რონალდუ გააძევეს, “იუვენტუსმა” მოიგო

0
30

“იუვენტუსის” მაისურათი კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. ტურინული გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის სათამაშოდ ესპანეთში ჩავიდა.
მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ “მესტალიაზე” კრიშტიანუს არ გაუმართლა – უკვე 29-ე წუთზე პორტუგალიელმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.
მარცხენა ფლანგზე ტურინელთა შეტევა ვითარდებოდა. კრიშტიანუ “ვალენსიას” საჯარიმოში პოზიციას არჩევდა, როდესაც მისი მეურვე მურილიო უცაბედად ძირს გაწვა. კრიშტიანუმ ჯეისონს თავზე ხელი მოუთათუნა, რაც პორტუგალიელს არასპორტულ საქციელში ჩაეთვალა. თანაც, ეს ყველაფერი მატჩის მთავარ არბიტრ ფელიქს ბრიხს თავად არ დაუნახავს, ზურგით იდგა და ფაქტის შესახებ გერმანელს ასისტენტმა უკარნახა.
ასე იყო, თუ ისე, გაწბილებულ-ატირებულ კრიშტიანუს მოედნის დატოვება მაინც მოუხდა. აი, ასეთი ხანმოკლე და უიღბლო გამოდგა პორტუგალიელი სუპერსვარსკვლავის დებიუტი “იუვეს” მაისურათი ჩემპიონთა ლიგაში.
კაცნაკლულმა “იუვენტუსმა” კი, რომელიც მანამდეც ფლობდა უპირატესობას, გოლი ტაიმის მიწურულს მაინც შეაგდო. კანსელუმ დაარტყა და ხარიხას მოარტყა. გამოვარდნილი ბურთი ისევ ჟოაუს მიუვიდა, მაგრამ იქვე დანიელ პარეხო ეუხეშა – ფეხი სახეში ამოსცხო და არბიტრმაც პენალტი დანიშნა. ნეტომ მირალემ პიანიჩს დარტყმის მიმართულება კი გამოუცნო, მაგრამ ბურთს ვერ შეწვდა – 0:1.
ტაიმი ახალი განახლებული იყო, როდესაც პიანიჩმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ისევ მურილიომ “იყოჩაღა”, რომელიც ბონუჩის ზურგიდან ეუხეშა. არბიტრმა “ვალენსია” ისევ არ დაინდო, პიანიჩმა კი – ნეტო, რომელსაც პენალტი ისევ მარცხენა კუთხეში დაურტყა – 0:2.

პიანიჩმა, ბონუჩიმ და მატუიდიმ წარმატება ასე იზეიმეს
პიანიჩმა, ბონუჩიმ და მატუიდიმ წარმატება ასე იზეიმეს

მატჩის ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა იყო კიდევ ერთი პენალტი – ოღონდ ვოიცეხ შჩესნის კარში, თუმცა, პოლონელმა მეკარემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე დანიშნული 11-მეტრიანი დანიელ პარეხოს აუღო!