ანდორაც დამარცხებულია – საქართველოს ზედიზედ მესამე მოგება ერთა ლიგაში

0
35

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლა გრძელდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა D დივიზიონში ჯგუფის მესამე ტურის მატჩში ანდორას თბილისში უმასპინძლა და მეტოქე ვაკო ყაზაიშვილისა (დუბლი) და ჯაბა კანკავას გოლებით დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ანდორასთან თბილისურ შეხვედრას დანაკლისით შეხვდა. ლევან მჭედლიძის, გიორგი ქვილითაიასა და გიორგი პაპუნაშვილის გამოკლების შესახებ თუ ცნობილი ადრევე იყო, მატჩის წინ გაირკვა, რომ გუნდს ვერც თორნიკე ოქრიაშვილი დაეხმარებოდა. ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში არც გამოჯანმრთელებული ჯანო ანანიძე დააყენა, ნახევარდაცვაში კი გრაცის შტურმის 22 წლის ლეგიონერი ოთარ კიტეიშვილი გაამწესა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობით დაიწყო, ანდორელები კი თავიდანვე საკუთარი საჯარმოს სიახლოვეს განლაგდნენ. პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან უკვე მე-6 წუთზე, კაკაბაძისა და ჩაკვეტაძის გათამაშებულ კომბინაციას მოყვა. იერიშის გოლით დასრულება ქუსლით კაჭარავამ სცადა, მაგრამ მეკარემ რეაგირება მოახერხა.
რამდენიმე წუთში უკვე გურამ კაშიას ჰქონდა გატანის შანსი მას შემდეგ, რაც კუთხურის გათამაშების შემდეგ, ანდორელთა საჯარიმოში გიორგი ნავალოვსკიმ ჩაკიდა. სან ხოსეს მცველმა მეტოქეს მაღალ ბურთზე ბრძოლაში აჯობა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანდორელები მთელი გუნდით იცავდნენ თავს, გიორგი ლორიას ანერვიულება მაინც მოასწრეს. საქართველოს ნაკრების მეკარეს რთული დარტყმის მოგერიება მოუხდა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სტუმართა ერთადერთი ყველაზე სახიფათო მომენტი მთელი 90 წუთის განმავლობაში.
საქართველოს ნაკრები მეტოქის კარს ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან, მაღალი ჩაწოდებებით უტევდა. ანგარიში კი მორიგი ასეთი იერიშის შედეგად გაიხსნა, მაღალ ბურთს, რომელსაც ოთარ კიტეიშვილი ვერ შეწვდა, საბოლოოდ ყაზაიშვილი დაეუფლა. ვაკომ მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში, იუველირული სიზუსტით დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა და კარში შევარდა – 1:0.
ანალოგიური კომბინაციის შემდეგ ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი შეტევაში ჩართულ გიორგი ნავალოვსკისაც ჰქონდა, თუმცა მისი თაურის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.
საქართველოს ნაკრები გატანილი გოლის შემდეგაც აკონტროლებდა ბურთს და ფლობდა უპირატესობას, სტუმრებს კი შესვენებამდე ღირებული არაფერი შეუქმნიათ.
მოედანზე ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მასპინძლებს ისევ უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, სტუმრები კი “ავტობუსზე” უარის თქმას არ ჩქარობდნენ. 49-ე წუთისთვის კი ანდორა კიდევ ერთხელ გადარჩა. კაკაბაძემ საჯარიმოს სიღმეში კიტეიშვილს გააყოლა ბურთი, ამ უკანასკნელის მაღალი ჩაწოდების შემდეგ კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ახლო მანძილიდან კარში თავით ურტყამდა. ანდორელთა მეკარემ ამ ეპიზოში ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა კარი…
საათის გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე წნეხი თითქოს შეამცირა და ანდორელმა ფეხბურთელებმაც თავისი საჯარიმოს მისადგომებიდან ამოწევა სცადეს – ოღონდ მოედნის ცენტრამდე. გაშვებული გოლის მიუხედავად, სტუმრებს დიდი ძალებით წინ წასვლა არც უფიქრიათ.
ამას ვლადიმირ ვაისის პირველი ცვლილებაც მოჰყვა – გულშემატკივრების ოვაციების თანხლებით მოედანზე ჯანო ანანიძე გამოვიდა, რომელიც მარტში სანაკრებო მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.
მატჩის ბოლო ოცი წუთი საქართველოს ნაკრებმა ბურთი დაიჭირა, თუმცა ზედმეტ რისკს მოერიდა და მეტწილად ანდორელთა დაცვის ბარიერში ხვრელების ძებნით დაკავდა. პარალელურად, ვლადიმირ ვაისმა მოედნიდან ერთადერთი ფორვარდიც გაიყვანა – კაჭარავას ნაცვლად თამაშში, გუნდის შუა ხაზის გასაძლიერებლად, ვაკო გვილია ჩაერთო.
საქართველოს ნაკრებმა მოგება თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გაინაღდა. ნიკა კვევკესკირმა მოედნის სიღრმიდან ზუსტი გამჭოლი პასით შეატოვა მეკარეს ყაზაიშვილი, ამ უკანასკნელს კი დუბლის შესრულება არ გასჭირვებია. ეს ვაკო ყაზაიშვილის მეათე გოლია საქართველოს ეროვნულ გუნდში.
მატჩის ბედი მანამდეც გადაწყვეტილი იყო, საბოლოო ანგარიში კი “დინამო არენაზე” ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, სულ ბოლო წამს, ფლანგიდან ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ, თავით დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა დამსახურებლად, ისე მოიგო, რომ მეტოქეს შანსი პრაქტიკულად არ მისცა (პირველ ტაიმში ნახევარეპიზოდს თუ არ ჩავთვლით), რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: ბურთის ფლობა – 77%-23%, კარისკენ დარტყმა – 23-4, კარში დარტყმა – 7-1, კუთხური – 12-0, მეკარის სეივი – 1-4.
ანდორასთან გამარჯვების წყალობით საქართველოს ნაკრები 3-იდან 3 მოგებითა და 9 ქულით (ბურთები 6-0) უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის 1-ელი ჯგუფის ლიდერად რჩება, სადაც ასევე გამოდიან ლატვია და ყაზახეთი. ამ გუნდების პარალელურად გამართული დაპირისპირება რიგაში ფრედ 1:1 დასრულდა და საქართველოს ნაკრების გარდა, ჯგუფში სამივე გუნდს 2-2 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფში პირველობის გასანაღდებლად და პლეი ოფში გასასვლელად, დარჩენილ სამ მატჩში ერთი მოგებაც ყოფნის.
ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ტურში, 16 ოქტომბერს ლატვიას ესტუმრება. ნოემბერში კი ჯერ ანდორას ესტუმრება, ბოლო ტურში კი ყაზახეთს მიიღებს.

თბილისი. “დინამო არენა”
საქართველო – ანდორა 3:0
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (31), 2:0 ყაზაიშვილი (84), კანკავა (90+4).
გაძევება: ვიეირა (90).
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (ანანიძე 68), ჩაკვეტაძე (ჭანტურიშვილი 89), კაჭარავა (გვილია 81).
ანდორა: გომესი, მარტინესი, უოლესი, რებესი (პუიოლი 78), ლიმა, ვიეირა, სან ნიკოლასი, ცერვოსი, მ. რუბიო (ჯ. რუბიო 88), ლოვერა (გარსია 44), როდრიგესი.