ჰეიგმა ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
3

“თიბისი რაგბის” სერიების დაწყებამდე, ბორჯღალოსნების 34-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში შეიკრიბება, საიდანაც 10 ნოემბრის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიაში ჩავა. დიდი 10-ის, ზე-რაგბის, ტოპ 14-ის და ინგლისური პირველობის კლუბების მოთამაშეები საფრანგეთისკენ გეზს შაბათს აიღებენ, სადაც მათ ევროპის წამყავნ კლუბებში მოთამაშე ბორჯღალოსნებიც შეუერთდებიან.

10 ნოემბერს ბორჯღალოსები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ ერკინებიან, რის შემდეგაც თიბისი რაგბის სერიები თბილისში გაგრძელდება და 17 ნოემბერს სამოას „ავჭალაზე“, ხოლო 24 ნოემბერს ტონგას „მიხეილ მესხზე“ დავუხვდებით. ყველა თამაში საქართველოს დროით 18 საათზე იწყება. 2018 წლის დასკვნით შეხვედრებს მილტონ ჰეიგი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება:

„წლის დამაგვირგვინებელი თამაშები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანიაა და გამონაკლისი არც 2018 წლის თიბისი რაგბის სერიებია. გველის სამი უმნიშვნელოვანესი ტესტი მაღალი დონის მეტოქეებთან და მათ მოსაგებად მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად და მენტალურად კარგად მოვემზადოთ.

„მსოლფიო თასამდე 11 თვეზე ნაკლები რჩება და თიბისი რაგბის სერიები ჩვენი მოსამზადებელი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გვეძლევა საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მაღალი დონის გუნდებთან, რომლებიც ასევე ითამაშებენ იაპონიის მსოფლიო თასზე“.

ტრავმები და ახალი სახეები

მომავალ თამაშებს ბორჯღალოსნები რამდენიმე ლიდერის გარეშე ხვდებიან. ტრავმების გამო თიბისი რაგბის სერიები 2018-ს ტოვებენ კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე და გუგა შენგელია. სერიებზე ჰეიგი აპირებდა ასევე 20-წლამდელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, სანდრო სვანიძის გამოძახებასაც, მაგრამ სამწუხაროდ მასაც ტრავმა აქვს. ტრავმის გამო შეკრებაზე ასევე არ იქნება პირველი ქართველი ცენტურიონი, მერაბ კვირიკაშვილი.

ფრანგულ შეკრებაზე ოთხი ისეთი მოთამაშე იქნება, რომელთაც ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ – უმცროსი ბორჯღალოსნები გურამ გოგიჩაშვილი დათედო აბჟანდაძე, რომლებმაც 2017 და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე საოცრად ითამაშეს; ბექა გიგაშვილი (გრენობლი, ტოპ 14) და გრიგორ ქერდიყოშვილი (ლელო სარასენს, დიდი 10). ახალი სახეა ზურაბ ძნელაძეც (ლოკომოტივი, დიდი 10), რომელმაც ნაკრების კვართით ერთადერთხელ, 2013 წელს მსოფლიო რაგბის თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

გამოძახებულთა შორის რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომელთაც ტრავმების გამო ნაკრებში წელიწადზე მეტია არ უთამაშიათ: დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს 2 წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა); ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა); ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა); გიორგი აფციაური (ბოლოს 2016 წელს შოტლანდიასთან ითამაშა).

შემადგენლობაზე ჰეიგი ამბობს: „ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ტრავმების გამო ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. მეორეს მხრივ, ესაა უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ნაკრებში ტრავმირებულების ადგილს დაიკავებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაგვანახონ რა შეუძლიათ და სხვადასხვა პოზიციებზე შექმნან სიღრმეები.

„მიუხედავად სირთულეებისა, გუნდში გვყავს გამოცდილ მოთამაშეთა ბირთვი, რომლებსაც კარგად ესმით ჩვენი სისტემები. მათ ეროვნულ გუნდში თავი არაერთხელ გამოუჩენიათ და ველი, რომ გუნდს ახლაც გაუძღვებიან. ასევე გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც საქართველოსა თუ საფრანგეთში, თავ-თავიანთ კლუბებში შესანიშნავად გამოიყურებიან და მათგან სიახლეებს ველით“.