრუირება 2016 წელს დაიწყო, მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში კი მონაწილეობა გუნდის დამრიგებელმა სტივ კერმა და წამყვანმა კალათბურთელებმა მიიღეს.
  1. “ჰიუსტონ როკითსი”
    ტეხასელებმა გასულ სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში ორივე კონფერენციაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და მაყურებელს შინაარსიანი, ეფექტურთან ერთად ეფექტიანი ასპარეზობაც შესთავაზეს. ამაში ლომის წილი კი უკანახაზელებს, ჯეიმს ჰარდენსა და “ლოს ანჯელეს კლიპერსიდან” მისულ ახალწვეულ კრის პოლს მიუძღოდათ. პოლი ბრწყინვალე გამთამაშებელია, მაგრამ ის სხვა თვისებებითაც გამოირჩევა. უპირველესად, კრისი გუნდური მოთამაშეა და მან “ჰიუსტონის” ასპარეზობა კოლექტივიზმის ნიშნებით შეავსო. თუკი წინა სეზონში ჯეიმს ჰარდენი უფრო ინდივიდუალური ოსტატობით გადიოდა ფონს (ამასთან,“ბაბუაწვერა” ამას მშვენივრად ახერხებდა), გასულ სეზონში კრის პოლმა ჯეიმს ჰარდენის თამაში გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახადა, მომავალი სეზონიდან კი კარმელო ენტონის “მორჯულება” მოუწევს. მოგეხსენებათ, მელო ოკლაჰომადან ატლანტას “გავლით” ჰიუსტონში დაფუძნდება, სადაც სავეტერანო მინიმუმის ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და “დეტროიტ პისტონზში” გადაბარგებული ზაზა ფაჩულიას მსგავსად ხელფასი 2.4 მილიონი დოლარი ექნება.
    34 წლის კარმელო ენტონი “ოკლაჰომაში” გასული სეზონის დასრულების შემდეგ “ნიუ იორკ ნიკზიდან” გადავიდა. მელომ რეგულარული პირველობის 78 მატჩში საშუალოდ 16.2 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რაც მის საენბეო კარიერაში ყველაზე ცუდი სასეზონო შედეგია. პლეი ოფს რაც შეეხება, 6 ასპარეზობაში ენტონიმ საშუალოდ 11.8 ქულასა და 5.7 მოხსნას მოუყარა თავი.
    კარმელო ენტონის ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” 10 მატჩში მიუღია მონაწილეობა, აშშ-ის “დრიმ თიმის” შემადგენლობაში კი პეკინის 2008 წლის, ლონდონის 2012-ის და რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. ათენში, 2004 წელს ენტონი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ენტონი ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც ოთხი ოლიმპიური მედალი აქვს დამსახურებული. ამასთან, მელო კიდევ ერთი უნიკალური შედეგის მფლობელია. მას ნბა-ში 1054 შეხვედრა ჩაუტარებია და ყველა მათგანში თამაში სასტარტო შემადგენლობიდან (!) დაუწყია. აი, ამგვარი გამოცდილების და ფენომენალური სტატისტიკის მქონე კალათბურთელის დამატებით ჰიუსტონელთა თამაში კიდევ სოლიდური უნდა გახდეს, მაგრამ, მოდით, ამგვარი დასკვნის გამოტანას ნუ ვიჩქარებთ, რადგან კარმელო ენტონი “საკალათბურთო ეგოიზმით” გამოირჩევა და არც სალიდერო თვისებებითაა დიდად დაჯილდოებული.
    “ჰიუსტონ როკითსის” თამაშში ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა ტეხასელთა გუნდში შვეიცარელი მეფარე კლინტ კაპელა. კლინტმა გასული სეზონი მძლავრად ჩაატარა, რის დასტურადაც თუნდაც 9 თებერვალს “დენვერ ნაგითსთან” 130:104 მოგებულ პაექრობაში 23 ქულისა და 25 მოხსნის დაგროვება გამოდგება.
