იოკიჩის ასლი – ASSOCIATED PRESS ბითაძეს NBA-ს უწინასწარმეტყველებს

0
4

19 წლის გოგა ბითაძემ ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მისი მეგა ბიმაქსი ადრიატიკის ლიგის თანალიდერია, ხოლო თავად ქართველი ცენტრი ამ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
გოგას ეფექტურმა თამაშმა კვლავ მიიქცია საერთაშორისო მედიის ყურადღება. AP-ის (Associated Press) ტიმ რეინოლდსმა გამოაქვეყნა სტატიას “შემდეგი ტალღა – 5 უცხოელი კალათბურთელი, რომელიც NBA-ში გადავა”. ავტორმა დონჩიჩის წარმატებული დრაფტის შემდეგ 5 არაამერიკელზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც დიდი ალბათობით, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2019 წლის დრაფტით მოხვდებიან.
ჩამონათვალში არიან: სეკუ დუმბუია (ლიმოჟი, საფრანგეთი), პოლ ებუა (სტელა აძურა, იტალია), ადამ მოკოკა (მეგა ბიმაქსი, საფრანგეთი), ლუკა სამანიჩი (ოლიმპია, ხორვატია) და გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, საქართველო).
ავტორმა ბითაძე ხუთეულში მეორე ნომრად დაასახელა სეკუ დუმბუიას შემდეგ. როგორც ხედავთ, ხუთეულში ორი მოთამაშეა მეგა ბიმაქსიდან – გოგა და ფრანგი ადამ მოკოკა.
“გოგა ბითაძე – 211 სმ, და 113 კგ – NBA-ს რამდენიმე კლუბს დრაფტის პირველი რაუნდისთვის ჰყავს მონიშნული. ის კარგად გადაადგილდება, დაცვაში კარგია და რამდენიმე სათამაშო კომპონენტით ძალიან ჰგავს ნიკოლა იოკიჩს მის ასაკში. საქართველოს წარმომადგენელი წლებია სერბეთში თამაშობს და კარგი სეზონი მას დრაფტზე სერიოზულ პოზიციას გაუნაღდებს”, – წერს Associated Press.
აღსანიშნავია, რომ nbadraft.net ბითაძეს 2019 წლის დრაფტზე 35-ე ნომრად (მეორე წრის მე-5 პიკი) მოიაზრებს, თუმცა თუ გოგამ ასე გააგრძელა, გამოცემა მის პოზიციაზე დრაფტზე გააუმჯობესებს.