ჩაკვეტაძის ათიანი

0
24

სპორტულმა ანალიტიკურმა საიტმა whoscored.com-მა უეფას ერთა ლიგის მატჩის, ლატვია-საქართველოს (0:3), მონაწილე ფეხბურთელები შეაფასა.
გამოცემამ D ლიგაში პირველად დაწერა 10-ბალიანი სისტემით საუკეთესო შეფასება და ის საქართველოს ნაკრების თინეიჯერმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ დაიმსახურა – 10! გარდა იმისა, რომ გენტის ქართველმა ლეგიონერმა ლატვიასთან თამაშში გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მის ანგარიშზე მატჩში 7 (!) განხორციელებული დრიბლინგია. მან გუნდს 4 კუთხური მოუპოვა, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა და პასებს 90%-იანი სიზუსტით ანაწილებდა.
ჩაკვეტაძე ბოლოს შეცვალეს, თუმცა ამას შეფასებაზე არ უმოქმედია. კიდევ უფრო გასაოცარია, რომ მეორე შეფასება (7.6) მატჩში ჯაბა კანკავამ მიიღო, რომელიც პირველ ტაიმში დაშავდა და შეცვალეს. მართლაც, სანამ ეს იძულებითი შეცვლა მოხდებოდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე საუკეთესო იყო. ნიკა კვეკვესკირმაც 7.6 ბალი მიიღო, ხოლო ვაკო გვილიამ – 7.5. აღსანიშნავია, რომ ლატვიელთა შორის საუკეთესო მეკარე ვანინსი იყო, რომელმაც სამი გოლი გაუშვა – 7 ბალი.

whoscored.com-ის შეფასებები
საქართველო: ლორია 7.3 – კაკაბაძე 7.3, ხოჭოლავა 7.4, დვალი 7.3 – მერებაშვილი 6.7, კვეკვესკირი 7.6, კანკავა 7.6, ჩაკვეტაძე – 10 – გვილია 7.5 – ყაზაიშვილი 6.9.
სათადარიგოები: აბურჯანია 7.1, ჟიღაური 6.4, ზარანდია 6.0.
ათეულში რვა ქართველია
გიორგი ჩაკვეტაძე 4 თამაშში საშუალოდ 8.09 ბალი აქვს და ის D ლიგის პირველ ჯგუფში ფეხბურთელთა შორის მეორე ადგილზეა. ჩაკვეტაძეს მხოლოდ ყაზახი იური ლოგვინენკო უსწრებს, თუმცა ამ მცველმა მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა – 8.25. სხვათა შორის, ამ სიაში 10-ეულში 8 ქართველია – მეორედან მეცხრე ადგილამდე. ჯაბა კანკავა მესამეა 7.78 საშუალო შეფასებით.