დუდა სანაძეს კონტრაქტი ესპანურმა “გიპუზკოა ბასკეტმა” გაუფორმა

0
2

დუდა სანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების მსროლელს ხელშეკრულება “გიპუზკოა ბასკეტმა” გაუფორმა, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს. კონტრაქტი ერთწლიანია, თუმცა მისი გაწყვეტა ორივე მხარეს ერთი თვის შემდეგ შეუძლია.

სანაძემ გასული სეზონი იტალიურ “პისტოია ბასკეტში” გაატარა, თუმცა, იქიდან წასვლა ტრავმის გამო მოუხდა. მანამდე, დუდას თბილისის “დინამოში”, “რუსთავში”, “ბათუმში” და სლოვენიურ “პრიმორსკაში” უთამაშია, 4 წელი კი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუნივერსიტეტო გუნდ “სან დიეგოში” აქვს გატარებული.

სანაძის დებიუტი სავარაუდოდ 21 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში შედგება, როცა სანსებასტიანური გუნდი ბადალონის “ხუვენტუტს” ესტუმრება. “გიპუზკოა ბასკეტს” 4 ტურის შემდეგ მოგება არ აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ბურჯანაძეს, მან წინა მატჩი გამოტოვა.