10 ქართველი ერთა ლიგის სიმბოლურში

0
30

16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას სტუმრობს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 3 მატჩიდან 9 ქულით გამოკვეთილი ლიდერია, სხვა გუნდებს მხოლოდ 2-2 ქულა აქვთ.
სრულიად ბუნებრივია, რომ whoscored.com-ის ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში (პირველი სამი ტურის მიხედვით) ქართველი ფეხბურთელები უმრავლესობაში არიან, თუმცა შედეგი მაინც გასაოცარია – D ლიგის პირველ ჯგუფის მიმდინარე სეზონის სიმბოლურში 11 ფეხბურთელიდან 10 (!) საქართველოს ნაკრების წევრია და მხოლოდ ერთია სხვა (ლატვიელი ფორვარდი დენის რაკელსი).
საშუალო შეფასებებით 11 პოზიციიდან 10-ზე საუკეთესო ქართველია – მეკარე გიორგი ლორია – 7.1 ბალი (საშუალოდ).
დაცვის ხაზი მთლიანად ქართულია მარჯვნიდან მარცხნივ – ოთარ კაკაბაძე (7.4), საბა კვერკველია (7.5), გურამ კაშია (7.5) და გიორგი ნავალოვსკი (7.4).
ასევე სრულად ქართულია ნახევარდაცვა – გიორგი ჩაკვეტაძე (7.4), ნიკა კვეკვესკირი (7.4), ჯაბა კანკავა (7.8) და ვაკო ყაზაიშვილი (7.6).
ორი ფორვარდიდან ერთი ნიკა კაჭარავაა (6.4), მეორე კი ლატვიელი დენის რაკელსი (6.5).
სხვათა შორის, ვაისის გუნდი ორი სუფთა ფორვარდით არ თამაშობს, თუმცა სიმბოლური მთლიანად ქართული არც 5 ნახევარმცველის შემთხვევაში იქნებოდა, რადგან საშუალო შეფასებებით მეხუთე ნახევარმცველებში ყაზახი ისლამხანია.
D ლიგის პირველ ჯგუფში საუკეთესო ფეხბურთელი ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაა – 7.83 ბალი.