    ჰიუსტონელები დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მეორე პოზიციაზე დავაყენეთ, ამასთან, მაინც ძნელი წარმოსადგენია, “როკითსმა” “გოლდენ სტეიტს” ჯეროვანი წინააღმდეგობა რომ გაუწიოს.
  1. “ლოს ანჯელეს ლეიკერსი”
    ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ლიგის 16-გზის გამარჯვებული “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” ბოლოს ჩემპიონი 2010 წელს გახდა და მას შემდეგ მოყოლებული ფავორიტთა შორის არ მოიაზრებოდა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც წინასასეზონოდ Staples Center-ში საასპარეზოდ “მეფე ლებრონი” მივიდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 წლიანი ფანტასტიკური გამოსვლის შემდეგ ლებრონ ჯეიმსი დასავლეთში გადაბარგდა და კალიფორნიელები უმალ ტიტული მოგების პრეტენდენტის სტატუსი მიანიჭა. ჯეიმსმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 154 მილიონი დოლარია. ამასთან, კლივლენდში ყოფნისას ლებრონი “კავალიერზთან” კონტრაქტს სეზონურად, თითო წლით ახანგრძლივებდა.
    ოპტიმისტურადაა განწყობილი “ლეიკერსის” პრეზიდენტი მეჯიქ ჯონსონიც: “ლეიკერსი” “გოლდენ სტეიტის” დამარცხებას სპეციალურად შემუშავებული ტაქტიკით შეეცდება. ყველა იმ გუნდს, რომელიც “გოლდენ სტეიტის” ძლევას ზუსტი შორეული ტყორცნების მეშვეობით ცდილობდა, ხელი მოეცარა. ჩემპიონებს ყველაზე მეტი სირთულე “ჰიუსტონ როკითსმა” შეუქმნა. ტეხასელები არა მარტო ზუსტად ტყორცნიდნენ, დაცვაში საიმედო თამაშსაც ცდილობდნენ, თუმცა, კალიფორნიელთა ძლევის ძალა მაინც არ აღმოაჩნდათ. შევეცდებით, ჰიუსტონელთა გამოცდილება შევისწავლოთ და საქმეში ჩვენი დამატებითი რესურსიც ჩავრთოთ”, – განაცხადა მეჯიქმა. მეჯიქისვე მტკიცებით, ლებრონის გუნდში მიყვანა იმითაცაა სასარგებლო, რომ “ლეიკერსში” სხვა ვარსკვლავების “მიტყუება” გაადვილდება, რამეთუ ჯეიმსის პარტნიორობაზე უარს ცოტა ვინმე თუ იტყვის. ჯერჯეობით კი კალიფორნიელებმა ლებრონის გარდა ჯავალ მაკგი, რაჯონ რონდო, სვიატოსლავ მიხაილიუკი, მაიკლ ბიზლი აიყვანეს.
    ამასობაში, Bleacher Report “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ერთ–ერთი ხელმძღვანელის (მის ვინაობას გამოცემა არ ასაჯაროებს) მეტად საინტერესო და საყურადღებო სიტყვებს აქვეყნებს. საქმე ისაა, რომ ლოს ანჯელესელებს, ნბა–ს ჩემპიონის “გოლდენ სტეიტ უორიორზის” მსგავსად, “მკვლელი ხუთეულის” ჩამოყალიბება მოუწადინებიათ. “ლეიკერსის” ერთ–ერთი ბოსის განცხადებას ამ კვინტეტს შემდეგი სახე ექნება: ლონზო ბოლი, ჯოშ ჰარტი, ბრენდონ ინგრემი, კაილ კუზმა, ლებრონ ჯეიმსი.
