გერმანიის კრიზისი ღრმავდება

0
28

უეფას ერთა A ლიგის 1 ჯგუფში ჰოლანდიამ ამსტერდამში გერმანია 3:0 გაანადგურა. ეს ნიდერლანდელთა გერმანელებზე პირველი გამარჯვება გახლავთ ოფიციალურ მატჩებში, ბოლო 26 წლის განმავლობაში. ბოლოს „ნარინჯისფერებს“ გერმანელებისთვის ევრო 92-ზე მოეგოთ 3:1.
ნაციონალმანშაფტისთვის კი ეს პირველი გამანადგურებელი მარცხია 2007 წლის შემდეგ. ასევე, იოაჰიმ ლიოვის გუნდს უკვე ზედიზედ მესამე ოფიცილური მატჩია გოლი ვეღარ გააქვს: სამხრეთ კორეასთან, საფრანგეთთან და ჰოლანდიასთან მათ მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგეს.
საერთოდ, გერმანელებს, რომლებსაც გასული მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიიჩნევდნენ, ფაქტია, რომ კრიზისი აქვთ. ხან რა მიზეზს მოუძებნიან მათ დამარცხებებს, ხან რას, მაგრამ უკვე რაღაც თავდაუჯერებლობაც ეტყობათ. შეცდომებია მოთამაშეებისა და მწვრთნელების მხრიდანაც.
ჰოლანდიელებმა აშკარად აჯობეს ორივე ტაიმში და გოლებიც დამსახურებულად გაიტანეს.
ლიოვს კი, კარგა ხანია ასეთი შეფიქრიანებული სახე აღარ ჰქონია: „ნორმალურად ვთამაშობდით, სანამ პირველი გოლი არ გავუშვით. შემდეგ კი რაღაც აირია. რატომ ვერ ვიტანთ? რთული კითხვაა. კარგი შანსები გვქონდა და ვფიქრობ, 0:1 წაგება ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება გუნდი ასე იშლებოდეს ბოლო 10 წუთში“.

ჰოლანდია – გერმანია 3:0
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“.
1:0 ვან დეიკი (30), 2:0 დეპაი (86), 3:0 ვეინალდუმი (90+3)
ჰოლანდია: სილესენი, ბლინდი, ვან დეიკი, დუმფრისი, დე ლიგტი, ბაბელი (გრუნველდი 68), ვეინალდუმი, დე როონი, ფრანკი დე იონგი (აკე 77), დეპაი, ბერგვეინი (პრომესი 68).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი.
გერმანია: ნოიერი, ბოატენგი, ჰუმელსი, გინტერი, კიმიხი, კროოსი, ჰექტორი, ჩანი (დრაქსლერი 57), მიულერი (სანე 57), უთი (ბრანდტი 68), ვერნერი.
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი.
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი).