წინსვლა ფიფას რეიტინგში – საქართველოს ყაზახეთსა და ლატვიასთან მოგება დაუფასდა

0
30

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. სექტემბრის რეიტინგში საქართველო 3 საფეხურით დაწინაურდა და 1254 ქულით ამჟამად 93-ე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის შემოდგომის პირველი თვე წარმატებული გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ორივე სასტარტო მატჩი მოიგო – 6 სექტემბერს სტუმრად ყაზახეთი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, სამი დღის შემდეგ კი თბილისში ლატვიას მოუგო – 1:0. ამან საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 6 ქულასა და ლიდერობასთან ერთად, რეიტინგში 10 ქულა მოუტანა.

რაც შეეხება უეფას ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეების მაჩვენებლებს, რეიტნგში 2-2 საფეხურით დაქვეითდნენ ჩვენგან დამარცხებული ყაზახეთი და ლატვია – ამჟამად პირველი 118-ე ადგილზეა, მეორე – 131-ზე. 2 საფეხურით წინსვლა აქვს ანდორას, რომელიც 128-ე ადგილს ნიკარაგუასთან იყოფს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მორიგ მატჩებს ოქტომბერში ჩაატარებს – 13-ში ანდორას უმასპინძლებს, 16-ში კი ლატვიას ესტუმრება.