    “ვერ ვიტყვი, რომ ამ ხუთეულს რეგულარული პირველობის სასტარტო მატჩებიდანვე იხილავს გულშემატკივარი, მაგრამ ამ ვარიანტს სამწვრთნელო შტაბი აუცილებლად გამოცდის. ამასთან, ლებრონ ჯეიმსს მეფარის პოზიციაზე ვიხილავთ”, – ამბობს ლეიკერსელთა ოფიციალური პირი.
    საინტერესოა “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” მისული 32 წლის უკანახაზელის რაჯონ რონდოს წინასასეზონო განწყობაც: “ჩემი უმთავრესი საზრუნავი არაა, დამაყენებენ თუ არა სასტარტო შემადგენლობაში, უპირველესი ამოცანა ნბა-ს ჩემპიონობის მოპოვებაა. მხოლოდ ამაზე ვიქნები კონცენტრირებული. მოუთმენლად ველი ლონზო ბოლთან ერთად ვარჯიშსა და თამაშს. რითაც შემეძლება, მას დავეხმარები და გვერდით დავუდგები. ლონზო თამაშის გაგებით, გადაწყვეტილების მიღების სისხარტით და საერთო დონით გამორჩეულია და შევეცდები, მის შემდგომ წინსვლას ხელი შევუწყო”.
    რაჯონ რონდოს რამდენიმე კლუბში უასპარეზია, ყველაზე დიდხანს კი “ბოსტონ სელტიკსში” გამოდიოდა (2006-2014) და მასაჩუსეტსელებთან ერთად 2008-ში ნბა-ს ჩემპიონი გახდა.
    “ლეიკერსი” დიდ იმედს ამყარებს ახალგაზრდა უკანახაზელ ლონზო ბოლზეც. მას გუნდში დებიუტი შარშან ჰქონდა და ერთ-ერთ მატჩში სამმაგი დუბლიც მიითვალა. ლონზომ ახლახან მენისკის ოპერაცია გადაიტანა, თუმცა, “ლეიკერსის” წინასასეზონო კემპის დასაწყისიდანვე ვარჯიშს შეუდგება.
  1. “ოკლაჰომა სიტი თანდერი”
    2014 წელს “ოკლაჰომას” აქციათა მეოთხედი სანავთობე მაგნატმა, პლანეტის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯორჯ კაიზერმა შეიძინა. მას შემდეგ “თანდერის” ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, სათანადო შედეგი კი ჯერჯერობით არ ჩანს. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში კლუბი მუდმივად უზრდიდა ხელფასს გუნდის უპირველეს ვარსკვლავ რასელ ვესტბრუკს, ხელშეკრულებას უხანგრძლივებდა მეფარე სტივენ ადამსს, შარშან წინასასეზონოდ გუნდში პოლ ჯორჯი და კარმელო ენტონი მიიყვანა… მომავალ სეზონში “ოკლაჰომას” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობის – რასელ ვესტბრუკი, ანდრე რობერსონი, პოლ ჯორჯი, ჯერამი გრანტი, სტივენ ადამსი – “ღირებულება” 109 მილიონი დოლარია, რაც 15 მილიონით ნაკლებია ფუფუნების გადასახადის სახელფასო ლიმიტზე. ამ კუთხით ოკლაჰომელებს ძალიან წაადგათ კარმელო ენტონის გასხვისება, რის შემდეგაც კლუბს ფუფუნების გადასახადი ასცდება.
