საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ფინეთს თამაში შემოუტრიალა

0
21
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ფინეთს სძლია 2:1.
სეიანაიოკის 6-ათასიან კოხტა სტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა პირველ ტაიმში ლამაზი თამაში ვერ იხილა, ბევრი იყო ბრძოლა და ნაკლები სახიფათო მომენტები.
ანგარიში მასპინძლებმა მამუჩაშვილის შეცდომის შემდეგ გახსნეს – ჩვენი გუნდის ნახევარმცველის გადაცემა ლაპალაილენმა ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და გოლი გაიტანა.
შესვენების შემდეგ ცეცაძის შეგირდებმა აქტიურად შეუტიეს, თამაში გაიხსნა და უფრო სანახაობრივი გახდა. ჩვენს გუნდს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, 61-ე წუთზე კი ფინეთმა მეორე გოლის გატანის ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, როდესაც შულაიამ ილატუპა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და დაზარელებულის მიერ დარტყმული პენალტი გუგეშაშვილმა მოიგერია.
სამაგიეროდ 75-ე წუთზე კოხრეიძის მონადირებული პენალტი (იენსენმა მოცელა) გამოიყენა მიქელთაძემ.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, მოწინაღმდეგეს კი კონტრშეტევაზე ორი მომენტი ჰქონდა და ორივეჯერ მეკარე გუგეშაშვილი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
86-ე წუთზე კი შეცვლაზე შესვლისთანავე ბუღრიძემ მარჯვენა ფლანგზე მეურვე მოატყუა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
მოკლედ, მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
16 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ბოლო ტურში გდინიაში პოლონეთს ხვდება.

სეიანაიოკი. “ომასპ სტადიონი”
ფინეთი – საქართველო 1:2
გოლები: 1:0 ლაპალაინენი (19), 1:1 მიქელთაძე (75, პენ), 1:2 ბუღრიძე (86).
გამოუყენებელი პენალტი: ილატუპა (61).
ფინეთი: კეტო, ნურმელა, ჰამალაინენი, იენსენი, ვაისანენი, სოისალო, დალსტრიომი, კაირინენი, ლაპალაილენი (ნისკანენი 76), ვერტაინენი (ალა-მულუმაკი 71), ილატუპა (ნისილა 72).
საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, გიორგაძე, მარგველაშვილი, გიორბელიძე, მაჭარაშვილი (ბუღრიძე 86), მამუჩაშვილი (სამურკასოვი 72), შულაია, მიქელთაძე, არველაძე (ქავთარაძე 59), კოხრეიძე.