    შარშანდელი აქტიურობის შემდეგ წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე “ოკლაჰომა” უფრო პასიურია, “დალას მავერიკსიდან” გადაბირებული 24 წლის მეფარე/მძიმე ფორვარდი, 24 წლის ნერლენს ნოელი გუნდისთვის მშვენიერი შენაძენია. ნერლენსის გუნდის მთავარ მწვრთნელს ბილი დონოვანს ეიმედება, მთლიანად “თანდერისა” კი ოკლაჰომელ გულშემატკივრებს სჯერათ და ახალი სეზონის სტარტს მოუთმენლად ელიან…
აღმოსავლეთ კონფერენცია
  1. “ბოსტონ სელტიკსი”
    ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ბოსტონ სელტიკსია”. მასაჩუსეტსელებს საჩემპიონო ტიტული 17 აქვთ მოგებული (ბოლოს 2008 წელს) და უახლოეს პერსპექტივაში მათი დაწევის შესაძლებლობა მხოლოდ “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” აქვს. ჩვენი აზრით, “სელტიკსის” ძალა უმეტესწილად ორ ადამიანს ეფუძნება – მთავარ მწვრთნელ ბრედ სტივენსსა და 26 წლის უკანახაზელ კაირი ირვინგს, რომელიც მასაჩუსეტსელთა კლუბში შარშან ზაფხულში, ოჰაიოს “კლივლენდიდან” მივიდა. მოარულ ხმებს თუ ვერწმუნებით,  კაირი “კავალიერზიდან” ლებრონთან არცთუ თბილი დამოკიდებულების გამო წავიდა, რითაც კლივლენდელები მოგებულები ნაღდად არ დარჩნენ – მთელი სეზონის მსვლელობისას და განსაკუთრებით პლეი ოფის საჩემპიონო სერიაში აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გამთამაშებელი ირვინგი ოჰაიოელებს წამალივით სჭირდებოდათ. სამწუხარო კი ისაა, რომ კაირი ირვინგმა ტრავმის გამო სეზონის დასკვნითი ნაწილი გამოტოვა.
    ამასთან, ბოსტონელთა სხვა კალათბურთელებსაც არ დაეწუნებათ. ტეიტუმი (20 წლისაა), ბრაუნი, ჰეივორდი, როზიე გასულ სეზონშიც კარგად თამაშობდნენ და მათგან პროგრესს ელიან.  მომატების რეზერვი აქვს 24 წლის უკანახაზელ მარკუს სმარტს, რომელმაც “ბოსტონ სელტიკსთან” ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების ძალით მარკუსი ხელფასის სახით 52 მილიონ დოლარს მიიღებს.
    გასულ სეზონში სმარტმა მასაჩუსეტსელთა რიგებში რეგულარულ ჩემპიონატში 54 შეხვედრა ჩაატარა და საშუალო მონაცემები 10.2 ქულას, 4.8 შედეგიან გადაცემას და 3.5 მოხსნას გაუტოლა. პლეი ოფს რაც შეეხება, 15 მატჩში მარკუსმა საშუალოდ 9.8 ქულას, 5.3 პასსა და 3.7 მოხსნას მოუყარა თავი. მარკუს სმარტი ნბა-ს 2014 წლის დრაფტზე მეექვსე ნომრად იყო დაყენებული და ის “ბოსტონ სელტიკსმა” აირჩია.
    თითქოს “მეორე სუნთქვა” გაეხსნა ვეტერან მძიმე ფორვარდ ელ ჰორფორდს, რომელმაც წლეულს ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩი ჩაატარა. “ატლანტა ჰოუკსში” ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი ჰორფორდი ბოსტონში 2016 წლიდან გამოდის, როდესაც მასაჩუსეტსელებთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
    გასულ სეზონში “ბოსტონ სელტიკსმა” აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ფინალამდე გააღწია, სადაც “კლივლენდ კავალიერზთან” 3:4 დამარცხდა. ჩვენი აზრით, მომავალ სეზონშიც მასაჩუსეტსელებს მინიმუმ ამავე სტადიაზე ვიხილავთ, ოღონდა ამჯერად მათი მოწინააღმდეგე “კავალიერზი” აღარ იქნება…
  1. “ფილადელფია სიქსერზი”
    პენსილვანიის “ფილადელფია სიქსერზმა” გასული სეზონის რეგულარული პირველობა მიმზიდველად, მაღალ დონეზე ჩაატარა და საბოლოოდ მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა. აი, პლეი ოფში კი ფილადელფიელმა “ოქროს ბიჭებმა” (უპირველესად ბენ სიმონზსა და ჯოელ ემბიდს ვგულისხმობთ) საკუთარ გულშემატკივარს იმედი გაუცრუა. “სევენთი სიქსერზი” აღმოსავლეთის კონფერენციის პლეი ოფის ნახევარფინალში “ბოსტონთან” 1:4 დამარცხდა. ჩვენი აზრით, მომავალ წელს ეს გუნდები უკვე კონფერენციის პლეი ოფის ფინალში უნდა ვიხილოთ.
    თუკი ბოსტონელებს კონფერენციის საუკეთესო გამთამაშებელი ჰყავთ, “ფილადელფიას” რიგებში აღმოსავლეთის უძლიერესი მეფარე ჯოელ ემბიდი ირიცხება. დავუმატოთ ამას 2017/18 წლის სეზონის საუკეთესო ახალბედად აღიარებული ავსტრალიელი მსროლელი/მსუბუქი ფორვარდი ბენ სიმონზი. თუკი ჩვენი პროგნოზი ახდა და აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ფინალში “დაუძინებელი მტრები” – “ბოსტონი” და “ფილადელფია” გავიდნენ, კალათბურთის გულშემატკივარს საქმე მოსაწყენად ნაღდად არ ექნება…
  1. “ტორონტო რეპტორზი”
    გასული სეზონის რეგულარულ პირველობაზე ნაჩვენები შედეგით “ტორონტო რეპტორზი” აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გავიდა, მოგებათა რაოდენობით მხოლოდ “ჰიუსტონ როკითსს” ჩამორჩა, ჩემპიონ “გოლდენ სტეიტს” კი აჯობა. სამაგიეროდ, პლეი ოფში გუნდმა წარუმატებლად ითამაშა, სადაც ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდთან” ვერაფერი გააწყო – 0:4. მომავალ სეზონში კანადელი “რეპტილიები” მაყურებლის წინაშე სახეცვლილი წარსდგება. ხუმრობა საქმე ხომ არაა, გუნდი უპირველეს ვარსკვლავს დემარ დეროზანს დაემშვიდობა, სამაგიეროდ “სან ანტონიოდან” კავაი ლეონარდი გადაიყვანა. სპეციალისტთა ნაწილის აზრით, მომავალი სეზონის “ტორონტო” “სან ანტონიო 2016”-ის გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება. საამისო ძალა კანადელებს ნამდვილად შესწევთ. კავაი ლეონარდი, სერჟ იბაკა, კაილ ლოური, ფრედ ვანვლიტი, დენი გრინი, იონას ვალანჩუნასი, ნორმან პაუელი, სი ჯეი მაილზი – ამ ბიჭებს მართლაც ბევრი შეუძლიათ.
    კავაი თავდაპირველად “ტორონტოში” მოხვედრით უკმაყოფილო იყო, რადგან საკალათბურთო კარიერის გაგრძელება “ლეიკერსში” სურდა, მაგრამ შემდეგ ბედს დამორჩილდა, კანადაში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
  1. “მილუოკი ბაქზი”
    გულზე ხელს დავიდებთ და გამოგიტყდებით, აღმოსავლეთ კონფერენციის სამომავლო ფავორიტთა შორის “მილუოკი ბაქზი” ბერძენი ფორვარდის იანის ანტეტოკუნმპოს გამო დავასახელეთ. “ხარირმების” ელადელი კაპიტანი აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელია და მისი ფენომენალური თამაშის წყალობით, მილუოკელთაგანაც კონფერენციაში არაფერია გასაკვირი. ვნახოთ გახდება თუ არა “იანის პირველი” “მეორე” ლებრონ ჯეიმსი… შეხსენებისთვის, გასული სეზონის პლეი ოფში “მილუოკიმ” უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია “ბოსტონს”, სერიაში გამარჯვებულის გარკვევას კი შვიდი მატჩის ჩატარება დასჭირდა.
გოჩა კაჭარავა